ექსკლუზივი 140 მილიონიან ტენდერზე და ლობისტები "მსოფლიო ბანკთან" - საგზაო ტენდერები ქართულად (ნაწილი მეორე)

ექსკლუზივი 140 მილიონიან ტენდერზე და ლობისტები "მსოფლიო ბანკთან" - საგზაო ტენდერები ქართულად (ნაწილი მეორე)

უჩვეულოდ დიდი დრო, ერთ თვეზე მეტი დასჭირდა მსოფლიო ბანკს "აიპრესის" კითხვებზე საპასუხოდ. უჩვეულოდ დიდი, რადგან ორგანიზაცია გამოირჩევა ოპერატიულობით და დასმულ კითხვებზე ზედმიწევნით კონკრეტული პასუხების გაცემით. ამ შემთხვევაში კი რამდენიმე კითხვის საპასუხოდ მხოლოდ ერთი ზოგადი პასუხით შემოიფარგლნენ. ამაზე ცოტა მოგვიანებით.... მანამდე კი კითხვები, რომელიც საქართველოში განხორციელებულ საგზაო ტენდერებს უკავშირდება...

კითხვა: შედიან თუ არა კომპანიები ტენდერებში დემპინგური ფასებით და დგება თუ არა საფრთხის წინაშე ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვვნელოვანი პროექტები?

პასუხი: შედიან და ამას "აიპრესთან" საგზაო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გიორგი სეთურიძე ადასტურებს

კითხვა: ერევიან თუ არა საქართველოს საგზაო პროექტების განხორციელებაში კონკრეტული საელჩოები და ხდება თუ არა გარიგება სახელმწიფოსთან?

პასუხი: ერევიან და ამას „აიპრესთან“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიორგი სეთურიძე ადასტურებს.

კითხვა: იწყებენ თუ არა გეოლოგიურ და სხვა სახის კვლევებს მას შემდეგ, რაც ტენდერი უკვე დამტკიცებულია და იწელება თუ არა პროექტის დასრულება რამდენი წლით?

პასუხი: დადებითია...

კითხვა: ლობირებენ თუ არა კონკრეტულ კომპანიებს დონორ ორგანიზაციებთან კონკრეტული მაღალჩინოსნები და სახელმწიფო უწყებები?

პასუხი: ლობირებენ, რასაც მოწმობს მსოფლიო ბანკისთვის გაგზავნილი წერილები.

და ბოლოს: ირღვევა თუ არა საერთაშორისო ტენდერის პრინციპები და კონკურენციის შესახებ კანონი ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიებისთვის?!

პასუხი: ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ამ სტატიაში შევეცადეთ...

საუბარია  140 მილიონიან პროექტზე სახელწოდებით - "აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის ზემო ოსიაურიდან 5,8 კმ-დან ჩუმათელეთამდე 13,8 კმ ჩათვლით მონაკვეთზე არსებული ორზოლიანი გზის გაუმჯობესება ოთხზოლიან მაგისტრალად.

ტენდერის ქრონოლოგია:

1.2016 წლის 10 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკს შორის, ("რეკონსტრუქციისა და განვითრების საერთაშორისო ბანკს") (IBRD) დაიდო სასესხო ხელშეკრულება (#8547-GE) , რომლის საფუძველზე IBRD-მ საქართველოს ასესხა 140 მილიონი აშშ. დოლარი, რომ უზრუნველეყო „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის ზემო ოსიაურიდან 5,8 კმ-დან ჩუმათელეთამდე 13,8 კმ ჩათვლით მონაკვეთზე არსებული ორზოლიანი გზის გაუმჯობესება ოთხზოლიან მაგისტრალად.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტენდერის ჩატარება და შემდგომი კონტრაქტის განხორციელება, შერჩეული კონტრაქტორის მეშვეობით დაევალა რეგიონული განვითრების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - საავტომობილო გზების დეპარტამენტს (საგზაო დეპარტამენტი).

2. 2016 წლის 20 იანვარს აღნიშნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გამოცხადდა წინასაკვალიფიკაციო შერჩევა 2 ლოტად (ტენდერის პირველი ეტაპი). შეფასების შედეგად 17-მა კომპანიამ გადალახა საკვალიფიკაციო მონაცემები და მოხვდა მოკლე სიაში. მათ შორის, კომპანია "china Railway construction corporation limited (CRCC) (ჩინეთი) და კომპანიების ამხანაგობა JV astaldi/serenissima" (იტალია).

3. 2016 წლის 1 დეკემბერს, აღნიშნულ 17 კომპანიას დაეგზავნა მოწვევა სატენდერო წინადადების (ფასის) წარმოსადგენად. 2017 წლს 3 თებერვალს, სატენდერო წინადადება წარმოადგინა 13-მა კომპანიამ. ყველაზე დაბალი ფასი ორივე ლოტზე წარმოდგენილი იყო crcc ის მიერ 473, 271, 131,33 ლარი. აქვე აღსანიშნავია, რომ 13 კომპანიიდან 11-მა სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ფასი დააფიქსირა, მათ შორის, კომპანია copri-მ, რომელიც ანალოგიურ სამუშაოებს აწარმოებს სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე. აღნიშნული ფაქტი ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, თუ რამდენად რეალისტური იყო აღნიშნული ტენდერის სავარაუდო ბიუჯეტი.

4. მიუხედავად იმისა, რომ crcc აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტის მიხედვით წაყენებულ უკლებლივ ყველა მოთხოვნას და მოიგო კიდევ ტენდერი,  ის მოულოდნელად გავიდა მოგებული ტენდერიდან. საგზაო დეპარტამენტი კი მეორე ლოტზე  კონტრაქტის მინიჭებას ყველანაირად ცდილობდა. Jn astaldi/serennisima სთვის.

ამას მოწმობს არაერთი წერილი, რომელიც საგზაო დეპარტამენტს მსოფლიო ბანკისთვის აქვს მიწერილი.

დაწუნების ერთ-ერთი (არაფორმალური) მიზეზი იყო crcc ის შვილობილი კოპპანია, crcc 23 თან სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე 9,5 კმიანი 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მქონე გზის მშენებლობაზე არსებული პრობლემები. აღნიშნული პროექტი პროექტი ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ სატენდერო პროცედურების და სასესხო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

თუმცა, საგზაო დეპარტამენტის მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლო იყო, რადგან crcc წარმოადგენდა სხვა იურიდიულ კომპანიას და ამ ლოგიკით  ყველა ტენდერში პრობლემები უნდა შეექმნათ ამ უკანასკნელის ყველა შვილობილისთვის.

5. მიუხედავად იმისა, რომ გამოიცა მთავრობის სპეციალური განკარგულება პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმოწერით, სადაც დაევალა საგზაო დეპარტამენტს crcc სთან კონტრაქტის გაწყვეტის პროცედურების დაწყებაზე,  სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე გაფორმებული კონტრაქტი დღესაც ძალაშია და crcc-ის შვილობილი კომპანია crcc 23 ახორციელებს სამუშაოებს. და კონტრაქტი არათუ გაწყდა, არამედ გადავადდა 1.5 წლით.

ამასობაში, კი crcc საგზაო დეპარტამენტის მხრიდან მაქსიმალურად გაჭიანურებული სატენდერო პროცედურების შედეგად იძულებული გახდა უარი ეთქვა თავის წინადადებაზე, რადგანაც ფასის წარდგენიდან ნახევარი წლის შემდეგაც კი, საგზაო დეპარტამენტი უარზე იყო მიენიჭებინა კონტაქტი მათთვის.

