მთავარი » ბიზნესი » 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 49.35%-ით გაიზარდა
2017 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 49.35%-ით  გაიზარდა
15:49 | 10 ოქტომბერი, 2017

2017 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 49.35%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 3 258 382 მგზავრი, რაც 49.35%-ით (1 076 699 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (2 181 683 მგზავრი).

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

2017 წლის 9 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 714 629 მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ 2 440 067 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (1 725 438 მგზავრი). შესაბამისად მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 41.42% შეადგინა;

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 110.31%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 9 თვეში აეროპორტი 182 588 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 383 996 მგზავრი შეადგინა - 201 408 მგზავრით მეტი;

გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 428 314 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 58.31% ით (157 762 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (270 552 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში 6 005 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 900 მგზავრით, შესაბამისად 93.40%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 9 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (3 105). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე 1 517 მგზავრს მოემსახურა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ  მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 4 725-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 16 215, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 13 696, ხოლო ჩარტერების 2 519. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 41.12%-ს შეადგენს.

14.42%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 9 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 95 288, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 109 032 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 26 458, 97 ტონა შეადგინა, რაც 4 207,75 ტონით, შესაბამისად, 18.91%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.