მთავარი » ეკონომიკა » დედოფლისწყაროში "მინდვრის დღეები 2017" გაიმართა
დედოფლისწყაროში "მინდვრის დღეები 2017" გაიმართა
13:47 | 17 ივლისი, 2017

დედოფლისწყაროში "მინდვრის დღეები 2017" გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დედოფლისწყაროს ბაზაზე "მინდვრის დღეები 2017" გაიმართა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებმა და ფერმერებმა ბაზაზე არსებული მარცვლოვანი კულტურების ექსპერიმენტული ნაკვეთი დაათვალიერეს. 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახური ინტენსიური ტიპის ხორბლის ჯიშების შექმნასა და გავრცელებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე გამოყვანილია და გასავრცელებლად შერჩეულია რბილი ხორბლის 8 პერსპექტიული ჯიში. 

"მინდვრის დღეები 2017" ფარგლებში, ფერმერებმა მოსავლის აღებაში უშუალო მონაწილეობა მიიღეს. მათთვის საინტერესო ჯიშის შერჩევის შემთხვევაში, მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახური ფერმერებს სათესლე მასალით უზრუნველყოფს. 

სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამოყვანილი ყველა ახალი ჯიში გვალვაგამძლეობით, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ გამძლეობით გამოირჩევა; ვარგისია მექანიზებული აღებისათვის, ხასიათდება მაღალხარისხიანობითა და მაღალმოსავლიანობით. აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროს ბაზაზე მოსავლიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ახალმა ჯიშმა „LG-43” (1 ჰექტარზე 5,5 -5,7 ტონა) აჩვენა.

"მინდვრის დღეების 2017" ფარგლებში, სელექციური ნათესების ამღები კომბაინიც გამოსცადეს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) უსასყიდლოდ გადასცა.