ედიშერ სიხარულიძე: ექიმი ყოველთვის გამარჯვებული არ არის, მაგრამ მართალი უნდა იყოს!

ედიშერ სიხარულიძე: ექიმი ყოველთვის გამარჯვებული არ არის, მაგრამ მართალი უნდა იყოს!

"ავერსის კლინიკის" ენდოკრინული ქირურგიის სამსახურის უფროსი; ქირურგი-ონკოლოგი, ქირურგი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს ენდოკრინულ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ჯანდაცვის სამინისტროს ენდოკრინული ქირურგიის დარგის ექსპერტი -ედიშერ სიხარულიძე, ორი ათეული წელია ევროპული გამოცდილებით, საქართველოში ენდოკრინული ქირურგიის ინოვაციების კვალდაკვალ მუშაობს, ქმნის ისტორიას და მისი ყოველი ოპერაცია აღმოჩენაა.

2015 წელს საქართველოში პირველად, იღლიის ფოსოდან ფარისებრი ჯირკვლის უნიკალური მეთოდით ამოკვეთის ოპერაცია, ენდოსკოპიურად, კისერზე განაკვეთის გარეშე, ედიშერ სიხარულიძემ სეულის ნაციონალური საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პროფესორებთან ერთად ჩაატარა. ბევრი ჯილდოსა და დაფასების მიღმა  დაუღალავი შრომითა და ადამიანებთან განსაკუთრებული მიდგომით, მთავარი ჯილდო - პაციენტების სიყვარული და აღიარება მოიპოვა.. 

- ბატონო ედიშერ, უნიკალურ ოპერაციებს ნერგავთ, ენდოკრინულ ქირურგიაში ახალ სტანდარტებს აწესებთ, წარმატების ავანსცენაზე მარტო დგახართ, თუ გუნდური მოთამაშე ხართ?

- ყოველი წარმატების უკან ჩემი კოლეგების გუნდი დგას, რომელთან ერთადაც ოპერაციები ტარდება. 2008 წლიდან ბიოფსიები ფარისებრ ჯირკვალზე, ექოსკოპიის კონტროლის ქვეშ (კიბოს ექოლოგიური სემიოტიკის გათვალისწინებით), ამიერკავკასიაში პირველად, სწორედ ჩვენთან განხორციელდა, შემდეგ დავიწყეთ მცირეინვაზიური მკურნალობა, რაც მკურნალობის ცალკე მიმართულებაა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციები რამდენიმე წელია ტარდება, ინფორმაციული ვაკუუმი საზოგადოებაში მაინც არის, გამოვყოფ რამდენიმე მიმართულებას, ჩვენ ვატარებთ მცირე ინვაზიურ ქირურგიას, როდესაც განაკვეთის გარეშე, ექოსკოპიის კონტროლის ქვეშ შესაძლებელია შევიყვანოთ პრეპარატი. პროცედურა ამბულატორიულად, ანესთეზიის გარეშე ტარდება და პაციენტი არ საჭიროებს პოსტოპერაციულად ჰორმონალურ შენაცვლებით თერაპიას. ეს ტარდება მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ცისტისა და სითხოვანი კომპონენტის სიჭარბის დროს.

ასევე, "ავერსის კლინიკაში" ტარდება ტრანსაქსიალური თიროიდექტომია, როდესაც განაკვეთი კეთდება არა კისრის მიდამოში, არამედ იღლიის ფოსოში. ხდება კანის აშრევება და ენდოსკოპიური მანიპულაციით შევდივართ კისრის წინა ზედაპირზე. კონტროლი ხდება მონიტორზე, რაც საშუალებას გვაძლევს, მნიშვნელოვანი ანატომიური წარმონაქმნების დაზიანება თავიდან ავირიდოთ. ამცირებს ისეთ შესაძლო გართულებებს, როგორიც არის ხმის დაკარგვა, ტემბრის შეცვლა, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, ვისაც პროფესიულად ხმა სჭირდება. ამ წლის იანვარში, ჩავატარეთ პირის ღრუდან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ამოკვეთა, ასევე, ამოიკვეთა მეტასტაზებით დაზიანებული ლიმფურ კვანძები. დღეს ეს პაციენტები თავს ბედნიერად გრძნობენ, ჯერ ერთი, იმით, რომ აბსოლუტურად მოიხსნა ეს პრობლემა და მეორე - კისერზე არავითარი განაკვეთი არ არის. ამიერკავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველები ჩვენ ვართ, სადაც ამ ტიპისა და ამ მასშტაბის ოპერაციები წარმოებს. ასევე "ავერსის კლინიკაში", პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში დაინერგა ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია) აპრობირებული და დანერგილი მეთოდი -ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებთან ფარისებრი ჯირკვლის და კისრის რეგიონალური ლიმფური კვანძების ერთმომენტიანი ორმხრივი რადიკალური ლიმფოდისექცია.

ეს ოპერაცია საშუალებას გვაძლევს - კისერზე მინიმალური (კოსმეტიკური) განაკვეთით, ერთმომენტად განხორციელდეს ფარისებრი ჯირკვლისა და კისრის ყველა ლიმფური კვანძის ორმხრივი ამოკვეთა. ერთი, კოსმეტოლოგიურად დამზოგველი განაკვეთით ხდება 2-3 ოპერაციის თავიდან არიდება. 2014 წლიდან, საქართველოში პირველები ვატარებთ ოპერაციებს ფარისებრ და პარათიროიდულ ჯირკვლებზე ინტრაოპერაციული ნერვის მონიტორის საშუალებით. ეს აპარატი გვეხმარება, მოვახდინოთ ოპერაციის მსვლელობის დროს შებრუნებული ნერვის ვიზუალიზაცია და აქედან გამომდინარე, მისი ტრავმატიზაცია ავირიდოთ. ამ ტექნოლოგიით ბოლო 1000-ზე მეტი ოპერაცია "ავერსის კლინიკაში" გართულების გარეშე ჩატარდა. დავიწყეთ რადიოსიხშირული აბლაცია, შევდივართ წამონაქმნში და რადიოსიხშირით ვახდენთ მის დესტრუქციას. ამ ტიპის მკურნალობა არათუ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში არსად არ ხდება. ამიტომ მე ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყანაში წავიდნენ სამკურნალოდ, პირიქით, მეზობელი ქვეყნებიდან ჩვენთან მოდიან სამკურნალოდ.

- და მაინც, მცირეინვაზიური მეთოდებით მკურნალობა რამდენად ეფექტურია?

- მცირეინვაზიურ ქირურგიას სხვაგვარად `საოფისე მედიცინას~ უწოდებენ. პაციენტი, სამსახურში შესვენების დროს მოდის ჩვენთან, იტარებს ამ პროცედურას და ჩვეულებრივად აგრძელებს თავის საქმიანობას. მცირეინვაზიური ქირურგია იმდენად კომფორტულია და დამზოგველია, რომ პაციენტს ხელი არ ეშლება ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც მთავარია, არ საჭიროებს ნარკოზს (ზოგად გაუტკივარებას), სტაციონარში ჰოსპიტალიზაციას, მედიკამენტოზურ ჩანაცვლებით თერაპიას და არ აქვს განაკვეთი კანზე.

"ავერსის კლინიკაში" ასევე ფუნქციონირებს ბირთვული მედიცინის ცენტრი, სადაც ოპერაციის შემდეგ, პაციენტს უტარდება რადიაქტიული იოდით მკურნალობის კურსიც. რამდენიმე წლის წინათ ამ პროცედურებისთვის საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნებში მიემგზავრებოდნენ. ჩვენთან ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა ხდება კომპლექსურად. დიაგნოსტიკის საწყისი ეტაპი არის ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია. თუკი არსებობს რისკ-ფაქტორები, შეუძლიათ პაციენტებს ჩაიტარონ ულტრაბგერითი კვლევა და ყველა კითხვაზე მიიღებენ პასუხს. ხშირად პაციენტები შემთხვევით იგებენ, რომ აქვთ პრობლემა, რადგან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ტკივილის სიმპტომები არ აქვს.

- ბატონო ედიშერ, საქართველოში ამ ბოლო დროს ვირუსივით არის მოდებული ფარისებრი ჯირკვლის კარცინომა, რა არის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამომწვევი მიზეზი? 

- ფარისებრი ჯირკვლის კიბო მეორე ადგილზეა ძუძუს კიბოს შემდეგ. აქ არის რამდენიმე ფაქტორი: ეკოლოგია, გენეტიკური განწყობა, სტრესი და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა. დღეისთვის საქართველოში ძალიან ბევრ კლინიკაში ტარდება ასპირაციული ბიოფსია, თუმცა პრობლემას განაპირობებს არა მარტო ციტოლოგის პროფესიონალიზმი (იყო კარგი ციტოლოგი, განსაკუთრებული ნიჭია და ციტოლოგიური სურათის აღქმას დიდი პროფესიონალიზმი სჭირდება), არამედ ის სპეციალისტები, ვინც აწვდიან ციტოლოგს საკვლევ მასალას. ამიერკავკასიის რეალობაში "ავერსის კლინიკა" არის ერთადერთი სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც ერთ სივრცეში ხდება, როგორც დიაგნოსტიკა, ისე მკურნალობის სრული სპექტრი. დიაგნოსტიკის საწყისი ეტაპი არის ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია.

თუკი არსებობს რისკ-ფაქტორები, პაციენტებს უტარდებათ კვანძოვანი წარმონაქმნის ბიოფსია. ტერმინი "კვანძი" გულისხმობს რამდენიმე პათოლოგიას და ყოველი წარმონაქმნი, რა თქმა უნდა, ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. ციტოლოგიური დასკვნის შემდეგ, როდესაც პაციენტს დაუდგინდება კიბო, უნდა განისაზღვროს ოპერაციული მკურნალობის მასშტაბი.

 - დღეს თბილისის მერიას აქვს ფარისებური ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამა, ერი დეპრესიაშია, ქვეყანაში ამ პათოლოგიის ოპერაციების ბუმია, ნუთუ ყველა შემთხვევა საოპერაციოა და წაიშალა ზღვარი მკურნალობასა და ოპერაციას შორის? 

- უფასო სკრინინგი, ბრწყინვალე იდეაა და ის, განსაკუთრებულად გადამზადებული კადრებით დაკომპლექტებულ სპეციალიზებულ ცენტრებში უნდა ტარდებოდეს, რაც საშუალებას მოგვცემს დაისვას სწორი დიაგნოზი და შესაბამისად, ავირჩიოთ მკურნალობის მართებული მეთოდი. 2012 წელს სამხრეთ კორეაში ჩატარდა ანალოგიური პროგრამა. ვნახოთ, ჩვენთან როგორი შედეგები დაიდება...

- რას ურჩევდით მათ, ვისაც უფასო სკრინინგის დროს ეუბნებიან, რომ მათ აქვთ კიბო და სასწრაფოდ საოპერაციოები არიან?

- მათ, ვისაც უფასო სკრინინგის დროს ეუბნებიან, რომ აქვთ ფარისებრი ჯირკვალის კიბო, ვურჩევდი: აუცილებლად სპეციალიზებულ კლინიკებს მიმართონ - კლინიკა, სადაც ასეულობით ოპერაცია არ ტარდება ამ მიმართულებით, ვერ იქნება სპეციალიზებული. აქ მხოლოდ ქირურგზე არ არის საუბარი, საუბარია ყველა რგოლზე, რომელიც ჩართულია პროცესში.  

- დაბოლოს, რა განცდაა თქვენთვის გადარჩენილი პაციენტი? 

- ამას ერთი სიტყვით ვერ აღვწერ... მე ვიტყოდი, ეს არის ცხოვრების აზრი. სამწუხაროდ, ექიმი ყოველთვის გამარჯვებული არ არის, მაგრამ უნდა იყოს მართალი. თუ გამარჯვებულიცაა და მართალიც - აი, ეს არის საოცარი გრძნობა...

ნინო მახარაძე

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

11 საათის წინ

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, აჭარის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...