2016 წელს საქართველოში დაახლოებით 1,4 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტის იმპორტი განხორციელდა

2016 წელს საქართველოში დაახლოებით 1,4 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტის იმპორტი განხორციელდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2016 წელს საქართველოში სულ დაახლოებით 1,4 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტის იმპორტი განხორციელდა. იმპორტის რაოდენობრივი განაწილება შემდეგია: ბენზინი 576,200 ტონა; დიზელი 653,400 ტონა; ბიტუმი 102,200 ტონა; საავიაციო ნავთი 70,700 ტონა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში არის ორი ლიცენზირებული ნავთობ გადამამუშავებელი. 1. შპს "გლობუსი" (თბილისში სადგურ ველის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე ქარხანა), რომელიც ამ ეტაპზე არ ახორციელებს საქმიანობას და 2. შპს "ზდ ნავთობის კომპანია" (სოფელ მარტყოფში, ვაზიანის ტერიტორიაზე მდებარე ქარხანა), რომელიც აწარმოებს გადამუშავებას. ორივე საწარმოზე ლიცენზიები გაიცა 2015 წელს და განისაზღვრა 25 წლის ვადით.

2017 წლის მე-III კვარტლის მდგომარეობით საქართველოში ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად წარმოებულია: ნაფტა 1371.8 ტონა; ბენზინი 1775 ტონა; დიზელი 4426.8 ტონა; მაზუთი 3717.9 ტონა. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართველი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების თანამონაწილეობა მთლიან იმპორტთან მიმართებაში საშუალოდ 2%–ია. შესაბამისად, საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი, 98%–ით დამოკიდებულია უცხოეთიდან შემოტანილ საწვავზე.

ნავთობპროდუქტების შესყიდვის ფასების განსაზღვრის საფუძვლად, კომპანიები იყენებენ S&P Global Platts-ის მიერ (შემდგომში პლატსი) გამოქვეყნებულ ყოველდღიურ პუბლიკაციებს. S&P Global-ის ნაწილი S&P Global Platts-ის სათაო ოფისი ლონდონშია, რომლის დაფარვის არეალი 1,000 თანამშრომლით მოიცავს 5 კონტინენტს. პლატსი უკვე 100 წელზე მეტია ინფორმაციისა და ანალიტიკის დამოუკიდებელი, ლიდერი მომწოდებელი ორგანიზაციაა გლობალური ბაზრებისთვის, რომლის დაფარვის არეალი მოიცავს ენერგეტიკისა და სასაქონლო ბაზრების მიმოხილვას, ანალიზს და საორიენტაციო ფასების დადგენას. პლატსის პუბლიკაციაში, ფასების განსაზღვრის მეთოდოლოგია ემყარება სავაჭრო დღის განმავლობაში შეგროვებულ და გამოქვეყნებულ მასალას, რომლის დამუშავება და გაანალიზება ხდება საბოლოო ფასის შეფასებისა და განსაზღვრისათვის. 

საქართველოს კანონის „ნავთობისა და გაზის შესახებ“ მიხედვით, ნავთობის გადამუშავება არის პროცესების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ნედლი ნავთობის გადამუშავებას ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, ნაფტა, მაზუთი, ბიტუმი, საავიაციო საწვავი) მიღების მიზნით. ამიტომ, ნავთობის როგორც მთავარი ნედლეულის ფასსა და დინამიკას, სხვა თანაბარ პირობებში (თუ არ ხდება კონკრეტულ რეგიონში, გარკვეულ პერიოდში ქარხნების რემონტის მიზნით დახურვა, ლოგისტიკური ბარიერების წარმოქმნა და სხვა პრობლემები), გავლენა აქვს ნავთობპროდუქტების ფასის ცვალებადობაზე.

მაგალითისთვის განვიხილოთ ნავთობის ფასის ცვლილების გავლენა, პლატსის მიერ ნავთობპროდუქტებზე გამოქვეყნებულ ფასებზე. ნავთობის ფასი განისაზღვრება ბარელში. ბარელი დაახლოებით 159 ლიტრია. ერთი ტონა ნავთობის ფასის მისაღებად, ბარელი საშუალოდ მრავლდება 7,35-ზე. ხოლო ფაქტიური კოეფიციენტი, გამოითვლება კონკრეტული ნავთობის ხვედრითი წონის მიხედვით. Bloomberg-ის პლატფორმის მონაცემებით, 2017 წლის 1-24 ოქტომბრის მინიმალური ღირებულება ბრენტის ტიპის ნავთობზე 55,62$/ბარელი (408.8$/ტონა), ხოლო მაქსიმალური 58,40$/ბარელი (429,24/ტონა) დაფიქსირდა. საშუალოდ 5%-იანი ცვლილება. იხ. შემდეგი სურათი.

