მთავარი » ეკონომიკა » 2017 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 6.2% შეადგინა
2017 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 6.2% შეადგინა
12:14 | 31 ოქტომბერი, 2017

2017 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 6.2% შეადგინა

2017 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.7 პროცენტით გაიზარდა.

სექტემბერში წინა თვესთან შედარებით გაძვირდა ბენზინი და დიზელის საწვავი შესაბამისად 4 და 6 პროცენტით, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას შეიძლება დავუკავშიროთ. სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე გაძვირდა ყველი (9 პროცენტით) და ატამი (104 პროცენტით).

წლიურ ინფლაციაში კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს თამბაქოს პროდუქტებისა და საწვავის გაძვირება, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის მატებითა და ასევე ნავთობის მსოფლიო ფასების გაძვირებით არის გამოწვეული. სექტემბრის წლიური ინფლაციიდან ამ პროდუქტებზე - 2.5 პროცენტული პუნქტი (პ.პ) მოდიოდა, 1.8 პ.პ - სურსათის, ხოლო 1.9 პ.პ - დანარჩენი პროდუქტების გაძვირებაზე.

სექტემბერში წინა წლის სექტემბერთან შედარებით 17 პროცენტით გაძვირდა "ბოსტნეულის" ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტები. 8 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე. ეს ფაქტი შეიძლება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის ზრდას და ამის შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების გარკვეულ შესუსტებას დავუკავშიროთ. "რძე, ყველი და კვერცხის" ქვეჯგუფის ფასებმა 12 პროცენტით მოიმატა. ამ ქვეჯგუფების წვლილი საერთო ინფლაციაში 1.1 პ.პ-ს შეადგენს.

გასული წლის დასაწყისიდან შაქარზე მსოფლიო ფასების ზრდის გამო შაქრის შემცვლელი პროდუქტები მნიშვნელოვნად ძვირდებოდა და მათი წვლილი საერთო ინფლაციაში მაღალი იყო. მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის კლების პარალელურად მიმდინარე წლის დასაწყისიდან შაქრის ინფლაციას კლების ტენდენცია ჰქონდა და საბოლოოდ ივლისში ამოიწურა. სექტემბერში შაქრის ფასის 3 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. თუმცა შაქრის შემცველ პროდუქტებზე ინფლაცია (3.7 პროცენტი) შენარჩუნდა.

დანარჩენი პროდუქტებიდან აღსანიშნავია საჭმლის მომნელებელი სისტემის და სისხლძარღვთა გამაფართოებელ მედიკამენტებზე ფასების მატება შესაბამისად 27 და 22 პროცენტით. ამ ორი მედიკამენტის წვლილი საერთო ინფლაციაში 0.3 პ.პ-ს შეადგენდა.

საწვავზე და სურსათზე შედარებით მაღალი ფასების გამო საბაზო ინფლაციის დონე საერთო ინფლაციასთან შედარებით დაბალია და 4.5 პროცენტს შეადგენს. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის.

ინფლაციის მატება განსაკუთრებით იმპორტირებულ საქონელზე დაფიქსირდა და სექტემბერში 10.4 პროცენტს შეადგენდა. ამის მიზეზი პირველ რიგში კვლავ საწვავისა და სიგარეტის გაძვირებაა. შედარებით დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება შერეული და ადგილობრივი პროდუქტების ინფლაცია.

სექტემბერში მათი დონე შესაბამისად 6.3 და 4.8 პროცენტით განისაზღვრა. ფასები ვაჭრობად საქონელზე 8.2 პროცენტით, ხოლო არავაჭრობადზე 4.4 პროცენტით გაიზარდა.