"ცეკვა სკოლაში"  საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია რუსთავის თეატრში გაიმართება

"ცეკვა სკოლაში" საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია რუსთავის თეატრში გაიმართება

25 ივლისს 12:00 საათზე საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში  ქ. რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტის "ცეკვა სკოლაში" პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე მონიკა ლენჰარდი და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრი წარადგენენ.

პრეზენტაციას დაესწრებიან პროექტის  "ცეკვა სკოლაში"  ხელმძღვანელები: ან  ბოეკმანი, ელია პატრიცი, ლიზა რეგერი, რომლებიც ცნობილი ბერლინელი ქორეოგრაფის საშა ვალცის თანამედროვე ცეკვის დასისა და  ბერლინის შემოქმედებითი კომპანიის TanzZeit-ის წევრები არიან.

პრეზენტაციაზე  20 წუთიანი თანამედროვე ცეკვის პერფორმანსი გაიმართება, რომელიც  პროექტის გერმანელმა ხელმძღვანელებმა ან  ბოეკმანმა, ელია პატრიცმა, ლიზა რეგერმა დადგეს და თემატურად 4 ბუნებრივ სტიქიაზეა აგებული - ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი. მასში მონაწილეობენ  საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.

"ცეკვა სკოლაში" - გოეთეს ინსტიტუტის ეს ინოვაციური საერთაშორისო პროექტი, რომელშიც ჩართულია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სკოლები, პირველად იმართება და თავისი შინაარსით გულისხმობს გერმანულენოვან სკოლებში გერმანული ენის გაკვეთილზე სწავლების ახალი მეთოდის დანერგვას. უფრო კონკრეტულად კი სწავლების ეს ინოვაციური, ინტერდისციპლინარული  მიდგომა სცილდება ენის ტრადიციულ სწავლებას და გერმანული ენის შესწავლას  ცეკვისა და მოძრაობის ელემენტებთან  ერთად  გულისხმობს.  ასეთი მიდგომით  თანამედროვე  სწავლების ინტერდისციპლინური მეთოდური კომპეტენციები გაძლიერდება, რაც ასე მნიშვნელოვანი და ეფექტური გზაა ენის სწავლების მაღალი ხარისხის სრულყოფისთვის.

ეს სოლიდური პროექტი, რომელიც  6 თვე გრძელდება, 3 ეტაპად ხორციელდება:

I ეტაპია  საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი, რომელიც  ქ. რუსთავის საერთაშორისო სკაუტების ბანაკში (მისამართი: ბალანჩივაძის ქ #9) 16 ივლისიდან 26 ივლისამდე გრძელდება. მასში მონაწილეობს 8 სკოლის 32 მოსწავლე და 16 მასწავლებელი საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის სკოლებიდან. ამ ჯგუფთან  ბერლინის TanzZeit-ის ქორეოგრაფები მუშაობენ იმაზე  თუ როგორ ახდენს მოძრაობა და ცეკვა, მუსიკა და რიტმი ჩვენი ყოველდღიურობის სტრუქტურირებას და გამრავალფეროვნებას, როგორ მყარდება  ცეკვასა და მოძრაობაში კომუნიკაცია გერმანული ენის, როგორც უცხო ენის საშუალებით. შესაბამისად, ამ ახალი მეთოდით ქართველი მასწავლებლები გერმანელი სპეციალისტების დახმარებით სწავლობენ, როგორ შექმნან ერთობლივი პროექტები, როგორ მოახერხონ  გერმანული ენის, როგორც საგნის გაკვეთილებში ცეკვისა და მოძრაობის  ფორმით კონკრეტული მეთოდების ჩართვა ისე, რომ მუშაობის სამომავლო პერსპექტივები გამოისახოს.

II ეტაპია  სკოლებში საპროექტო იდეების განხორციელება. საერთაშორისო ბანაკიდან დაბრუნების მერე, სწავლების ინტერდისციპლინური მეთოდური კომპეტენციების ათვისება  სასწავლო წლის პროცესში სკოლის გუნდებს საშუალებას მისცემს თავიანთ სკოლებში დაიწყონ მცირე პერფორმანსებისა თუ საცეკვაო პროექტების განხორციელება, ამ მიმართულებით, მოსწავლეები ცეკვასა და მოძრაობაში მეცადინეობით დამუშავებულ თემებს ენის გაკვეთილზეც მიუბრუნდებიან და შესაბამისად, კლასის სრულფასოვანი ჩართულობით კიდევ უფრო განავრცობენ.

III ეტაპია ვორკშოპი და თბილისში წარმოდგენა. "ცეკვა სკოლაში" - ამ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში მონაწილე საპილოტე სკოლები, რომელთა შორის საქართველოდან ზუგდიდის, ქუთაისისა და გორის გერმანული სკოლები იღებენ მონაწილეობას, შეიმუშავებენ საკუთარ ინტერდისციპლინირებულ პროექტებს, რომლებიც თანამედროვე ცეკვისა და უცხო ენის შესწავლას ერთმანეთთან დააკავშირებს.  ამ საცეკვაო პროექტებიდან და პერფორმანსებიდან კი ორი გამორჩეული ნამუშევარი, რომელსაც ბერლინის კომპანიის TanzZeit-ის გერმანელი პროფესიონალი მოცეკვავეები შეარჩევენ, მიწვეული იქნება 2017 წლის ნოემბერში დაგეგმილ ვორკშოპზე და შემდეგ ამ პერფორმანსების ჩვენება თბილისში თეატრალურ სივრცეში საზეიმოდ გაიმართება.

გოეთეს ინსტიტუტის ამ საერთაშორისო ექსპერიმენტული პროექტის შესახებ გადაღებული იქნება დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც ამავე პროექტის დასრულების შემდეგ გაიმართება.

პროექტი "ცეკვა სკოლაში" საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ხორციელდება. გოეთეს ინსტიტუტი  აქტიურად თანამშრობლობს ბერლინის შემოქმედებითი კომპანია TanzZeit-თან, რომელიც 2005 წელს საშა ვალცის პატრონაჟით შეიქმნა, ენის შესწავლას  ცეკვისა და მოძრაობის ელემენტებთან  ერთად  გულისხმობს. 

გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, ცნობილ თანამედროვე ბერლინელ ქორეოგრაფთან საშა ვალცთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად თბილისში კიდევ ერთი პროექტი იგეგმება. 20-21 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საშა ვალცის სპექტაკლი "Continu" ბუნებრივი ძალებისა და სტიქიების შესახებ  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე "საჩუქარი" გაიმართება.

გოცირიძე: ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ, ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა

გოცირიძე: ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ, ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა

17 საათის წინ

"ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ და ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. "ყველას გასაგონად, ვინც დიდ სისულელეს ამბობს, რომ ”ლარი იმიტომ...