6. აქვე აღსანიშნავია დონორის - მსოფლიო ბანკის ურყევი პოზიცია არ მომხდარიყო სატენდერო პროცედურებისა და სასესხო ხელშეკრულების პირობების დარღვევა და უსაფუძვლოდ crcc ის წინადადების დაწუნება. სასესხო ხელშეკრულების ნაწილი მე-3 შესყიდვები პარაგრაფი ა განსაზღვრავს, რომ სამუშაოების შესყიდვა, რომლის თანხების დაფარვაც მოხდება სესხიდან, იქნება შესყიდული მსოფლიო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით. აღნიშნული სახელმძღვანელოს ნაწილი - პირველი, პარაგრაფი 1.1 ის მიხედვით, - "დამქირავებლისა ად მიმწოდებელს შოპრის უფლებამოვალეობები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციითა და კონტრაქტით.

აღნიშნული სასესხო ხელშეკრულება რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 13 აპრილის #4943-მეორე-ს დადგენილებით და მასში მითითებულ პროცედურებს გაჩნია უპირატესი ძალა სახელმწიფო კანონმდებლობაზე, ხოლო სატენდერო დოკუმენტში მითითებულ პროცედურას გააჩნია უპირატესი ძალა მსოფლიო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოზე.

მას შემდეგ, რაც კომპანია crccc -ს წინადადებას ვადა გაუვიდა, 2017 წლის 03 ივლისს, შემდეგ პოტენციურ კანდიდატად მეორე ლოტზე რჩებოდა jv astaldi/serenissima, რომელსაც აშკარად ლობირებდა საგზაო დეპარტამენტი.

7. 2017 წლის 27 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" ატყობინებს საგზაო დეპარტამენტს და მსოფლიო ბანკს (წერილის ნომერი 23/18-34)  რომ ერთობლივი საწარმო jv astaldi/serenissima - ს წევრს, serenissima -ს ჰქონდა რამოდენიმე შეწყვეტილი კონტრაქტი სომხეთში და ალბანეთში და სასამართლო დავები.

8. 2017 წლის 24 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" ატყობინებს საგზაო დეპარტამენტს ახალი გარემოების შესახებ- კომპანია serenissima"-მ ოფიციალურად დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი 2017 წლის 05 ივლისს, რომელიც საჯაროდ გახდა ცნობილი და დასტურდება ვერონას სავაჭრო პალატის მიერ. იმის მერე რაც ერთობლივი საწარმოს წევრის ლიკვიდაციის შესახებ გახდა ცნობილი, საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი გიორგი სეთურიძე 2017 წლის 26 ივლისს, მსოფლიო ბანკში აგზავნის #2 -10/7945 წერილს, რომლითაც  ითხოვს კონტრაქტი მიენიჭოს ასტალდის. აღნიშნული წერილს პასუხად მოჰყვა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის ბ-ნი მუსტაფა ბენმაამარის წერილი, რომელშიც მან გზების დეპარტამენტს განუმარტა, რომ ლიკვიდაციის გამო ერთობლივი საწარმო/პრეტენდენტი ვეგარ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციით წაყენებულ მოთხოვნას და რომ მათთვის კონტრაქტის მინიჭება შეუძლებელი იყო.

(დოკუმენტი) მართლაც წინასაკვალიფიკაციო დოკუმანტაციის პარაგრაფი 3.1 ის მიხედვით- ერთობლივი საწარმოს თითოეულმა წევრმა უნდა დაადასტურის რომ მას გააჩნია რომ ლიკვიდირებული კომპანია ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებდა ამ მოთხოვნებს.

ამის გამო საგზაო დეპარტამენტმა, ამჯერად უკვე მხოლოდ კომპანია astaldi-ს (serenissima-ს გარეშე) გამარჯვებულად გამოვლენა გადაწყვიტა, რაც დადასტურებულ იქნა ბ-ნი გიორგი სეთურიძის 2017 წლის 2 აგვისტოს წერილით გაგზავნილი მსოფლიო ბანკში.

(დოკუმენტი) აღნიშნული ქმედება, ისევე როგორც ლიკვიდირებული კომპანიისთვის კონტრაქტის მინიჭება, წარმოადგენს სატენდერო პირობების უხეშ დარღვევას. სატენდერო დოკუმენტაციის ტენდერში მონაწილეთა ინსტრუქციის 17,3 მმიხედვით- „ტენდერის მონაწილის სტრუქტურის ან მისი ფორმაციის ნებისმიერი ცვლილება პრეკვალიფიკაციისა და წინადადების წარსადგენად მოწვევის შემდეგ (მათ შორის, ამზანაგობის შემთხვევაში მისი რომელიმე წევრი სტრუქტურის ან ფორმის ცვლილება) წინასწარ წერილობით უნდა იქნას დადასტრურებული დამსაქმებლის მიერ სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის გასვლამდე. ზემოხსენებუილი მოთხოვნა ნათელია და გამორიცხავს ტენდერის მონაწილის სტრუქტურის ან მისი ფორმაციის ნებისმიერ ცვლილებას სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ.

9. 2017 წლის 6 სექტემბერს "აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის ზემო ოსიაურიდან 5,8 კმდა ნ ჩუმათელეთამდე 13,8 კმ ჩათვლით მონაკვეთზე მეორე ლოტზე კონტრაქტი გაფორმდა მხოლოდ კომპანია astaldi"-სთან.

10. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. არც  Serenissima-ს და არც astaldi-ს ამხანაგობაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის გაკოტრების შესახებ გზების დეპარტამენტისათვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. ეს კიდევ ერთი გასათვალისწინებელი დეტალი იყო კეთილსინდიერების შეფასების კრიტერიუმისთვის.

ნოდარ ხადურიდან ნოდარ ხადურამდე...

პროექტს ჰყავდა კიდევ ერთი მონაწილე, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია "კონდოტე დაკვა". ასტალდი-სერენისიმას პროექტიდან გასვლის შემთხვევაში, სწორედ ეს უკანასკნელი ხდებოდა გამარჯვებული. ან იყო კიდევ ერთი ვარიანტი, ტენდერი უნდა ჩაშლილიყო და თავიდან გამოცხადებულიყო.

თუმცა, როგორც გიორგი სეთურიძე აცხადებს, ამას იმ მიზეზით ვერ იზამდნენ, რომ სასესხო ხელშეკრულებას ვადა ეწურებოდა...

"კონდოტე დაკვას" საჩივარი შეაქვს ნოდარ ხადურის უწყებაში. აქვე აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული პროექტის სასესხო ხელშეკრულებას 2016 წლის 10 თებერვალს  ხელს სწორედ მაშინდელი ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური აწერს.

2017 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შევიდა სს "კონდოტე დაკვას" საჩივარი (რეგ. №01/751) "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის შესახებ. საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში - "გზების დეპარტამენტი") დაარღვია  კონკურენციის შესახებ კანონის მე-10 მუხლის "ბ" ქვეპუნქტი.

სს "კონდოტე დაკვას" წარმომადგენელი საეჭვოს ხდის შპს "ასტალდის" კეთილსინდისიერების საკითხს, რადგან კომპანიამ არ ჩათვალა საჭიროდ გზების დეპარტამენტისათვის ინფორმაციის მიწოდება ამხანაგობის წევრის ლიკვიდაციის თაობაზე მაშინ, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად "თუკი კონტრაქტორი წარმოადგენს ამხანაგობას, მაშინ კონტრაქტორმა არ უნდა შეცვალოს საკუთარი შემადგენლობა ან სამართლებრივი სტატუსი დამსაქმებლის წინასწარი თანხმობის გარეშე" (მუხლი 1.14.ც). მომჩივანის პოზიციით, ამ დანაწესის საპირისპიროდ ამხანაგობა Aსტალდი/შერენისსიმა-მ გზების დეპარტამენტის წინასწარი თანხმობის გარეშე შეიცვალა შემადგენლობაც და სამართლებრივი სტატუსიც, ვინაიდან ერთ-ერთი მონაწილის გარეშე ამხანაგობის ხელშეკრულება ძალას კარგავს. სს "კონდოტე დაკვას" წარმომადგენლის განცხადებით Bidding Documents -ის 3.1. მუხლის თანახმად პრეტენდენტმა უნდა განაგრძოს შესაბამისობა იმ მოთხოვნებთან, რომელიც მოქმედებდა პრეკვალიფიკაციისას (The Bidder shall continue to meet the criteria used at the time of prequalification"). Bidding Documents-). B Bidding Documents -ის 37.1. მუხლის თანახმად კი, დამსაქმებელმა უნდა შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება პრეტენდენტი პრეკვალიფიკაციისა და პოსტკვალიფიკაციის ეტაპზე  დადგენილ მოთხოვნებს.

ხადურის უწყების პოზიციას, რომ შეუძლებელია სს "კონდოტე დაკვა" საუბრობდეს რაიმე  სახის ზიანზე, კონდოტე დაკვა პასუხობს, რომ „მონაწილის ზიანი არა მხოლოდ დამარცხებაა, არამედ ისიც, რომ მას არ მიეცა საშუალება კანონის დაცვით ჩატარებულ ტენდერში მიეღო მონაწილეობა".

ეს უკანასკნელი ფრაზა, ბუნებრივია, ხადურის უწყებისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო. იმდენად გაუგებარი, რომ იტალიის ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის საჩივარი არც კი განიხილეს, უფრო ზუსტად კი, მოკვლევის დაწყებაზე უარი განაცხადეს.

მოვლენები კი ვითარდება შემდეგი ქრონოლოგიით:

1. 2017 წლის 4 სექტემბერი: "კონდოტე დაკვას" ხადურის უწყებაში საჩივარი შეაქვს.

2. 2017 წლის 4 სექტემბერს, ზუსტად საჩივრის შეტანის დღეს გამოდის მთავრობის განკარგულება  №1857, რომლითაც  მოწონებულ იქნა დეპარტამენტსა და Astaldi S.p.A-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

3. 2017 წლის 6 სექტემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მეორე ლოტის - კმ 5+800 კმ 14+050 მშენებლობის თაობაზე.

საგზაო დეპარტამენტმა არ გაასაჯაროვა დონორ ორგანიზაციასთან მიმოწერები იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ იყო საჯარო.

მსოფლიო ბანკი - მოკრძალებული პასუხი კითხვებზე...

მსოფლიო ბანკს შემდეგი კითხვებით 14 მაისს მივმართეთ:

1.რატომ მიიღო მსოფლიო ბანკმა ასეთი გადაწყვეტილება?

2. მოხდა თუ არა ამ გადაწყვეტილებით სატენდერო პროცედურებისა და სასესხო ხელშეკრულების პირობების დარღვევა?

3. იყო თუ არა დაჟინებული მოთხოვნა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საგზაო დეპარტამენტის მხრიდან, რომ კონტრაქტი გაფორმებულიყო აღნიშნულ კომპანიასთან და თუ იყო, რას ასახლებდნენ მიზეზად?

4. რატომ დათანხმდით ამ კომპანიის მიერ სამუშაოების შესრულებას, მაშინ როდესაც ჩინური კომპანია "ჩინეთის რკინიგზის" წინადადების დაწუნებაზე კატეგორიული წინააგმდეგი იყავით იმ მოტივით, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა სატენდერო დოკუმენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს?

პასუხად კი 18 ივნისს მივიღეთ: გვსურს დაგიდასტუროთ, რომ მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება დათანხმებოდა კერდიტის მიმღების რეკომენდაციას ეფუძნებოდა მის კომპლქსურ შემოწმება-შესწავლას და ამ შესყოდვებთან დაკავშირებული გარემოებების  დეტალურ განხილვას.

ამის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართეთ მსოფლიო ბანკს და ვთხოვეთ კონკრეტულ კითხვებზე ეპასუხა, თუმცა მათგან პასუხი აღარ მიგვიღია...

კითხვით მივმართეთ იურისტ ლევან ალაფიშვილსაც.

ლევან ალაფიშვილი: როგორც ჩანს, ეს ტენდერი მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურებით (და არა საქართველოს შესყიდვების კანონმდებლობით) ჩატარდა. ეგ პროცედურები კი საკმაოდ დეტალური და ვრცელია. პირობებში კი გამონაკლისი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

ზოგადად კი, თუკი  მონაწილე/სუბიექტი ორწევრიანია და მისი ერთი წევრი არსებობას წყვეტს, შესაბამისად არსებობას წყვეტს ამხანაგობაც ანუ მონაწილე/სუბიექტი.

სუბიექტის გარეშე კი არ არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. ამ შემთხვევაში ამხანაგობის შეწყვეტის შემდეგ ტენდერს აღარ ჰყავდა გამარჯვებული სუბიექტი/ამხანაგობა. 3 წევრიანი რომ ყოფილიყო, ერთის გასვლა/გაკოტრება არ იქნებოდა ამხანაგობის არსებობის შეწყვეტის საფუძველი. მაგრამ 2 წევრიანში უპირობოა".

რომან გოცირიძე (საპარლამენტო უმცირესობის წევრი): არასწორი ტენდერების და კორუფციის გამო, ფული გაცილებით მეტი იხარჯებოდა, ვიდრე პროექტები მოითხოვდა".

ამ ექვსი წლის განმავლობაში არავინ დასჯილა ამ უწყებაში. მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, როცა 25 მილიონი ევრო გადაურიცხეს სეპარატისტულ დონეცკში არსებულ კომპანიას და ეს ფული გაქრა. არავინ დასჯილა. საბანო გარანტიაც ისეა გაფორმებული როგორც ჩანს, რომ ბანკიც არაფერს მოგვცემს.

დასჯაზე მაშინ დაიწყეს საუბარი, როცა ეს პოლიტიკურად აწყობთ. დამნაშავეც რომ იყოს, როცა მიზანი პოლიტიკურია, ამას პოლიტიკური დევნა ჰქვია.

ოთხი მინისტრი გამოიცვალა. ახლა მეხუთე დაინიშნა ამ ხუთნახევარ წელიწადში. ერთი დამნაშავეა და სამი არა?!

ყველა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, საავტომობილო გზების ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი სეთურიძეს დავუკავშირდით, რომელიც, როგორც ყოველთვი, მზად აღმოჩნდა ეპაუხა ყველა კითხვისთვის. გთავაზობთ მის ინტერვიუს.

გიორგი სეთურიძე: ალავიძე ჩემი პოლიტიკური ხელმძღვანელი იყო...

- ბატონო, გიორგი "აღმოსავლეთ დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის პროექტზე, საუბარია ზემო ოსიაურიდან ჩუმათელეთამდე მონაკვეთზე, ტენედრში სხვა კომპანიებთან ერთად შემოსული იყო  კომპანია "JV ASTALDI" "SERENISSIMA" საერთო ქოლგის ქვეშ ანუ ერთად იყვნენ.  ტენდერის მიმდინარეობის დროს, "SERENISSIMA", გაკოტრდა. გაკოტრების დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს. მიუხედავად ამისა, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა „ASTALDI”. ადასტურებთ ამ ფაქტს?

- დიახ. მასე იყო ნამდვილად.

- მსოფლიო ბანკისთვის თქვენ მიწერილი გაქვთ წერილები, სადაც  პირდაპირ  მხარს უჭერთ იმას, რომ მხოლოდ "ASTALDI" გასულიყო ამ ტენდერში. მაინტერესებს თქვენ, საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე, რატომ ითხოვდით ამ გამონაკლისის დაშვებას, როდესაც ლიკვიდაციის გამო, ერთობლივი საწარმო ვეღარ აკმაყოფილებდა საერთაშორისო ტენდერის პირობებს?  და ამ ყველაფერს არეგულირებს წესები და კანონები?

- რა თქმა უნდა, წესით და კანონით, მაგრამ მოდით კანონს ნუ დავარქმევთ, არ შეგვეშალოს. ეს არის მსოფლიო ბანკის წესები და მსოფლიო ბანკის წესით, პირობებს სატენდერო მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს ერთობლივი საწარმო ან თითოეული წევრი ცალკე. ანუ, შეიძლება თითოეულმა წევრმა ცალკეც დააკმაყოფილოს და შეიძლება ერთობლივმა საწარმომ ჯამურად დააკმაყოფილოს.

გამომდინარე იქიდან, რომ 2 წელი მიმდინარეობდა ეს ტენდერი, ჩვენი რეკომენდაცია იყო ასეთი: რახან "ASTALDI" მარტოც აკმაყოფილებდა ტენდერის მოთხოვნებს, ანუ "SERENISSIMA"-ს  გამოცდილება არ სჭირდებოდა, ამიტომ, საბოლოო ჯამში ჩვენ შევჯერდით, რომ ბანკმა, თვითონ და არა გზების დეპარტამენტმა ჯივი გახლიჩა, "SERENISSIMA" გამოაცხადა ამ ჯივის გარეთ და მარტო  ASTALDI - ს მიანიჭა გამარჯვება.

- თქვენ დაუშვით თუ არა გამონაკლისი ASTALDI -სთვის და იყო თუ არა ეს უპრეცედენტო შემთხვევა?

- დიახ და თვითონ ბანკმა აღნიშნა, რომ ეს არის ე.ი.  გამონაკლისი, უპრეცედენტო შემთხვევა, მომდევნო მონაწილეს, ზუსტად არ მახსოვს რა სახელი ჰქონდა, თუ არ ვცდები სამოცდაათი მილიონით  მეტი ჰქონდა შემოთავაზებული.

- თუ  ASTALDI ისედაც აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს, რაღაში სჭირდებოდა SERENISSIMA -სთან ერთად შემოსვლა? შემოეტანა მარტოს განაცხადი.

- მაგასაც აგიხსნით, ოღონდ ეს ჩემი აზრია, სუბიექტური. "სერენისიმა" მარტო ვერ აკმაყოფილებდა, მაგრამ მაშინ მობილიზებული იყო ჩვენ რეგიონში, როდესაც დაიწყო საერთოდ ამ ტენდერზე საუბარი,  მაშინ მაგათ პრობლემა არ ჰქონდათ, ეს არის 2016 წლის დასაწყისი. მაგრამ მერე, სანამ ეს ტენდერი მიმდინარეობდა და მინიჭების დრო დადგა,"სერენისიმა" გადავიდა გაკოტრების რეჟმში.

მიუხედავად იმისა, რომ "SERENISSIMA" ამობობდა, გაკოტრების რეჟიმი არ ნიშნავს იმას, რომ მე დახურული ვარ,  შემიძლია ნებისმიერ დროს უკან გადმოვიდე და ასე შემდეგ,  ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მაინც არ უნდა მიგვენიჭებინა "SERENISSIMA"-სთვის,  იმიტომ რომ არანაირი გარანტია იმისა, რომ გამოვიდოდა გაკოტრების რეჟიმიდან ჩვენ არ გვქონდა და თან ეს  წესებს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ მთლიანად უნდა ჩაშლილიყო ანუ დისკვალიფიკაცია უნდა მიცემოდა ჯივის ან უნდა  ჩაშლილიყო ტენდერი. მაგრამ შემდგომი მომდევნო ვინც იყო, მისი შემოთავაზებული თანხა ანუ ფასი იყო უკვე ბიუჯეტს ზევით.

- თქვენ საუბარში ახსენეთ, რომ არ გახსოვთ ვისი ინიციატივა იყო "ასტალდისთვის" გამონაკლისის დაშვება. დაგიკონკრტებთ, რომ ეს იყო პირადად თქვენი და საგზაო დეპარტამენტის ინიციატივა. არსებობს თქვენ მიერ მსოფლიო ბანკისთვის გაგზავნილი წერილები..

- შეიძლება,შეიძლება, მე ეგ არ მახსოვს...

- მსოფლიო ბანკის წამომადგენელი ბატონი მუსტაფა ბენმაამარი გწერდათ, რომ ლიკვიდაციის გამო ერთობლივი საწარმო პრეტენდენტი ვეღარ აკმაყოფილებსო ამ სატენდერო დოკუმენტაციით წაყენებულ მოთხოვნასო...

- კი,კი, მერე?!

- და ისინი ფაქტობრივად წინააღმდეგი იყვნენ, რომ მიეცათ ეს ტენდერი მათთვის...

- არაა, არაა, წინააღმდეგი როგორ იყვნენ? ბოლოს მაგათ ჯივი გახლიჩეს  ფაქტიურად  და ცალკე ასტალდის მიანიჭეს გამარჯვება და  წინააღმდეგი მანდ ვერ იქნებოდნენ ანუ, თანახმა იყვნენ მიენიჭებინათ ცალკე ასტალდისთვის.

- გარდა იმისა, რომ არსებობს მუსტაფა ბერნმაამარის წერილი, სადაც წერს, რომ ლიკვიდაციის გამო ერთობლივი საწარმო/პრეტენდენტი ვეღარ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციით წაყენებულ პირობებს, არის პარლამენტში რატიფიცირებულია კანონიც, რომელიც გვეუბნება, რომ როდესაც ჯივი  შემოდის ტენდერში, ისინი აღიქმება ერთ სუბიექტად და ტენდერი განიხილება, როგორც ერთი სუბიექტის.

არაკეთილსინდისიერია ქმედება არ არის, როდესაც  ორი სუბიექტით შემოვდივარ ტენდერში, ერთი კოტრდება და ჩემთვის უშვებენ გამონაკლისს? ამ ტენდერს სხვა პრეტენდენტებიც ჰყავდა და იქნებ ისინიც ცვლიდნენ შუა ტენდერში რაღაცეებს და უკეთესი პირობებით?!

- არა თამარ, ეგრე არ არის. ჯივი ძირითადად იქმნება ერთადერთი მიზნით, როდესაც ერთი კომპანია მთლიანად აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს, იგი ამხანაგს ასე ვთქვათ, არასდროს აიყვანს, არ ჭირდება გაყოფა ხო? თვითონ გააკეთებს ყველაფერს  თვიდან ბოლომდე.

- მეც მაგას არ გეუბნებით?! თუ მარტოც ართმევდა თავს, ამხანაგი რაში სჭირდებოდა?

- ჯივი დგება იმისთვის, რომ ერთობლივად დააკმაყოფილონ. იმ შემთხვევაში, თუ ჯივის ერთ-ერთი წევრი გაეთიშა და დარჩენილი წევრები ან წევრი ვეღარ აკმაყოფილებენ, მაშინ ექვემდებარება, რა თქმა უნდა, დისკვალიფიკაციას. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში "ასტალდი" ცალკე აკმაყოფილებდა და დეპარტამენტს შეუძლია მოგვცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ გამოცხადებულ პირობებს, რაც იყო თავიდან, ასტალდი მარტო აკმაყოფილებს.

- ასტალდი/სერენასიმა შემოვიდა როგორ საერთო სუბიქეტი, პროექტი მოიგო კომპანიამ, რომლის ერთი სუბიექტი გაკოტრდა. ანუ, შემოვიდა სხვა პირობებით და გაიმარჯვა სხვა პირობებით, რამაც პრეტენდენტები ჩააყენა არაკონკურენტუნარიან გარემოში.  ანუ, გამოიყენეს ჯივის უპირატესობა და შუა ტენდერის დროს ეს შეიცვალა.

- უპირატესობა არაფერი არ იყო, აქ უბრალოდ გეტყვი ისტორიულად   ალბათ როგორ იყო, სურვილი მონაწილეობის უფრო ჰქონდა "სერენისიმას" და რახან თვითონ არ ჰყოფნიდა გამოცდილება მაშინ, 2016 წლის დასაწყისში, ალბათ შეიამხანაგა „ასტალდი“ თავისი გამოცდილებით. მერე მოხდა ისეთნაირად, რომ "სერენისიმა" გაკოტრდა და ჯივის საერთოდ დისკვალიფიკაცია უნდა მინიჭებოდა ხო? მაგრამ ამაზე ვამბობ ზუსტად, რომ მოხდა და დათანხმდა ბანკი, ჯივის გახლეჩვას ანუ გაყოფას და მიენიჭა ექსკლუზიურად ერთ-ერთ პრეტენდენტს, რომელიც აკმაყოფილებდა. ცალკე რომ ყოფილიყო ასტალდი, მაინც დააკმაყოფილებდა.

- ბევრჯერ ახსენეთ ბატონო გიორგი გამონაკლის შემთხვევა და ექსკლუზიური გადაწყვეტილება.  რასთან გვქონდა საქმე ამ შემთხვევაში, რომ ასეთი გამონაკლისები დაუშვეს კონკრეტული კომპანიისთვის.

- მომდევნო პრეტენდენტი ვინც იყო, მე სახელი აღარ მახსოვს სამწუხაროდ, მაგრამ მახსოვს ციფრი 70 მლნ ლარით უფრო ძვირი იყო მისი წინადადება. და ამ კომპანიამ რამდენიმე წერილი მე როგორც მახსოვს ბანკში გააგზავნა. მსოფლიო ბანკში ითხოვდა, რომ მე მომეცითო ანუ 70 მლნ ლარით მეტი გადამიხადეთო იგივე სამუშაოებში.

თუ ჩვენ ჯივის დავადისკვალიფიცირებდით, მაშინ ფაქტობრივად, ტენდერი უნდა ჩაშლილიყო. ტენდერის ჩაშლა იწვევდა კიდევ იმას, რომ სესხის ვადა იყო უკვე ამოწურული ფაქტიურად და ვეღარ ეტეოდა ამ ვადაში ეს ყველაფერი. ამიტომ მსოფლიო ბანკი თვითონაც მიხვდა და მათი ვარიანტიც იყო, ბევრი მოლაპარაკება გვქონდა ჩვენ ამაზე.

ის კომპანია, რომელსაც აღარ ჰქონდა ვალდებულების აღების თავი, გაითიშა საერთოდ და ვალდებულება აიღო მხოლოდ იმ კომპანიამ, რომელსაც შესწევდა ამის ძალა და აკმაყოფილებდა

"ასტალდი/სერენასიმას" ქეისს  ბანკი  განიხილავდა საკმაოდ დიდი ხანი. მერე მიმოწერაში იყო  შემდგომ პრეტენდენტთან და საბოლოო ჯამში, მაინც მიანიჭა გამარჯვება ერთ-ერთ პრეტენდენტს, რომელიც სრულად აკმაყოფილებდა ტენდერის მოთხოვნებს.

- ხშირად აპელირებთ იმაზე, რომ მომდევნო პრეტენდენტის ფასი 70 მილიონით მეტი იყო. ეს ხომ აუქციონი არ არის? ეს არის ტენდერი, რომელსაც აქვს თავისი პირობები. საერთაშორისო ტენდერის პირობები კი გაწერილია მკაფიოდ და იქ არსად წერია, თუ მომდევნო პრეტენდენტის ფასი არ მოგწონს, ლობისტად სხვას უნდა დაუდგეო.

- არა, არა, არ გეთანხმები და ძალიან მინდა სწორად გაიგო...

- სწორად რომ მესმის, მაგიტომ გირეკავთ და გისვამთ კითხვებს...

- ბევრი რაღაც მაქვს სათქმელი, მაგრამ მერე მაინც ძირეულად, შეფასებებში  შეცდომები მოგდით ხოლმე. ამ შემთხვევაში, მარტო აკმაყოფილებდა და არანაირი კონკურენცია არ დარღვეულა.

- დაირღვა საერთაშორისო ტენდერის სამართლებრივი პრინციპები.სამართლებრივად როგორ ხდება ბატოო გიორგი განაცხადი შემოტანილი ჰქონდა ერთ კომპანიას "JV ASTALDI" SERENISSIMA"-ს და გაიმარჯვა სხვა კომანიამ -  "ASTALDI"-მ, რომელსაც ცალკე განაცხადი არ შემოუტანია.

- არა თამარ, ჯივი კომპანია იურიდიული პირი არ არის, ჯივი არის ამხანაგობა და არა იურიდიული პირია. ორ პირს ჰქონდა ერთად შემოტანილი, ერთი სუსტი პირი რომელსაც არ ჰქონდა თავი, ჩამოშორდა   და დარჩა ერთი, რომლიც მარტო  აკმაყოფილებდა.

- ცალკე შემოიტანა განაცხადი ამ კომპანიამ?

- რესპოდენტი: რა თქმა უნდა, ორივეს ჰქონდა შემოტანილი ერთად...

- ორივეს ერთად კი, ცალკე ასტალდის?!

- შენი ლოგიკა იქნებოდა აბსოლუტურად მართებული და დაგეთანხმებოდი თუ „ასტალდი“ მარტო არ დააკმაყოფილებდა, ანუ, მარტო თუ არ აკმაყოფილებდა და მიენიჭა ანუ  მეორეს ამ ჯივის წევრის გარეშე და თვითონ კიდე ცალკე არ აკმაყოფილებდა, ამ შემთხვევაში შენი ლოგიკა არის აბსოლუტურად მართალი. ზუსტად გამონაკლისი ის არის რომ  რახან მარტო აკმაყოფილებდა და „სერენისიმამ“ არ გამოხატა ამაზე პრეტენზია  და ჩამოშორდა ჯივის, მიენიჭა ჯივის დარჩენილ წევრს  რაც შესაძლებელია ტენდერის გაფორმების შემდეგაც ისედაც შესაძლებელია.

- ბატონო გიორგი მოდით ასე ვთქვათ, თქვენ ფსონი დადეთ "ასტალდიზე" იმ მოტივით, რომ მას მარტოც შეეძლო სამუშაოების ჩატარება.

- შეეძლო არა, აკმაყოფილებდა, მარტოც აკმაყოფილებდა!

- კი ბატონო, აკმაყოფილებდა. როდესაც ამ კომპანიას უწევდით რეკომენდაციას მსოფლიო ბანკთან, რისკ ფაქტორები თუ გათვალეთ?  მარტო როგორ აკმაყოფილებდა, როცა იქ ჯერ კიდევ არაა სამუშაოები დაწყებული?

- არ არის ეს სწორი, თამარ, აბსოლუტური სიცრუა,სიყალბეა...

- სიცრუეა?!  როგორ,  დაიწყო "ასტალდიმ" სამუშაოები?!

- "ასტალდის" ძალიან  დიდი სამუშაოები აქვს უკვე ჩატარებული, გზის ვაკისი თითქმის დამთავრებულია, რაც შეეხება ხიდებს...

- დიახ, სამუშაოებში სწორედ ხიდებს და გვირაბებს ვგულისხმობ...

- ხიდებზე გიპასუხებთ, ხიდებზე აქაც იყო გეოლოგია გადასამოწმებელი და გეოლოგიისგან გადამოწმების შემდეგ, როგორც ჩემთვის ცნობილია ხიმინჯები ორჯერ დაგრძელდა, წარმოგიდგენია? 2-ჯერ დაგრძელდა.

- ხიდები ვიგულისხმე მე ბატონო გიორგი, რომ იცოდეთ ყველაზე მთავარი ეგ იყო მანდ...

- კი,კი, გეთანხმები, ხიდებთან ეგ პრობლემა არსებობდა და ხიდებს დაიწყებს ალბათ.კონტრაქტის მართვა ვადებში ეტევა ჯერჯერობით. არაფერი პრობლემა მანდაც  არ დამდგარა და არაფერი ისეთი არ მომხდარა. რაც შეეხება გვირაბებს, იქ კონტრაქტორი ჰყავს და მართალი რომ გითხრათ გვირაბები რა ფორმაშია, იქ ცოტა რთული მისადგომებია და როგორ მიუდგება, არ ვიცით...

- მაგას ვგულისხმობდი, ბატონო გიორგი რომ გეკითხებოდით, იმიტომ რომ ამ პროქეტში მთავარი  იყო სწორედ ეს ხიდები და გვირაბები.

- ხიდები და გვირაბებია, კი...

- ერთი წელია თითქმის, რაც ტენდერში გამარჯვებულებად გამოაცხადეს „ასტალდი“ და  არც ხიდების მშენებლობა დაუწყია და არც გვირაბების...

- მე არ ვიცი ახალ სამუშაობა გეგმა როგორ აქვთ შეთანხმებული, მაგრამ დაახლოებით 18 თვეა ჯერ კიდევ პროექტის დასრულებამდე. როგორ დაასრულებენ, ეგ ახლა უკვე  მაგათი პრეროგატივაა.

- თქვენ რომ ბრძანეთ, ახლა რომ ხიმინჯები 2-ჯერ დაგრძელდა და დამატებით გეოლოგიური კვლევები სჭირდება.  ანუ გაუძვირებს პროექტს?

- არა, არა, ეგაც არასწორედ გაიგეთ. ხიმინჯები და ფითილები აბსოლუტურად სხვადასხვა თემაა აქ სულ სხვა ხიმინჯებია. აქ ის ხიმინჯები არაა, შენ რომ გსმენია, აქ სულ სხვა ხიმინჯებია,და ბეტონის ხიმინჯები არის 1200 მმ-იანი და სიღრმე ექნება და ის  ქვის ხიმინჯები სხვა თემაა.

- მოკლედ, ისე კარგად იცით თქვენ ეს დეტალები, თქვენი გაშვება დეპარტამენტის თავმჯდომარეობიდამ  ფაქტობრივად, დანაშაული იყო...

- დავიწყოთ იქედან, რომ მე არავის გავუშვივარ. სხვა თემაა, მთხოვეს თუ არა დარჩენა. მე ყოველთვის მოხარული ვიქნები, რომ საზოგადოებას ღრმად მივაწოდო ის საკითხები, რაც აინტერესებს. ალბათ ისიც გექნებათ უკვე ნანახი, იმ გზის დემონტაჟი რომ დაიწყეს და სახელმწიფო ამაში არაფერს იხდის. ჩვენ მოვახერხეთ ამის გაკეთება. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ 50 მილიონზე მეტი დაგვიზოგავს პროექტებში...

- ბატონო გიორგი, მარტო თქვენი სახელით მელაპარაკებით „ჩვენო“ რომ ამბობთ, თუ ალავიძესაც გულისხმობთ?

- არა, არა... ალავიძე იყო ჩემი პოლიტიკური ხელმძღვანელი, რომელიც გვეუბნებოდა რა, როდის როგორ უნდა გაგვეკეთებინა და ვადებს გვიწესებდა. რაც შეეხება პროექტების მართვას და ტექნოლოგიებს, ამას მთლიანად აკეთებდა ის გუნდი, რომელიც უჩემოდ ჩამოყალიბდა თავის დროზე, რომელსაც მე უბრალოდ ვმართავდი და ჩემ თავზე ვიღებდი პასუხისმგებლობის ტვირთს, ჩემო კარგო.

- თქვენ ახსენეთ, რომ  ხიმინჯები ორჯერ უნდა დაგრძელდეს და განაცხადეთ, რომ საჭიროა დამატებითი გეოლოგიური კვლევები. ანუ გაუძვირდებათ პროექტი?ამ კომპანიას?

- როგორი რაღაცაა  ნახეთ... თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, რომ პარლამენტის მიერაა რატიფიცირებული  ხელშეკრულება. ხელშეკრულება გულისხმობს იმას რომ ეს პროექტი იმართება ფიზიკის წესებით. ფიზიკის წესებით რაც არის დაშვებული, თუნდაც რომ ჩვენი კანონმდებლობით არ იყოს გათვალისწინებული ეს არ არის კანონდარღვევა. ახლა მეორე  საკითხი - თუ ფიზიკის წესებით გაიზარდა თავდაპირველი საკონტრაქტო ღირებულება ეს არ ნიშნავს, რომ   იქ რამე დაირღვა და რატომ: კონტრაქტში ჩადებული არის იმთავითვე ე.წ. ფასის ესკალცია  და დესკალაცია. ორივე პლიუსისკენაც და მინუსისკენაც...

- რამდენი პროცენტია ჩადებული? რამდენ პროცენტში უნდა იმერყეოს ბატონო გიორგი?

- ზუსტად მე შეიძლება ახლა შემეშალოს ვერ გეტყვი ეს შეიძლება კონკრეტულ სესხში კონკრეტულად იყოს, მაგალითად იაპონელები მეტს დებდნენ, შეიძლება მსოფლიომ ნაკლები ჩადოს და ახლა მე მაგაზე ვერ გაგცემ კომპეტენტურ  პასუხს. მაგრამ სულ მუდამ არის ფასის ესკალაცია და დესკალაცია. მაგალითად „ტოდინთან“ მიმართებაში ფასთა ინდექსაცია რომ მოხდა, იქ მოხდა პლიუსითაც და მინუსითაც, ამიტომ ჩვენც გადავუხადეთ და იმათმაც გადაგვიხადეს. ეს ის ქეისია, შეცდომით წაღებული 18 მილიონი უკან რომ დააბრუნა კომპანიამ და წერილობით აღიარა, რომ შეცდომით ჰქონდა დეპარტამენტს გადახდილი. ეს ფული არ არის ბიუჯეტში დაბრუნებული? იურისტებმა თავი შეაკლეს ფაქტობრივად ამ საქმეს და დავუტოვეთ ფული ქვეყანას და ბიუჯეტს. ესაც ხომ საქმეა?

მე შეიძლება კიდევ ერთხელ გითხრა, რომ ერთადერთი ჩემი დამსახურება იყო ის რომ პასუხისმგებლობას გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ვიღებდი მე და ჩემ სპეციალისტებს და ინჟინრებს და თანამშრომლებს ეს ტვირთი ჰქონდათ მოხსნილი და გაცილებით უფრო ლაღად და გაბედულად იძლეოდნენ თავიანთ რეკომენდაციებს.

- ბატონო გიორგი, დამატებითი გეოლოგიური კვლევების, ხიმინჯების დაგრძელების გამო თუ გაუძვირდებათ პროექტი, ვინ იხდის დამატებით ფულს?

- სესხში დევს ეს თანხა, იმ თავითვე დევს მაგრამ სესხის თანხას  იმედია, რომ არ გაცდება. ეჭვი მეპარება საერთოდ კონტრაქტის თანხას რომ გაცდეს, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ...

იყო ესეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთ კომპანიას არ ჰქონდა გათვლილი ხიმინჯები 11 მილიონის   და  ზედმეტი უნდა გადაეხადა დეპარტამენტს, მაგრამ ეკონომიების  ხარჯზე დაიფარა და ასე შემდეგ. ის რომ სატენდერო ფასს გასცდეს ესეც არ არის აუცილებელი. მაგრამ შეიძლება ეს იყოს დაახლოებთ 15%.

მე სანამ მოვიდოდი, პროექტის ხელმძღვანელი არც ატყობინებდა დეპარტამენტის ხელმძღვანელს 15 %-ის ოდენობით ისე აკეთებდა ფასის ექსკალაციას.

- 15% ცოტააა ბატონო გიორგი? 140 მილიონის და 200 მილიონის 15 პროცენტი, რომელიც ჩვენ სესხად გვაქვს სხვათაშორის და არა საჩუქრად?!

ხოდა ცოტა რომ არ  არის, მე მოვსპე ეგ, გენაცვალე და აღარ არის.

- მე მაქვს ასეთი ინფორმაცია,რომ "ასტალდი" ნამდვილად ეძებს სუბკონტრაქტორებს ხიდებისთვის და გვირაბებისთვის და ჯერჯერობით ვერ პოულობს.

არის ისეთი მოსაზრება, რომ ისეთი დემპინგური ფასი დადო "ასტალდიმ" რომ ახლა უკვე ამ ფასად არავის არ სურს აქ სამუშაოების დაწყება, მოდით პირდაპირ დავსვამ ამ კითხვას.

- ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ, რომ ვიცი რომ  გვირაბებზე ჰყავს კონტრაქტორი და თვითონაც აწვდის რაღაც მასალებს და მანქანა-დანადგარებს იმისათვის, რომ ამ კონტრქტორმა დაიწყოს მუშაობა და დაწყებული აქვთ უკვე მუშაობა, რამდენადაც ვიცი.

რაც შეეხება ხიდებს,  გამომდინარე იქედან, რომ  ახალი გეოლოგია გაკეთდა და ახალი გათვლები და კალკულაციები მიდის, დეპარტამენტში უნდა წარადგინონ ახალი ანგარიშები და როგროც კი დაუმტკიცებს ამას ინჟინერი, დაიწყებენ მუშაობას.

- ბატონო გიორგი, საინჟინრო შემოწმებები, გეოლოგიური შემოწმებები, გზშ-ები, ეს არის პროექტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხორციელდება და ითვლება არა პროექტში და ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, არამედ  მანამდე.

- აგაშენათ ღმერთმა! ეგრე უნდა იყოს, მართალი ხარ გეთანხმები, მაგრამ ამ კონკრეტულ პროექტში და სხვა პროექტებშიც,  მაგალითად გრიგოლეთში, ჩადებული იყო პირობა ისე, რომ კონტრაქტორმა თვითონ უნდა განახორციელოს  ხელმეორედ კვლევები და იმ ახალი კვლევების  საფუძველზე, მიიღოს ახალი გადაწყვეტილებები.

- მაგას გეკითხებით სწორედ, ახალ კვლევებს ახალი ფული სჭირდება, ანუ ჩვენ ორჯერ ვიხდით ფულს კვლევებში?!

- სამწუხაროდ, რატომღაც იყო ასეთი პრაქტიკა ანუ პროექტის შედგენის პროცესში. მაგალითად "ასტალდის" პროექტში პირდაპირ არის ჩანაწერი გაკეთებული, რომ  უნდა გაკეთდეს დამეტებითი გეოლოგიური კვლევები.

- ეს პროექტს აძვირებს ბატონო გიორგი, ამას გეკითხებით…

- არა ეგრე ნუ ვიტყვით, ანუ რომ გაეკეთებინათ, მეტი იქნებოდა პროექტში გადასახდელი. ამან პროექტში სრულყოფილად ეს არ გააკეთა, ამის ფული გადახდილი არ იყო, რადგან ფიზიკურად ვერ მიუდგა იმ ადგილებს.

ახლა ეს გააკეთებს დამხმარე გზებს და  გადაიხდის იქ თანხებს, ავა და გაბურღავს და გააკეთებს იმის მიხედვით. მაგალითად, პორტალებს და ხიმინჯებს დააპროექტებს. მაგრამ რაც შეეხება ახალ პროექტებს, რომლებიც ჩვენ შევიძინეთ, ჩვენ დროს გაკეთდა, რაც კი ახალი პროექტებია, იქ ყველგან დაზღვევა ჩავდეთ ჩვენ  და თუ რაღაც გარკვეული პროცენტით იზრდება მოცულობები, ამ თანხას ანაზღაურებს პროექტანტი. დაზღვევები გვიდევს ყველგან, მათ შორის რიკოთზე, კობის გვირაბზე  და ასე შემდეგ.

