მთავარი » ეკონომიკა » გიორგი რამიშვილი CNBC-ის ეთერში ბათუმში "სილქ თაუერის" პროექტს აანონსებს
გიორგი რამიშვილი CNBC-ის ეთერში ბათუმში "სილქ თაუერის" პროექტს აანონსებს
17:40 | 25 ოქტომბერი, 2017

გიორგი რამიშვილი CNBC-ის ეთერში ბათუმში "სილქ თაუერის" პროექტს აანონსებს

20 ოქტომბერს სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი, ამერიკული CNBC-ის მაღალრეიტინგული ღია ეთერის სტუმარი იყო, CNBC-ის მთავარი საერთაშორისო კორესპონდენტის და გადაცემა "ფაუერ ლანჩის" წამყვანის, მიშელ კარუზო-კაბრერას, მიწვევით.

გადაცემის პროფილია ეკონომიკა, ბაზრები, პოლიტიკა, უძრავი ქონება, ტექნოლოგიები და ა.შ. "ფაუერ ლანჩი" წარუდგენს მაყურებელს CNBC-ის ბიზნესის ახალი ამბების სრულ სპექტრს და მის სტუმრებს შორის არიან მსოფლიოს ბიზნესის და პოლიტიკის ლიდერები (www.cnbc.com/power-lunch-cnbc).

რამიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია ააშენებს ბათუმში ცათამბჯენს "სილქ თაუერის" სახელწოდებით, იმ არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით, რომელიც დონალდ ტრამპთან და ტრამპის ორგანიზაციასთან იყო შეთანხმებული. პროექტის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარია.

პროექტის პარტნიორია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომელთანაც გაფორმდა სავალდებულო ძალის მქონე მემორანდუმი.

ტრამპის ორგანიზაციასთან სალიცენზიო ხელშეკრულების შეწყვეტა 2017 წლის დასაწყისში მხარეთა შორის შეთანხმებით მოხდა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად იქნა არჩეული.

"ეს იყო ახალი რეალობა. ბატონი ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ეს უკვე განსხვავებული სიტუაცია იყო და ჩვენ ერთობლივად, ორივე მხარის კეთილი ნებით, შევთანხმდით ამ ხელშეკრულების შეწყვეტაზე. მჯერა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი შენობის თემა, ჩემთვის ეს იყო უფრო დიდი პასუხისმგებლობა, ამერიკის და საქართველოს ურთიერთობები, რაც, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ერთი შენობა.

ახლა დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვხარჯავთ დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარს და ვაშენებთ ცათამბჯენს, სილქ თაუერის სახელწოდებით, ბატონი დონალდ ტრამპის და ჩემი ერთობლივი ხედვით, ზუსტად იმ არქიტექტურული კონცეფციით, რომელიც დამტკიცებული იყო ბატონი ტრამპის და ტრამპის ორგანიზაციის მიერ 2012 წელს მისი საქართველოში ვიზიტის დროს, და მე მჯერა, რომ  ეს სუპერ-წარმატებული პროექტი იქნება", - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.