ხოლო პლატსის მიხედვით (S&P Global Platts European Marketscan, European Products ($/mt), FOB Med Italy)

2017 წლის 1-24 ოქტომბრის მონაცემებით, ნავთობპროდუქტების ფასები შემდეგნაირად დაფიქსირდა. მინიმალური: დიზელზე (10ppm ULSD) 505$/ტონა; ბენზინზე (Prem Unl 10ppm) 541$/ტონა, ხოლო მაქსიმალური: დიზელზე (10ppm ULSD) 540$/ტონა; ბენზინზე (Prem Unl 10ppm) 565$/ტონა. დიზელზე საშუალოდ 7%-იანი ცვლილება, ხოლო ბენზინზე საშუალოდ 4,5%–იანი ცვლილება.

საქართველოსთვის, საწვავის შესყიდვის გეოგრაფია ძირითადად შემოსაზღვრულია შავი, კასპიის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებით. კერძოდ კი რუმინეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბულგარეთის, თურქმენეთის, საბერძნეთის და იტალიის ქარხნებით. ყაზახეთიდან ნავთობპროდუქტების (ბენზინის, დიზელის და საავიაციო საწვავის) ექსპორტი წლებია შეზღუდულია, რადგან დღემდე ვერ ხერხდებოდა შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება. მაგრამ, გასათვალისწინებელია ყახაზეთის სამი სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზაცია, რომელიც გაზრდის ნავთობის გადამუშავების მოცულობასა და სიღრმეს.

შესაბამისად, გაიზრდება ნავთობპროდუქტების წარმოების მოცულობაც. ამიტომ, არსებობს იმის მოლოდინი, რომ 2018 წლიდან, ყაზახეთი მოხსნის ბენზინის, დიზელისა და ავიასაწვავის ექსპორტის შეზღუდვას, რაც საქართველოსთვის ალტერნატიული შესყიდვის შესაძლებლობას იძლევა, თუ შესაბამისი სატრანსპორტო სატარიფო და გეოპოლიტიკა, მისცემს ქართულ კომპანიებს ამის საშუალებას.

ნავთობპროდუქტების ხარისხობრივი მაჩვენებლები რეგულირდება საქართველოს მთავრობის ”საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ” და ”დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” დადგენილებების შესაბამისად. 2017 წლიდან, საწვავის ხარისხობრივი მოთხოვნები საკმაოდ გამკაცრდა, რაც მხოლოდ ევროპული ხარისხის საწვავის იმპორტის საშუალებას აძლევს ქართველ იმპორტიორებს.

იმისათვის, რომ განისაზღროს საქართველოში ჩამოტანილი საწვავის ფასწარმოქმნის ეკონომიკა, შევიმუშავე შემდეგი ალგორითმი:

ზემოთ აღნიშნულ ფასწარმოქმნის ალგორითმში, გამოყენებული საბაზისო ფასი, აღებულია პლატსის ევროპული საწვავის ფასების, დიზელის (10ppm ULSD) და ბენზინის (Prem Unl 10ppm) 24 ოქტომბრის პუბლიკაციის საფუძველზე. ასევე ვითვალისწინებთ, რომ საქართველოში იმპორტის ძირადი წილი რეგულარის ტიპის ბენზინზე (Gasoline RON-92) და ევრო დიზელზე (ULSD 10PPM) მოდის. ხოლო ბენზინების პრემიუმ RON-95 და სუპერის RON-98 შემთხვევაში, დამატებითი განხილვისათვის 2 ფუნქტში მოცემულ პრემიას უნდა დაემატოს 35-40$/ტონა 95 ოქტანობის პრემიუმ ბენზინზე, ხოლო 70-75$/ტონა 98 ოქტანობის სუპერ ბენზინზე.

შესაბამისად, ალგორითმის მიხედვით სავარაუდო მოგება, რომელსაც ბრენდირებული და არაბრენდირებული აგს-ის ოპერატორები ღებულობენ ძირითადი საწვავების რეალიზაციიდან არის 14-18 თეთრი 1 ლიტრზე.

ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზემოთ აღნიშნული მარჟა (სავარაუდო მოგება დაბეგვრამდე) არ შეიცავს დანახარჯებს და ფინანსურ ზარალს, რომელიც საწვავის ფასის ცვალებადობისგან არის გამოწვეული, ან რისკების დაზღვევა (ჰეჯირება) სჭირდება.

კომპანიებს, საკმაოდ რთულ ვითარებას, ვალუტის არასტაბილური გაცვლითი კურსი უქმნის. ვალუტის არასტაბილური კურსით გამოწვეული ფინანსური ზარალი რომ გავიგოთ, განვიხილოთ (2017 წლის ოქტომბრის რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით) შემდეგი მაგალითი:

ა) ქართველმა იმპორტიორმა შეიძინა 1000 ტონა დიზელი (1,190,000 ლიტრი);

ბ) ფასი 570$/ტონა პორტის რეზერვუარებში გადაზიდვის და სხვა სერვისების გარეშე;

გ) 3 ოქტომბრის, ეროვნული ბანკის კურსი 2,4764;

დ) აქციზი (400 ლარი ტონა);

ე) დღგ (18%);

ვ) 1190 ლიტრი (1 ტონაში);

ზ) ზემოთ აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, საბითუმო სარეალიზაციო ფასის თვითღირებულებამ შეადგინა (((ა x ბ) + გ)) + დ))) / ე = 1,80 ლარი ერთი ლიტრი. თ) საბითუმო რეალიზაციის მოდელიდან გამომდინარე, იმპორტიორმა 2 თეთრიანი ფასნამატით 1,82 ლარი ერთი ლიტრი, მოახდინა აღნიშნული საწვავის რეალიზაცია 3 ოქტომბერს, 24 დღიანი კონსიგნაციით (საკრედიტო გადახდის პირობით). 

