მთავარი » ეკონომიკა » აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ავიაციის გამოყენებით გრძელდება
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ავიაციის გამოყენებით გრძელდება
15:26 | 12 სექტემბერი, 2017

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ავიაციის გამოყენებით გრძელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში ავიაცია ჩაერთვება. ავიაციის მეშვეობით  სამეგრელოს  და გურიის რეგიონებში   20 ათასამდე   ჰექტარი ფართობის   სასოფლო- სამეურნეო მასივების დამუშავებაა დაგეგმილი.

ხვალ, 13 სექტემბერს, 11 საათზე დაიწყება სოფელ ანჟელის ტერიტორიაზე არსებული დიდი მასივების შეწამვლა. ღონისძიებები საავიაციო შეწამვლითი სამუშაოების წესების სრული დაცვით ჩატარდება. ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების  განხორცილებისას, აუცილებელია  უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა, რის შესახებაც საინფორმაციო საშუალებებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით წინასწარ მოხდება მოსახლეობის ინფორმირება. მოსახლეობა უნდა  მოერიდოს და მოარიდოს პირუტყვი იმ ტერიტორიას, სადაც ქიმიური წამლობა მიმდინარეობს.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იმ სტრატეგიის შესაბამისად ტარდება, რომელიც უცხოელი  ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. სამოქმედო გეგმის თანახმად, სოფლის  მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და  დასახლებული პუნქტების მიმდებარედ  არსებულ ნარგავებში   ივნისიდან ატარებს. თუმცა მას შემდეგ, რაც მონიტორინგის შედეგებით,  მავნებლის პოპულაციის ზრდა    დიდ მასივებში  აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის  სტრატეგიის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ავიაციის გამოყენება.

პარალელურად, იქ სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია,  მავნებლის წინააღმდეგ  შეწამვლითი ღონისძიებები, რეგიონებში მობილიზებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით,  სამანქანე აგრეგატებით  გაგრძელდება.

ამ დროისთვის მავნებლის საწინააღმდეგოდ 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული.