მთავარი » ეკონომიკა » 14 სექტემბერს, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ხატია ბუნიათიშვილს უმასპინძლებს
14 სექტემბერს, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ხატია ბუნიათიშვილს უმასპინძლებს
16:28 | 17 ივლისი, 2017

14 სექტემბერს, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ხატია ბუნიათიშვილს უმასპინძლებს

14 სექტემბერს, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში მაესტრო ზუბინ მეტას, ხატია ბუნიათიშვილს და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრს უმასპინძლებს.

130 მუსიკოსით დაკომპლექტებული ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი, ლეგენდარული ზუბინ მეტას დირიჟორობით საქართველოს პირველად ეწვევა და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატ  ხატია ბუნიათიშვილთან ერთად, წინანდალში კონცერტს გამართავს.

კლასიკური მუსიკის საღამო წინანდლის ახლად აშენებულ ამფითეატრში გაიმართება, რომელიც 1000 მსმენელზეა გათვლილი.

სწორედ ამ კონცერტით იწყება მზადება საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის,  რომელიც "სილქ როუდ ჯგუფის" და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა. წინანდლის ფესტივალის დაარსება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული პარტნიორობის მაგალითია.  ფესტივალის ფარგლებში დაარსდება საერთაშორისო მუსიკალური აკადემიაც.

ფესტივალის დამფუძნებლები არიან კომპანია "სილქ როუდ ჯგუფი" და "ვერბიეს ფესტივალის" დამფუძნებლები მარტინ ინგსრტომი და ავი შოშანი (ისრაელის ფილარმონიის დირექტორი). წინანდლის ფესტივალი სწორედ ვერბიეს ფესტივალის პრინციპით მოეწყობა. მას ქართველი და უცხოელი ხელოვანებით დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური მრჩეველთა საბჭო ეყოლება.  ფესტივალის გენერალური დირექტორია რეჟისორი  დავით საყვარლიძე.

წინადანდლის სახლ-მუზეუმი და მიმდებარე ტერიტორია 2007 წლიდან "სილქ როუდ ჯფუფის" პატრონაჟის ქვეშაა და ამ დროის განმავლობაში ჭავაჭავაძეების მამულს არაერთი გამოჩენილი მუსიკოსი სტუმრობდა. მათ შორის: გიდონ კრემერი, ელისო ვირსალაძე, ორკესტრი "კრემერატა ბალტიკა", ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ჯოშუა ბელი, კვინტეტი "დიდრო", ლუკა ლუკინი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, რობი ლაკატოში და სხვა.

2019 წლიდან წინანდალი, კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კერასთან ერთად, საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ცენტრი გახდება.

კონცერტის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია "სილქ უნივერსალის" მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება. ღონისძიების წარმდეგნია კომპანია "სილქნეტი".

ფესტივალის პარტნიორები: "TBC Status", "Club Iveria", "Porsche", "Chronograph’". მედია პარტნიორები: "National Geographic საქართველო", "ART AREA". კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.ge ზე.