მთავარი » ეკონომიკა » რა მოხდა ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე: "არემჯი გოლდის" პასუხისმგებლობა არ იკვეთება
რა მოხდა ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე: "არემჯი გოლდის" პასუხისმგებლობა არ იკვეთება
18:14 | 28 აგვისტო, 2017

რა მოხდა ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე: "არემჯი გოლდის" პასუხისმგებლობა არ იკვეთება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება სასულიერო პირებმა თავად მიიღეს, კომპანია "არემჯი გოლდმა" კი მათ მძიმე ტექნიკა კეთილი ნების საფუძველზე ათხოვა.
 
როგორც "კვირასთან" საუბარში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ განაცხადა, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კომპანია "არემჯი გოლდის" პასუხისმგებლობა არ იკვეთება.
„სასულიერო პირებმა ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ერთ-ერთი მონაკვეთის კეთილმოწყობა თავად გადაწყვიტეს, ამის შესახებ სააგენტო საქმის კურსში არ ყოფილა.
 
მათ "არემჯი გოლდს" სთხოვეს მძიმე ტექნიკა, "არემჯი გოლდმა" კეთილი ნების საფუძველზე თანხმობა გამოთქვა, ისე, რომ არანაირი მიზნობრიობა სამუშაოების წარმოებისა მას არჰქონია. საქმე ისაა, რომ სასულიერო პირებს მართებდათ, სააგენტოსგან მოეთხოვათ ამ ტერიტორიაზე ფიზიკური სამუშაოების განხორციელების ნებართვა, რაც არ მომხდარა და თვითნებურად განახორციელეს ეს სამუშაოები. რაც შეეხება "არემჯი გოლდს", კანონმდებლობის თანახმად, კომპანიის პასუხისმგებლობა არ იკვეთება, რამდენადაც მათ ეს კეთილი ნების საფუძველზე განახორციელეს, ინიციატორები იყვნენ სასულიერო პირები და თავადაც ამბობენ, რომ მათი ქმედება წინდაუხედავი იყო", - აღნიშნა ბექა ბარამიძემ.
 
რაც შეეხება დაზიანებას, ბექა ბარამიძის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული შეფასების გაკეთება შეუძლებელია. მისი განცხადებით, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის წევრები ხვალ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან და სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი კონკრეტულ შეფასების გაკეთება. „რაც შეეხება დაზიანებას, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ხვალ დილიდან ჩვენი მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტები მიემგზავრებიან ფიტარეთში და ადგილზე შეისწავლიან შესაძლო დაზიანების ხარისხს", - აღნიშა ბექა ბარამიძემ.
 
"არემჯი გოლდს" რომ კონკრეტული ტერიტორიის კერძო ინტერესები არ აქვს, ამას ადასტურებს ფიტარეთის მონასტერში მოღვაწე მამა ექვთიმეც. ის სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე კომპანია "არემჯი გოლდის" კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა მონასტრის გალავანი. როგორც სასულიერო პირი განმარტავს, მან კომპანიას თავად სთხოვა, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ეკალბარდებისგან გაწმენდის მიზნით, ტრაქტორით დახმარება და თანხმობა მიიღო. საკითხზე კომენტარი გააკეთა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმაც.
 
მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ფიტარეთში სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მზად იქნება დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შესახებ. მიხეილ გიორგაძე მედიას სთხოვს, რომ ფიტარეთთან დაკავშირებით არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
 
"იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას, პირველ რიგში, არ მივაწოდოთ არასწორი ინფორმაცია, ძალიან დიდი თხოვნა და რჩევა გახლავთ, რომ გადაამოწმოთ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, საიდანაც თქვენ მიიღებთ უტყუარ და სწორ ინფორმაციას",- აღნიშნა მინისტრმა. მიხეილ გიორგაძის თქმით, ფიტარეთში ვითარება უცვლელია. „ფიტარეთში ვითარება უცვლელია, ვგულისხმობ იმას, რომ მოპოვება, როგორც ასეთი, თუ დაიწყება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მზად იქნება სრულყოფილი დასკვნა გარემოზე ზეგავლენის შესახებ, რომელსაც დაეთანხმება სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მანამდე არანაირ სამუშაოზე, უბრალოდ, საუბარი არ შეიძლება იყოს", - განაცხადა გიორგაძემ.