კუჭავა: პრობლემა, რის მოგვარებაც თბილისში ჰაერის ხარისხს გააუმჯობესებს, მოძველებული ავტოპარკია

კუჭავა: პრობლემა, რის მოგვარებაც თბილისში ჰაერის ხარისხს გააუმჯობესებს, მოძველებული ავტოპარკია

2018 წლის აპრილში პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თბილისში ჰაერის დაბინძურების მიზეზების დადგენა და პრობლემების მოგვარების გზების შემუშავება ევალება.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, კახაბერ კუჭავამ „ეკომედიასთან“ საუბრისას თქვა, რომ სამი თვის განმავლობაში სამოქალაქო სექტორისგან იმაზე მეტი განაცხადი მიიღეს, ვიდრე ელოდნენ. მისივე თქმით, განაცხადების მიხედვით უკვე გამოიკვეთა თბილისში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი ფაქტორები.

"ჩვენ დაახლოებით 6-7 განაცხადს ველოდით, მაგრამ შემოვიდა 15 განაცხადამდე და კიდევ რამდენიმეს ველით. უკვე გვქონდა შიდა, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დეპუტატებთან. სექტემბერში ჩვენ წარვდგებით კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივებით და დამატებითი დირექტივებით აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. შემოსული კვლევების მიხედვით, უკვე იკვეთება თბილისში ჰაერის მთავარი დამაბინძურებლები", - თქვა კუჭავამ.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერს მნიშვნელოვნად აბინძურებს ქვეყანაში შემოტანილი იაფფასიანი სამუხრუჭე ხუნდები, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებას, აზბესტს შეიცავს.

"ასეთი ხუნდები ავტომობილის დამუხრუჭებისას, მომაკვდინებელ საწამლავს უშვებს ჰაერში. ჯერჯერობით 4 კომპანიაა იდენტიფიცირებული, რომელთაც აზბესტის შემცველი ხუნდები შემოაქვთ ქვეყანაში. თუმცა, შეიძლება, მათი რიცხვი ბევრად მეტიც იყოს. ჩვენი მიზანი არაა, ვეძებოთ, ვინაა უხარისხო ხუნდების შემომტანი. ჩვენი მიზანია, აიკრძალოს ასეთი ხუნდების შემოტანა. როგორც ვიცით, სახელმწიფო ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ამ ტიპის ხუნდებს იყენებს. მათაც უნდა მივცეთ რჩევა, რომ მსგავსი იაფფასიანი ხუნდები აღარ შეიძინონ", - ამბობს კახაბერ კუჭავა.

მისივე განმარტებით, უმთავრესი პრობლემა, რის მოგვარებაც თბილისში ჰაერის ხარისხს გააუმჯობესებს, მოძველებული ავტოპარკია და არა საწვავის ხარისხი. 

"რაც არ უნდა კარგი საწვავი იყიდებოდეს ბაზარზე, უმთავრესი პრობლემაა გაუმართავი ძრავები. სექტემბერში ამ თემაზეც დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. უმთავრესი პრიორიტეტია მოძველებული ავტოპარკის განახლება. ჩვენთან შემოდის საკმაოდ მაღალი ხარისხის საწვავი და ის ტყვიას აღარ შეიცავს. მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენთან ტყვიით გაჯერებული საწვავი შემოდის და ეს აბინძურებს ატმოსფერულ ჰაერს. რაც შეეხება დიზელს; მასთან დაკავშირებით, ყურადღებაა გასამახვილებელი გოგირდის შემცველობაზე. მასში ნორმაზე მაღალია გოგირდის შემცველობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შემცველობა არ აჭარბებს 2015 წელს დამტკიცებულ ნორმებს, ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალურად მოკლე დროში მივუახლოვდეთ საერთაშორისო სტანდარტს", - თქვა კახაბერ კუჭავამ.

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სამუშაო ჯგუფი აგვისტოშიც გააგრძელებს მუშაობას და როგორც მისი ხელმძღვანელი ამბობს, სავარაუდოდ, სექტემბრის პირველ კვირაში, გაიმართება ზეპირი მოსმენები. ჯგუფი აპირებს, დაიბაროს ექსპერტები, ასევე, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის წარმომადგენლები. მისთვის თვალყურის მიდევნება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. პროცესი სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. კახა კუჭავა ამბობს, რომ ექსპერტებთან გასაუბრების შემდეგ, სავარაუდოდ, ათი დღის ვადაში შეაჯამებენ მიღებულ ინფორმაციას და გამოსცემენ პირველ ანგარიშს.

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

11 საათის წინ

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, აჭარის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...