გიორგი დონაძე: შავი ზღვის ფოლკლორის ფესტივალზე მოსული მაყურებელი დიდი სანახაობის მომსწრე გახდება

გიორგი დონაძე: შავი ზღვის ფოლკლორის ფესტივალზე მოსული მაყურებელი დიდი სანახაობის მომსწრე გახდება

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად  შავიზღვისპირეთში ჩატარდება და  წელს, გურიასთან ერთად  აჭარაც უმასპინძლებს. კონცერტები 31 აგვისტოს და  1 სექტემბერს, ბათუმსა და ურეკში გაიმართება, ხოლო 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით "Black Sea Arena"-ზე დასრულდება.  ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია,  Black Sea Arena-ს, "Check in Georgia"-სა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

როგორი იქნება წლევანდელი ფესტივალი, რომელ ქვეყნებს უმასპინძლებს შავიზღვისპირეთი, რომელი ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან საქართველოდან, რა სიურპრიზი ელის გალა კონცერტზე მისულ მსმენელს, ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე გვესაუბრება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე:

- შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი შარშან დავაფუძნეთ. ასეთი გადაწყვეტილება  ფოლკლორის სიყვარულმა  განაპირობა. საქართველო ფოლკლორული კულტურის ქვეყანაა. ქართული სიმღერა და ცეკვა მსოფლიოში ცნობილია. ჩვენი ფოლკლორული ჯგუფები უამრავ კონცერტს მართავენ უცხოეთის სცენებზე, სურვილი გაგვიჩნდა ქართული სცენა სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორისთვისაც დაგვეთმო და აქ, ჩვენთან მოგვეწვია ისინი. პირველი ფესტივალი შარშან გაიმართა და საკმაოდ  დიდი ინტერესი გამოიწვია. 24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე - ეს უკვე დიდი შედეგია. დასაწყისისთვის ძალიან კარგი იყო. შარშან ვიმედოვნებდით, რომ აღნიშნული ფესტივალი შემდგომ წლებში უფრო მრავალფეროვანი იქნებოდა და მას კიდევ უფრო მეტი ქვეყანა ესტუმრებოდა. მოლოდინმა გაამართლა. მათი რაოდენობა წელს კიდევ უფრო გაიზარდა. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ფესტივალი ყოველ წელს უფრო დახვეწილი და უფრო ძლიერი გახდეს. ფესტივალი მშვენივრად დაიწყო და მშვენივრად გაგრძელდება საუკუნეები.

- ცნობილია, რომ წელს ფესტივალი 7 ქვეყნის ფოლკლორს გააერთიანებს...

- წელს ფესტივალს გურიასთან ერთად აჭარაც უმასპინძლებს და კონცერტები ბათუმსა და ურეკში გაიმართება. ფესტივალი 7 ქვეყნის ფოლკლორს გააერთიანებს, რომელიც 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით „Black Sea Arena“ - ზე დასრულდება.  მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.  წელს იქნება მეტი მონაწილე ქვეყანა, მეტი ფოლკლორი, მეტი მრავალფეროვნება!

- შარშან ფესტივალის გალა კონცერტზე სპეციალური სტუმრის სტატუსით ლონდონის გაერთიანებული გოსპელის გუნდი იმყოფებოდა, რომელიც მსმენელების წინაშე საკუთარი პროგრამით წარდგნენ, წელს მაყურებელი მსგავსი სანახაობის მომსწრე თუ გახდება?

- წელს  ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან, La Moneta&Flamenco - ფლამენკოს მოცეკვავე ჯადოქრები ესპანეთიდან, რომლებიც სპეციალური სტუმრის სტატუსით მაყურებლის წინაშე ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს წარსდგებიან. გალა კონცერტზე მათ 35 წუთი დაეთმობათ.  მნიშვნელოვანია, რომ  ფესტივალში მონაწილე ყველა ქვეყანა გამოირჩევა თავისი ფოლკლორით, ძალიან დიდ ყურადღება დავუთმეთ ანსამბლების შერჩევას და პროგრამის მრავალფეროვნებას. ვფიქრობთ, რომ წელს მაყურებელი დიდი სანახაობის მომსწრე გახდება. 

- რატომ მაინცდამაინც ეს ჯგუფი?