ი) სარეალიზაციო ფასი 2,165,800 ლარი (874,576$ 3 ოქტ. ერ. კურ.);  

კ) თვითღირებულება 2,142,000 ლარი (864,965$ 3 ოქტ. ერ. კურ.);  

ლ) ხელშეკრულების პირობის თანახმად, მყიდველმა თანხა 26 ოქტომბერს გადაიხადა. ეროვნული ბანკის კურსით 2,5317. შესაბამისად მიღებული თანხის ეკვივალენტი 855,472 აშშ დოლარია (2,165,800 ლარი / 2,5317 26 ოქტ. ერ. კურ); 

მ) მიღებულმა ზარალმა 9,493 აშშ დოლარი შეადგინა (ი - თ);

ზემოთ აღნიშნული ანალიზის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს და საცალო მოვაჭრეებს არა აქვთ 70 თეთრიანი ფასნამატი, რომელიც მართლაც წარმოუდგენელია და ხშირად პოპულისტური ან პროპაგანდისტული განცხადებების საბაბი ხდება. ხოლო ის სავარაუდო მარჟა, რომელიც საბითუმო ან საცალო საწვავის რეალოზატორებს აქვთ, დაბეგვრამდე მოგებისთვის გათვალისწინებული, ხშირად ვალუტის კურსის არასტაბილურობის გამო სრულად, ან გაცილებით მეტად იკარგება. შესაბამისად, თუ მოკლე პერიოდში საბითუმო საწვავის რეალიზატორი ღებულობს მოგებას, გრძელვადიან პერიოდში აღნიშნული მოგება და შესაძლოა უფრო მეტიც, იკარგება ვალუტის კურსის არასტაბილურობისგან გამოწვეული ზარალის გამო. მოგებული მხოლოდ ვალუტის გადამცვლელი ორგანიზაციები და ფინანსური ინსტიტუტები რჩებიან, რომლებიც ბოლო წლებია ზემოგებაზე საუბრობენ. ამიტომ კარგი იქნება, თუ ინფლაცია პროგნოზირებადი იქნება და შემცირდება სპრედი (სხვაობა ვალუტის ყიდვასა და გაყიდვას შორის), იმისათვის, რომ შემცირდეს კონვერტაციის შედეგად მიღებული ზარალი.

ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ასეთი არასტაბილური მდგომარეობა უკვე სამი წელია გრძელდება, როდესაც ვალუტის არაპროგნოზირებადი ცვალებადობის გამო, იმპორტიორები სოლიდურ ზარალს ღებულობენ, მაგრამ რატომღაც აქტიურად არ განიხილება ეს საკითხი. აუცილებელია წამოიჭრას პრობლემები და მოიძებნოს გადაჭრის გზები, იმისათვის რომ გაუმჯობესდეს იმპორტიორების ფინანსური მდგომარეობა. არსებულ ვითარებაში, საუბარი ესტონური საგადასახადო მოდელის ბიზნესის მხარდაჭერაზე არასწორია. შესაძლო რეინვესტირების განხორციელების მიზნით, მოგების გადასახადის მოხსნის შედეგად გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა - ნულის ტოლია, თუ ბიზნესმა მოგება ვერ მიიღო. ანალოგიური ვითარება აქვთ ნებისმიერ სხვა სასაქონლო ნომენკლატურის იმპორტიორებს. ზემოთ აღნიშნული ანალიზის საფუძველზე, საქართველოში არსებული ბიზნესის რეალური მდგომარეობის სურათი წარმოგვიდგება, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულების მასშტაბებს.

ეკონომისტი ვლადიმერ პაპავა აღნიშნავს, რომ ინფლაციის თარგეთირების დღევანდელი მექანიზმი დრომოჭმულია. განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომელთათვის იმპორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ინფლაციური თარგეთირება (Target, E. მიზანი), საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, წინასწარ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი დონეა, რომელიც 4%-ით იყო განსაზღვრული. მიუხედავად ამისა, დღეს რეალურად გვაქვს 6,2%, ამიტომ თუ თარგეთირების დღევანდელი მექანიზმი არ მუშაობს, უნდა მოხდეს ცვლილება უფრო კომპლექსური მიდგომის გზით, ინფლაციური თარგეთირების კომპონენტების გაფართოებით და ასევე იმ კომპონენტების გათვალისწინებით, რომლებიც მნიშვნელოვანია შეჭირვებული ოჯახებისთვის.

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

23 წუთის წინ

რეგულარული რეისები მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს...