ხადურის უწყების რეგულაციები ლუდსა და თამბაქოზე თავიდან გადაიხედება

ხადურის უწყების რეგულაციები ლუდსა და თამბაქოზე თავიდან გადაიხედება

რეგულაციებს, რომლებსაც თავის დროზე, ბიზნესი აქტიურად აპროტესტებდა, დღეს ნაკლებ ეფექტურად აფასებს ბიზნესომბუდსმენი და ეკონომიკური საბჭოს წევრი, გიორგი გახარია. ბიზნესომბუდსმენი "აიპრესთან" ინტერვიუში 2 რეგულაციას ასახელებს, რომლებიც შესაძლოა ხელახლა გადაიხედოს - ლუდის აქციზი და ადვალური გადასახადი თამბაქოზე. ბიზნესის ხელის შემშლელ რეგულაციებზე, ბოლო წლებში, როგორც კერძო სექტორი, ასევე ასოციაციები და ბიზნეს გაერთიანებები ღიად და აქტიურად საუბრობენ. ევროკავშირის რეგულაციები საქართველოს სხვადასხვა რეფორმების გატარებას ავალდებულებს, თუმცა რამდენად სწორი ფორმით ხდება აღნიშნული რეგულაციების საქართველოში გადმოტანა? ლუდზე აქციზური განაკვეთის გაზრდას მეწარმეების მხრიდან არაერთხელ მოჰყვა პროტესტი. "არ გამიძვირო ლუდი" – სწორედ ამ სახელის კამპანიით, საზოგადოება განაკვეთის 50 პროცენტიან ზრდას ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად ამისა, 1 მარტიდან ლუდის აქციზის განაკვეთი გაიზარდა. დღეს კი მეწარმეები შემცირებულ რეალიზაციაზე საუბრობენ. კომპანია ნატახტარის კომერციულ საქმეთა დირექტორი "აიპრესთან" საუბრისას კონკრეტულ ციფრებსაც ასახელებს, მისი თქმით, ინდუსტრიის მასშტაბით 15 პროცენტიანი ვარდნა ფიქსირდება. ლუდზე აქციზური განაკვეთის გაზრდას ფინანსთა სამინისტროში ევროკავშირთან ვალდებულებით ხსნიდნენ. თუმცა, დღეს მთავრობაში აღნიშნული რეგულაციის გადახედვაზე საუბრობენ. ბიზნესომბუდსმენი, მთავრობის ეკონომიკური საბჭოს წევრი, გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ აქციზის განაკვეთის ზრდას უკუშედეგი ჰქონოდა, როგორც ბიუჯეტისთვის, ასევე მეწარმეებისთვის. "თუ დავინახეთ, რომ აქციზის 50%-იანმა ზრდამ იქონია უკუშედეგი და შეამცირა როგორც გაყიდვები ასევე საბიუჯეტო შემოსავლები, მერწმუნეთ, რომ ჩვენ კომპანიების გვერდით ვიქნებით მოთხოვნით, რომ ლუდის აქციზი ხელახლა არის გადასახედი. ჩვენ გვჭირდება რიცხვები, უნდა ვნახოთ რა ეფექტი ჰქონდა ამას ბიზნესზე და ბიუჯეტზე. პირველადი მონაცემები გვაქვს და არც თუ ისე სახარბიელო. არის იქ გარკვეული პრობლემები და ვფიქრობ გარკვეული ქმედებების განხორციელება მოგვიწევს", - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი. შემცირებული რეალიზაციის ფონზე, კომპანია ნატახტარი სახელმწიფოს აქციზის გადასახადის ახალი ფორმის ამოქმედებას 2016 წლიდან სთავაზობს. კომპანია ნატახტარის კორპორტიულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი "აიპრესთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ევროკავშირის რეგულაციის მიხედვით, 2017 წლიდან ლუდზე აქციზური გადასახადი მასში ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით უნდა განისაზღვროს. ხუნძაკიშვილი აღნიშნული ცვლილების 2016 წელს ამოქმედებაზე საუბრობს, რაზეც მას დადებითი მოლოდინები აქვს. "ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ გვავალდებულებს, რომ მოვახდინოთ აქციზის სრტრუქტურის ჰარმონიზაცია, რაც ნიშნავს, რომ აქციზი უნდა იყოს აუცილებლად გრადუსის მიხედვით, – ალკოჰოლის შემცველობის შესაბამისად და არა სახეობების მიხედვით, როგორც ახლაა. ევროკავშირის რეგულაციის მიხედვით, მაღალალკოჰოლურმა სხვა თანხა უნდა გადაიხადოს და დაბალალკოჰოლურმა – სხვა". კიდევ ერთი რეგულაცია, როლის სისწორეში ბიზნესომბუდსმენს ეჭვი შეაქვს, თამბაქოზე ადვალური გადასახადის შემოღებას უკავშირდება. აღნიშნულ რეგულაციას ევროპის არაერთ ქვეყანაში აუქმებენ, საქართველოში კი ადვალური გადასახადი ძალაში 1 ივლისიდან შევიდა. "საგადასახადო კოდექსში" შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმზე (ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე) დამატებით აქციზის დაწესებას – საცალო სარეალიზაციო ფასის 5 პროცენტის ოდენობით. "თამბაქოზე გადასახადები რომ გაიზრდება ფაქტია, მაგრამ ამის ფორმები უნდა იყოს კომფორტული და მისაღები ბიზნესისთვის, ეს საკითხი სამსჯელოა. ადვალური გადასახადის მიღება არ იყო საუკეთესო გამოსავალი. ევროპაში ადვალური გადასახადის შემცირების და შემდგომ საერთოდ გამოსვლის ტენდენციაა. ფინანსთა სამინისტროს ამ მიმართულებით ჰქონდა არგუმენტი, ადგილობირვი წარმოების კუთხით, მაგრამ ვთვლი, რომ ამ თემაზე სამუშაოა და ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად.", - აცხადებს გიორგი გახარია "აიპრესთან" საუბრისას. მისივე თქმით ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროსთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
10 სარგებელი ლუდის მოყვარულთათვის

10 სარგებელი ლუდის მოყვარულთათვის

4 საათის წინ

წარმოგიდგენთ 10 მიზეზს თუ რატომ არის ლუდი ზომიერად მოხმარების შემთხვევაში სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  ეს სტატია არ არის სმისკენ მოწოდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ მიირთმევთ...