ერთი სიტყვით, მართალი ხართ და ეს ხარვეზი გამოსწორებული გვაქვს. იყო ეგ ხარვეზი მაგრამ ახლა ეგ ახალ პროექტში აღარ იქნება

- ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტს კიდევ ერთი უცნაური ისტორია ჰქონდა. ტენდერს  სულ სხვა გამარჯვებული ჰყავდა პირველ ეტაპზე - china Railway construction corporation limited (CRCC) (ჩინეთი) მიუხედავად იმისა, რომ crcc აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტის მიხედვით წაყენებულ უკლებლივ ყველა მოთხოვნას, აბსოლუტურად გაურკვეველი მიზეზების გამო, 6 თვის შემდეგ გავიდა ის ამ ტენდერიდან.

კომპანია გავიდა გავიდა მოგებული ტენდერიდან. ასეთი რამ ხშირად არ ხდება, თქვენც იცით და მეც ვიცი, რომ კომპანიები მოგებულ ტენდერებზე უარს არ ამბობენ.  ხომ ვერ მეტყვით, მიზეზს, რატომ თქვა უარი ამხელა პროექტზე კომპანიამ?

- china Railway - ეს არის პრობლემური კომპანია, შენ ჩემზე კარგად იცი. ამ კომპანიას გრიგოლეთის მეოთხე ლოტზეც ჰქონდა კონტრაქტი.  გრიგოლეთის მეოთხე ლოტზე ჰქონდა დაგვიანებები ანუ არ მუშაობდა ფაქტობრივად და ცუდად მუშაობდა. და მაგ პერიოდში ხელმძღვანელობამ,  თავისივე ხელმძღვანელობამ, როდესაც დადგა საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელების მომენტი, უარი განაცხადა გაგრძელებაზე, რადგან,  ალბათ იმ მომენტისთვის ფინანსური შესაძლებლობები რომ ორივე პროექტში შემოსულიყო, არ ჰქონდა. ეს დეტალები ჩვენთვის უცნობია.

რაც შეეხება ჩინელების შემოთავაზებულ ფასს და ახალი კომპანიების, რომელთაგან  ერთ-ერთი ჩინური "სინოჰიდრო" იყო და მეორე "ასტალდი", თუ არ ვცდები, სულ რაღაც ერთი პროცენტით ნაკლები  იყო china Railway - ს ფასი. ასე რომ, დიდი დანაკლისი მაგითი სახელმწიფოს არ განუცდია თუ ეგ ჩამოშორდა. ასე ვთქვათ, რომ წავიდა და სამაგიეროდ სამტრედია-გრიგოლეთის მეოთხე ლოტის კეთება დაიწყო კეთილსინდისიერად, ეგაც დიდი საქმე იყო.

პლუს კიდევ, მაგის შემდეგ ჩვენ გვაქვს მაგ კომპანიასთან მიღწეული შეთანხმება. ეს კომპანია ვერ აკეთებდა და ვერ ასრულებდა მანდ სამუშაოებს, საქმე მივიდა უკვე ფაქტობრივად კონტრაქტის გაწყვეტამდე, მაგრამ მერე ჩაერია ელჩი, ჩაერია არ ვიცი ყველანი ჩაერივნენ და გავაკეთეთ მათთან ახალი შეთანხმება. ამ შეთანხმების საფუძველზე მათ უარი თქვეს 11 მლნ-იან ფლეიმზე , სახელმწიფომ დაზოგა ეს თანხა. სამაგიეროდ მისცა უფლება, რომ გაეგრძელებინა პროექტი და ეს კომპანია მას შემდეგ აგრძელებს გრაფიკის მიხედვით.

რომ არა კონტროლირებადი ჯდენები,   წლის ბოლომდე დაასრულებდა თავის მონაკვეთს. შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპანიამ გრიგოლეთის მეოთხე ლოტზე ის დაგვიანება რაც ჰქონდა, სრულად აღმოფხვრა.  თორემ დანარჩენი მიზეზი თავისი წინადადების არ განახლების, შეიძლება ვივარაუდოთ, მხოლოდ  ის იყო, რომ ფინანსურად საქართველოში ძალიან დიდი ტვირთი აწევს მას - ეს არის გრიგოლეთი და რკინიგზა  და იფიქრა, რომ ამხელა...

- და  მეორე პროექტზე კომპანიას გადავადება ჰქონდა 18 თვე. ბევრს აქვს ასეთი გადავადებები?

- კი, კი გადავადება ჰქონდა მანდ. კიდევ ერთხელ გეუბნები, მთავრობაზე გავიდა ეგ საკითხი, იუსტიციასთან ერთად მთელი რისკები შეფასდა მანდ და ჩვენ  გვაქვს ეს კონფიდენციალური დოკუმენტაცია მაგაზე, რა და რის მიხედვით იმსჯელა მაშინ სახელმწიფომ.  უბრალოდ ეს ყველაფერი რომ გავასაჯაროვოთ,  ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ სტრატეგია. ეს სტრატეგია ყველამ თუ გაიგო, მერე ყველა მოგვიგებს ხო? საბოლოო ჯამში ჩაითვალა, რომ  სახელმწიფოსთვის გაცილებით მომგებიანი იყო, china Railway- ის  მეოთხე ლოტი დაემთავრებინა და არ გაუწყდათ ხელშეკრულება.

რაც შეეხება ზემო ოსიაურ- ჩუმათელეთს, ჩემი ვარაუდია, რომ მათ უბრალოდ თვისი სატენდერო წინადადების ვადა აღარ გააგრძელეს თავიანთი ფინანსური  მდგომარეობიდან გამომდინარე.

- კონფიდენციალურ მომოწერაში რას გულისხმობ?! მთავრობის სპეციალურ განკარგულებას ყოფილი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმოწერით?

- მაგას არ გეუბნებით, ეგ რა თქმა უნდა, კონფიდენციალური არაა... სახელმწიფოს რაც სარგებელს  მოუტანს,  არ უნდა ვასწავლოთ ხო ყველას?! იმ მომენტში შეიძლება ძალიან მკაცრად ვიქცევით, სინამდვილეში ვიცით, რომ ჩვენი პოზიციები არა მთლად მყარი, მაგრამ დამაჯრეებლად ვიქცევით და საბოლოოდ მივაღწევთ იმ შედეგს, რა შედეგიც ჩვენ გვინდა.

აქაც დაახლოებით ასე იყო, სახელმწიფომ მიაღწია იმ შედეგს, რომ დემპინგური ფასით მოგებულმა კომპანიამ, იმის მაგივრად, რომ  პირამიდში შესულიყო და ალბათ ეგ განზრახვა ჰქონდა მას. მაგის მაგივრად, ჩინეთიდან ერიცხება ახლა ფული და ამთავრებს. სხვათაშორის, ეგ პირველი შემთხვევა არ არის თამარ. "ჩაინა ნუკლეარმაც" თავის ლოტზე აგარა-რუისი,  იგივე გააკეთა, არ ეყო მას თანხა და ჩინეთიდან ჩაერიცხა. 

აი ეს არის ზუსტად პროექტის სწორი მართვა, როდესაც ჩვენ სატენდერო ღირებულებას არ ვზრდით, საკონტრაქტო ღირებულებას არ ვზრდით და საბოლოო ჯამში, სამუშაოები სრულდება.

პ.ს ამ თემასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კითხვები გავუგზავნეთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომლებმაც 10 დღიანი ვადა ითხოვეს. ეს ვადა 2 დღეში გადის. შესაბამისად, მათ პასუხებსაც შემოგთავაზებთ.

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

12 საათის წინ

ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებთან დაკავშირებით შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ორგანიზებით დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი მაია მელიქიძე...