მთავარი » ეკონომიკა » თბილისში ახალი სასტუმრო The Grove Design Hotel გაიხსნა
თბილისში ახალი სასტუმრო The Grove Design Hotel გაიხსნა
14:11 | 9 ივნისი, 2017

თბილისში ახალი სასტუმრო The Grove Design Hotel გაიხსნა

თბილისში, თამარ მეფის ხიდთან სასტუმრო  The Grove Design Hotel-ის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო. მინისტრმა ახალი სასტუმრო დაათვალიერა და ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ  თანამედროვე, მოდერნული დიზაინის მქონე ახალი სასტუმრო ტურისტული სექტორის  ერთ-ერთი გამორჩეული ობიექტი იქნება.

"ძალიან ორიგინალური სასტუმროა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თბილისს დაამშვენებს და  იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ობიექტი. ჩვენთვის ტურიზმის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფო  კონცენტრირებულად, სერიოზულ რესურსს ხარჯავს ამისთვის, სხვადასხვა პროგრამებით ვასუბსიდირებთ  ტურიზმისა და სასტუმროს ბიზნესის განვითარებას, ვნერგავთ ახალ ტერმინებს,  როგორიც არის,  მაგალითად, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი და ა.შ. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ტურიზმის სექტორში და დარწმუნებული ვარ, ისეთი ობიექტები, როგორი ეს სასტუმროა, ამ პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

The Grove Design Hotel-ს  საერთაშორისო მენეჯმენტკომპანია "SolutionsHI" მართავს. სასტუმროს მშენებლობისთვის დაახლოებით 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.  თანამედროვე აღჭურვილობის მქონე ცხრასართულიანი სასტუმრო 39 ნომრისგან შედგება. მას აქვს მოდერნისტული გარემო, ინტერიერი ობიექტების გარეშე,  სადაც ავეჯი და ობიექტები კედლებშია დამონტაჟებული. სასტუმროს მეხუთე სართულზე განთავსებულია ტერასა  ხედებით თბილისზე, ასევე სრული აღჭურვილობის საკონფერენციო დარბაზი საქმიანი შეხვედრებისთვის.