IFC-ისა და gwp-ს პარტნიორობა წყლისა და ენერგორესურსების დაზოგვას შეუწყობს ხელს

IFC-ისა და gwp-ს პარტნიორობა წყლისა და ენერგორესურსების დაზოგვას შეუწყობს ხელს

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, და წყალმომარაგების წამყვანმა კომპანიამ საქართველოში "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" (gwp), ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც რესურსების დაზოგვას, ენერგოეფექტურობის ამაღლებას და გარემოს დაცვას  ისახავს მიზნად, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

IFC-ის რეკომენდაციით, gwp ენერგომოხმარების მაჩვენებლებს მსოფლიოს სხვა კომპანიების მაჩვენებლებს შეადარებს და წყლისა  და ენერგიის ხარჯის შემცირების ღონისძიებებს დასახავს. ეს კი, თავის მხრივ,  კომპანიის სამუშაო პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ეს პირველი ხელშეკრულებაა, რომელსაც IFC-მ ქართულ კომპანიასთან ამ მიმართულებით მოაწერა ხელი. IFC-ის საკონსულტაციო პროგრამა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე მუშაობს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილებების შერბილებას, გარემოს დაცვას და კომპანიების საქმიანობის გაუმჯობესებას.

"კომპანია gwp მუდმივად ზრუნავს  გარემოზე და სამუშაო პროცესის ეფექტიანობის გაზრდაზე. IFC-ის მხარდაჭერით გავატარებთ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს  ენერგომოხმარების  შემცირებას, სტაბილური წყალმომარაგებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას", - აცხადებს gwp-ის გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე.

საქართველოს მიზანია 2030 წლისთვის ენერგომოხმარება 17%-ით შემცირდეს, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) საშუალოდ 5%-იანი ზრდის პარალელურად. ამ მიზნის მისაღწევად  ეკონომიკის ყველა დარგში ენერგოეფექტურობის  გაუმჯობესებაა საჭირო.

IFC-ის აღნიშნული საკონსულტაციო პროგრამა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეფექტიანობის სფეროში ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს. მიზანი კომპანიების და მუნიციპალიტეტების პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა.

IFC-ის გამოცდილება, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის წყალმომარაგების 50-ზე მეტ კომპანიასთან მუშაობის შედეგად დაგროვდა, ადასტურებს, რომ ენერგოეფექტურობას სარგებელი მოაქვს ყველასთვის - დადებითად აისახება როგორც ბიზნესზე, ასევე გარემოზე. შედეგად, შესაძლებელია ენერგომოხმარების  დაახლოებით 30%-ით და წყლის დანაკარგის  80%-ით შემცირება", - აღნიშნა IFC-ის გლობალური საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა მილაგროს რივას საიზმა.

კლიმატის ცვლილებებზე რეაგირება  IFC-ისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია. დღეისათვის IFC-მ 15.3 მლრდ-ის აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა მსოფლიოში ენერგიის განახლებადი წყაროების, ენერგოეფექტურობის, კლიმატის ცვლილებებზე მორგებული აგრობიზნესის, "მწვანე შენობების" და ე.წ. "Smart Cities" ("ჭკვიანი ქალაქების") განვითარების სფეროში. ამასთან ერთად, IFC-მ ინვესტორებისგან 10.1 მლრდ. აშშ დოლარი მოიზიდა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული  საქმიანობისთვის.

საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-მ საქართველოში 1.64 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის გრძელვადიანი ინვესტიცია განახორციელა საფინანსო, აგრობიზნესის, წარმოების და ინფრასტრუქტურის სექტორებში მოქმედ 59 პროექტში. ამ თანხიდან 774 მილიონი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული. გარდა ამისა, IFC-მ 331 მლნ. აშშ დოლარამდე ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში და განახორციელა  საკონსულტაციო პროექტები, რომლებიც კერძო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად. მსოფლიოს მასშტაბით 2016 საფინანსო წლის განმავლობაში IFC-მ დაახლოებით 19 მლრდ. აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა განვითარებად ქვეყნებში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

12 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...