მთავარი » ბანკები » Art-გენი 2017 იწყება
Art-გენი 2017 იწყება
16:47 | 14 ივლისი, 2017

Art-გენი 2017 იწყება

ფესტივალი Art-გენი  წელს, 10 ივლისს, სურამში ბაიანთხევის ტყე-პარკში რეგიონული  ტურნეთი  გაიხსნა, რომელიც შემდეგ  მცხეთის ახალ  ნავსადგურში  გაგრძელდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

Art-გენის თბილისის ტურს კი, 17-24 ივლისს, ტრდაციულად,  ეთნოგრაფიულ  მუზეუმი უმასპინძლებს.  წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს.

პროექტის "Check in Georgia" ფარგლებში, 17 ივლისს, თბილისის ტურს მომღერალი სოფი ვილი გახსნის. 18 ივლისს Art-გენის სცენაზე  ასევე პირველად  წარსდგება  ჯგუფი  Asea sool. 19 ივლისს  ფესტივალის მსმენელისთვის რობი კუხიანიძე იმღერებს "აუთსაიდერთან" ერთად; 20 ივლისს -  ჯგუფი "რეგიონი";  21 ივლისს  -  ჯგუფი  "ფრანი".  22 ივლისს კი,  Art-გენის  სცენა  ნინო ქათამაძეს  და "ინსაითს" დაეთმობა;  23 ივლისს კი ნიაზ დიასამიძისა  და  "33ა"-ს კონცერტი გაიმართება, ხოლო Art-გენი 2017 24 ივლისს სუხიშვილების”  კონცერტით დაიხურება.

ერთი კვირის მანძილზე დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის  გამოფენები.  მათ შორის,  გამოფენა "მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა"; რეგიონების ფოლკლორული კონცერტები და "შავფაროსნების" საჩვენებელი  შოუ.  ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ასევე ჰამაკების ზონა და ქართული სამზარეულო.

Art-გენის მხარდამჭერი თიბისი ბანკი ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისულ ადამიანებს კონცერტების დაწყებამდე დროის საინტერესოდ გატარებას სთავაზობს.  სპეციალურად მოწყობილ ზონებში გაიმართება გასართობი აქტივობები რაგბის თემაზე, იქნება ფოტოსტენდები, ხოლო ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის #წერექართულად კუთხე მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის თამაშები გაიმართება.

ფესტივალი  Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა.  წლების მანძილზე  ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში  ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში.  ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც  რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით  წარმოჩენის შესაძლებლობა  მისცა  და  განვითარებისთვის მეტი  მოტივაცია შეუქმნა.

წლების მანძილზე Art-გენმა არაერთი ახალი  ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა.  ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს სთავაზობს მაყურებელს.

ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო  ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას.  ამიტომ რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, Art-გენი ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს. 

შემთხვევითი  არაა, რომ წელს ერთ-ერთ რეგიონად იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული მცხეთა, კონკრეტულად კი მცხეთის ახალი ნავსადგური შეირჩა, რომელიც მცხეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.