მთავარი » ეკონომიკა » მსოფლიო ბაზარზე სასურსათე ფასების ინდექსი მცირდება
მსოფლიო ბაზარზე სასურსათე ფასების ინდექსი მცირდება
18:02 | 6 აპრილი, 2017

მსოფლიო ბაზარზე სასურსათე ფასების ინდექსი მცირდება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სასურსათო ფასების ინდექსი მსოფლიო ბაზარზე დაეცა,  დიდი მარაგებისა და კარგი მოსავლის მოლოდინის  ფონზე.

FAO-ის სურსათის ფასების ინდექსმა 171 პუნქტი შეადგინა მარტში - 2.8%-ით ნაკლები, ვიდრე გასულ თვეში და 13,4%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.

FAO-ის სასურსათო ფასების ინდექსი არის შეწონილი სავაჭრო ინდექსი, რომელიც ასახავს ხუთი ძირითადი სასურსათო ჯგუფის საერთაშორისო საბაზრო ფასებს. ხორცის ფასები გამონაკლისია ზოგადი დაღმავალი ტენდენციიდან.

FAO-ის მარცვლეულის ფასის ინდექსი, თებერვალთან შედარებით, 1.8%-ით შემცირდა, რაც გამოიწვია ხორბალსა და სიმინდზე ფასების დაცემამ. ინდექსი  თითქმის გაუტოლდა 2016 წლის მარტის დონეს.

FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი ამ თვეში 6.2%-ით შემცირდა. მარტში შემცირდა პალმის და სოიოს ზეთის ფასები, წარმოების ზრდის პროგნოზის ფონზე. ამავდროულად, ასევე, შემცირდა ფასები მზესუმზირის ზეთზე, მოსალოდნელზე მეტი მარაგის გამო.

FAO-ის შაქრის ფასის ინდექსი შემცირდა 10.9%-ით, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2016 წლის მაისის შემდეგ. შემცირების მიზეზია იმპორტზე სუსტი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზრებზე ბრაზილიური შაქრის დიდი რაოდენობით შემოსვლის მოლოდინი. მსოფლიო ბაზრებზე ბრაზიული შაქრის დიდი ოდენობით შემოსვლას განაპირობებს ქვეყანაში ბიოეთანოლის წარმოების ნელი განვითარება.

რძის ჭარბი მოწოდების შედეგად, FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსი 2.3%-ით შემცირდა, თუმცა, ის კვლავ აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. 

FAO-ის ხორცის ფასის ინდექსი 0.7%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია აზიაში საქონლისა და ღორის ხორცის იმპორტზე დიდი მოთხოვნით.

მარცვლეულის მოთხოვნა-მიწოდების უახლესი ანგარიშის თანახმად,   მარცვლეულის მსოფლიო წარმოება 2 597 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც სულ რაღაც 9 მილიონით ჩამოუვარდება 2016 წლის რეკორდულ მოცულობას.

FAO-ის პირველი პროგნოზები დამოკიდებულია მომდევნო თვეებში კლიმატურ პირობებზე, ასევე, ფერმერების ფასის მიმართ მგრძნობიარე გადაწყვეტილებაზე, თუ რომელი მარცვლეული დათესონ.

2016 წელთან შედარებით მცირე ვარდნა გამოწვეულია ხორბლის მსოფლიო წარმოების შემცირების მოლოდინით - პროგნოზით, 2017 წელს წარმოება 2.7 პროცენტით - 740 მილიონ ტონამდე შემცირდება. უმეტესწილად, წარმოება შემცირდება ავსტრალიაში, კანადასა და შეერთებულ შტატებში, რადგან ფასის გამო მცირდება ნათესები.

საპირისპიროდ, მოსალოდნელია, რომ 2017 წელს საკვები მარცვლის წარმოება ახალ რეკორდულ დონემდე გაიზარდება და მიაღწევს 1353 მილიონ ტონას.  ზრდა, დიდწილად, გამოწვეული იქნება ბრაზილიასა და არგენტინაში წარმოების ზრდით და სამხრეთ აფრიკაში, გასული წლის გვალვის შემდეგ, მოსავლის გაუმჯობესებით.

ბრინჯის მსოფლიო წარმოება მოსალოდნელია, რომ გაიზარდება 1%-ით და მიაღწევს 504 მილიონ ტონას: ინდოეთსა და ინდონეზიაში იზრდება პლანტაციები, ასევე, ბრაზილიასა და ჩინეთში გაზრდილია მოსავალი. ეს ყველაფერი საკმარისზე მეტად დააბალანსებს შემცირებულ მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, გვალვით დაზარალებული შრი ლანკადან.