- La Moneta&Flamenco შემოგვთავაზა ჩვენმა მეგობარმა, ცნობილმა მუსიკოსმა პოლო ვალეხომ,  რომელიც ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა და მასტერკლასი ჩაუტარა ქართველ ლოტბარებს. „ლა მონეტად“ წოდებული ფუენსანტა ესპანელი ხელოვანია, რომელიც ფლამენკოს ბავშვობიდან ცეკვავს და წარმატებასაც ადრეული ასაკიდანვე მიაღწია. სამბრას და ტაბლაოს თეატრების გამორჩეულ არტისტს მიღებული აქვს უამრავი ფოლკლორული ჯილდო ესპანეთში და წამყვან მოცეკვავედაა აღიარებული. ზოგჯერ "ლა მონეტას“ წარმოდგენებში თანამედროვე მიდგომები შეინიშნება, თუმცა მათ მიღმა კარგად გააზრებული და ნამდვილად ექსპრესიული ფლამენკოს მოძრაობები ჩანს. ქართველებისთვისაც ძალიან ახლოს არის მათი  ცეკვა  და სიმღერა. მაყურებელს დიდი სიურპრიზი ელის - ესპანური ჯგუფი  ანსამბლ რუსთავთან ერთად შეასრულებს ერთ ნომერს, რომელიც ჯერჯერობით საიდუმლოა. 

- ფესტივალს, გარდა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისა, რა დატვირთვა გააჩნია, რატომ ზაფხული და რატომ ზღვისპირეთი?

- ქართულ ტრადიციულ ხელოვნებას დიდი მომავალი აქვს, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება. მსგავსი ტიპის ფესტივალები პირდაპირ მოქმედებს ანსამბლების საშემსრულებლო დონეზე და მათ სტიმული ეძლევათ. რაც შეეხება მსმენელებს, შარშან საოცარი ოვაციები მოჰყვა თითოეულ ნომერს, შემოქმედებით ჯგუფსა თუ სოლო შემსრულებელს. ფესტივალი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას. ზოგადად ფოლკლორის  სფერო ქართველებისთვის უფრო პოპულარული გახდება. გარდა ამისა, უცხოურ ჯგუფებს შესაძლებლობა და ინტერესი გაუჩნდებათ კონცეერტები საქართველოში ჩაატარონ, ქართულ ანსამბლებს დაუმეგობრდენ. ზღვისპირეთი, განსაკუთრებით ზაფხულში, უფრო მეტ ტურისტს სტუმრობს. ამასთან, ფესტივალისთვის "Black Sea Arena"  იდეალური სივრცეა თავისი უზარმაზარი სცენით, ხარისხიანი განათებით, ეკრანებითა და გახმოვანებით. ეს მცირედი ჩამონათვალია, რომელიც საერთაშორისო ფესტივალებს ამართლებს.  ამიტომაც ჩვენი დიდი სურვილია, რომ ფესტივალი გახდეს ტრადიციული. ჩვენი მხრიდან მაყურებელს ვპირდებით, რომ ფესტივალი ყოველ წელს უფრო დახვეწილი და ძლიერი იქნება. ყველა კულტურული ღონისძიება თითქმის თბილისში ხდება, ამიტომაც ავირჩიეთ ზაფხული და ზღვისპირეთი...

- წელს ფესტივალს გურიასთან ერთად აჭარაც მასპინძლობს....

- უნდა აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელიც განაპირობებს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალისთვის ტრადიციული სახის მიღებას. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში უკვე მეორე წელია მხარში უდგას „Black Sea Arena“, კულტურის სამინისტრო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და უკვე მეორე წელია იმართება Check in Georgia- ფარგლებში. ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია რომ შარშანდელთან შედარებით წლევანდელი ფესტივალი უფრო დახვეწილია. მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალს დიპლომატიურმა კორპუსმა ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადადა მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთის, პოლონეთისა  და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზარდა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც. შარშან, ფესტივალს მხოლოდ გურია მასპინძლობდა, წელს დაემატა აჭარაც, სამომავლოდ შესაძლოა კონცერტები გაიმართოს სამეგროლოში და ასევე სხვა ქალაქებშიც. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ქვეყანას და არა მხოლოდ შავი ზღვის აუზის ქვეყნებს. სამომავლოდ, ჩვენი დიდი სურვილია აფრიკულმა ფოლკლორულმა შესმრულებლებმა მიიღონ მონაწილეობა. 

- ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ანალოგიური ფესტივალები?

- ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა უდიდესი საგანძური გააჩნია - ეს არის უნიკალური და მრავალფეროვანი ქართული კულტურა და ფოლკლორი. ანალოგიური ფესტივალები ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის კუთხით. არ  მეგულება ადამიანი,  ერთხელ აქ ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, მოუსმინოს ქართულ სიმღერას და მისი მეორედ ნახვის სურვილი არ გაუჩნდეს. ეს კი ეფექტურია ეკონომიური კუთხითაც.  წარმოიდგინეთ, ფესტივალს 230 მონაწილე ჰყავს,  მათ მიერ გაწეული სასტუმროს თუ კვების ხარჯი,  ჩვენს ქვეყანაში რჩება. სირცხვილია, რომ საქართველოში ანალოგიური ფესტივალი არ ჩატარებულა. არ ჩატარებულა, დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. 

- მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე რეპეტიციას გაივლის „Black Sea Arena“ - ზე...

- ადგილზე რამდენჯერმე ჩავედით, ყველაფერი შევისწავლეთ - ხმა, განათება, სცენა, დარბაზიდან ხედვა და ა.შ. ყველა მონაწილე რეპეტიციას გავილის ხმის და  კონცერტის რეჟისორებთან ერთად. მაყურებელს ვპირდებით, რომ არენაზე სრულფასოვანი კონცერტი გამოვა და მის წარმატებით ჩატარებაში თავის წვლილს რეჟისურაც შეიტანს. მნიშვნელოვანია, რომ სცენარზე რუსთაველის თეატრის რეჟისორი ნიკა შველიძე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს. 

- რა ადგილს დაიკავებს საერთაშორისო ფესტივალზე ქართული ფოლკლორი?

- ძალიან კარგად იქნება წარმოჩენილი ქართული ფოლკლორი, დასკვნით ღონისძიებაში, "Black Sea Arena"-ზე, მონაწილეობას მიიღებენ   ანსაბლები "რუსთავი" და "ბასიანი". კონცერტი შესვენების გარეშე გაგრძლედება საათი და 40 წუთი, გამოვიჩინეთ ზომიერება და არ გადავტვირთეთ. მასში 230 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, ერთმანეთს შეენაცვლებიან ქართველები, ესპანელები, იტალიელები, უკრაინელები, თურქები, სომხები და ა.შ. ერთი კონცერტის განმავლობაში ადამიანი მოისმენს უნიკალურ ნიმუშებს მსოფლიო ფოლკლორიდან. მიუხედავად იმისა რომ ამ დარბაზში  ძალიან ბევრი კონცერტი ჩატარდა, ფესტივალი იქნება  გამორჩეული - ის იქნება მრავალფეროვანი, სადაც რამდენიმე ქვეყნის ფოლკლორული კულტურა იქნება გაერთიანებული. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის უნიკალურობა კონცერტის, რაც საინტერესოსაც ხდის.

- ბილეთის ფასი 5 ლარიდან იწყება, კონცერტის ხიბლიც ამაშია, რომ ის ყველასთავის ხელმისაწვდომია...

- ფესტივალის მთავარი მიზანია ხალხი დაესწროს და მოუსმინოს. მინდა ეს სანახაობა ყველამ ნახოს, ადგილობრივებმაც და სტუმრებმაც. მოვიდეს  მსმენელი ფოთიდან, ურეკიდან, ქობულეთიდან, ბათუმიდან... ეს არის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ანუ სახალხო ფესტივალი. ეს არ არის კონკრეტული მსმენელისთვის განკუთვნილი, ფოლკლორს უსმენს ელტონ ჯონის მსმენელიც და ბრეგოვიჩის თაყვანისმცემელიც. 

- თქვენ აღნიშნეთ, რომ რეჟისურას დაუთმეთ ყველაზე დიდი ყურადღება, ანუ რას გვთავაზობთ განსხვავებულს რაც შარშან არ იყო?

- შარშან იყო პირველი, შესაბამისად, გაგვეპარა რამდენიმე ხარვეზი, წელს ეს ხარვეზები დაძლეულია და ყველა დეტალი გათვალისწინებული.  მთავარი ყურადღება გადატანილი იქნება დიდ ეკრანებზე, ეს დარბაზი ძალიან დიდია და ის ბარიერი რაც მაყურებელსა და სცენას შორის არსებობს, გვინდა შევამციროთ და მსმენელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. ამისთვის სცენა ოდნავ დავაპატარავეთ, დავამატეთ რამდენიმე დიდი ეკრანი, რაც ყველას მისცემს შესაძლებლობას ახლოხედვით ადევნოს თვალი კონცერტს. 

- ფესტივალისგან, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

- სიმართლე გითხრათ ძალიან ბევრს ველი. ვიმედოვნებ, რომ ყველა მონაწილე, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი იქნება კმაყოფილი და მოგვცემს სტიმულს რომ შემდეგი ფესტივალი უფრო ძლიერად, უფრო დიდი შემართებით გავაკეთოთ. ველი, რომ სამივე კონცერტი ბათუმში, ურეკსა და შეკვეთილში იქნება ძალიან მასშტაბური და ამაღელვებელი.  

- თუ გაგიჩნდათ სამომავლოდ რაღაც განსხვავებულის გაკეთების სურვილი, რაც წელს ვერ მოასწარით?

- მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ ფესტივალი 3 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდეს. კონცერტები გაიმართოს არამხოლოდ "Black Sea Arena"-ზე, არამედ სხვადასხვა რეგიონში და კიდევ,  უფრო მეტი  ანსამბლი და შემსრულებელი სტუმრობდეს.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...