მთავარი » ბიზნესი » რაჭაში კიდევ ერთი სასტუმრო აშენდება
რაჭაში კიდევ ერთი სასტუმრო აშენდება
18:06 | 10 მარტი, 2017

რაჭაში კიდევ ერთი სასტუმრო აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" პროექტის ფარგლებში ამბროლაურში, ყოფილი სანატორიუმის შენობა, პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 164 000 ლარად გაყიდა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე, რომელიც ბრატისლავა-რაჭის ქუჩაზე მდებარობს, 30 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, უძრავ ქონებაზე დაახლოებით 338 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 10 ადამიანი დასაქმდება.

ეს რაჭაში პრივატიზებული რიგით მეორე ქონებაა "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" პროექტის ფარგლებში. პირველი ქონება - 1691 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2016 წელს ელექტრონული აუქციონის ფორმით სოფელ უწერაში გასხვისდა, სადაც 12 ნომრიანი სასტუმროს ასაშენებლად 450 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტი "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. მის ფარგლებში უკვე გაყიდულ ობიექტებს შორისაა ქ. თბილისში გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის ტერიტორია, სადაც 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება; ასევე აღმაშენებლის ქუჩაზე ყოფილი ფოსტის შენობა, რომელიც 10 554 000 ლარად გაიყიდა, სადაც სასტუმროს ასაშენებლად და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 15 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტი "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.

პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული ქონების ჩამონათვალი განთავსებულია სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.nasp.gov.ge