საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით, ერთხმად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე", რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ  წარადგინა.

ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში დეტალურად არის განხილული ეროვნული ბანკის 2017 წლის საქმიანობა. აგრეთვე, ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც 2017 წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდნენ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.

ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა, საგადასახდელო ბალანსის დადებითი ტენდენციები, გამოწვევები საბანკო სექტორში და ლარიზაციის ღონისძიებები - ეს ის თემებია, რაზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას გაამახვილა ყურადღება.

კობა გვენეტაძემ თავისი გამოსვლა ინფლაციაზე საუბრით დაიწყო, რომლის მაჩვენებელი 2017 წელს მიზნობრივზე მაღლა ნარჩუნდებოდა. რაც ძირითადად ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული. ეს იყო თამბაქოს ნაწარმსა და საწვავზე ფასების მატება, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდამ განაპირობა. მოგვიანებით, ასევე ადგილი ჰქონდა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატებას, რამაც დამატებით ზრდის მიმართულებით იმოქმედა ინფლაციაზე.

"აღნიშნული მოვლენების ფონზე, როგორც ეროვნული ბანკის მიერ იყო პროგნოზირებული, 2017 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდებოდა, ხოლო მონეტარული პოლიტიკა ზომიერად მკაცრი იყო. 2017 წლის განმავლობაში საშუალოდ ინფლაცია 6 პროცენტს შეადგენდა. აქედან ერთჯერადი ფაქტორები 2.2-დან 3.1 პროცენტული პუნქტის ფარგლებში მერყეობდა. მათი გამორიცხვით კი ინფლაცია, ძირითადად, 4-პროცენტიანი მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდებოდა.

2018 წლის დასაწყისიდან ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ძირითადი ნაწილის ამოწურვის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და მიზნობრივ დონესთან - 3 პროცენტთან -  ახლოს ნარჩუნდება. მაისში წლიური ინფლაცია 2.5 პროცენტი იყო. მოსალოდნელია, რომ 2018 წლის დარჩენილ პერიოდშიც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

2017 წელი დადებითი ტენდენციებით გამოირჩეოდა საგარეო ეკონომიკური აქტიურობის თვალსაზრისით. შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2016 წელს არსებული მთლიანი შიდა პროდუქტის 12.8 პროცენტიდან 2017 წელს 8.7 პროცენტამდე შემცირდა. ეს უკავშირდება, მოქნილი გაცვლითი კურსისა და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის გაზრდილი კონკურენტუნარიანობის ფონზე,  საქონლის ექსპორტიდან და, განსაკუთრებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას. ეს, შესაბამისად, აისახება როგორც ადგილობრივი კომპანიების, ასევე მათ მიერ დასაქმებული ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

"მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია ასევე მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით, რაც, თავისთავად, გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებზე შემცირებაში აისახება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ბოლო 10 წლის მანძილზე საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტს აღწევდა, 2017 წლის დეფიციტის შემცირება მნიშვნელოვანი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისა და სარეიტინგო ინსტიტუტებისთვის. ამის მაგალითია ისიც, რომ გასული წლის სექტემბერში სარეიტინგო სააგენტო მუდისმა (Moody’s) საქართველოს რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გაზარდა, რაც ძირითადად გაუმჯობესებულ მაკრეკონომიკურ და ინსტიტუციონალურ გარემოს უკავშირდებოდა. მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება 2011 წლის შემდეგ არ მომხდარა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მნიშვნელოვანი ყურადღება თავის გამოსვლაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაუთმო საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებს. ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც 2017 წლის დეკემბერში განხორციელდა და რომლითაც საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება სრული ზედამხედველობა გაუწიოს არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციების საქმიანობას. შედეგად, თანაბარი რეგულირება და ზედამხედველობა განხორციელდება მთელ საფინანსო სექტორზე, იმისათვის რომ ფიზიკური პირების თანხები მაქსიმალურად იყოს დაცული არამართლზომიერი ქმედებებისაგან.

ანგარიშში, განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი მოსახლეობის ჭარბვალიანობის  თემას.   საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში, დაკრედიტებაში გაზრდილი ფიზიკური პირების სესხების წილი პოტენციურად მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკებს ზრდის. კობა გვენეტაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი საკრედიტო დანაკარგების რისკი და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის პირდაპირი საფრთხე ამ ეტაპზე დაბალია, ანალიზი მომავალში ჭარბვალიანობის ზრდასა და, შედეგად, ფინანსური სტაბილურობის რისკების მატების ალბათობაზე მიანიშნებს. ეს გარემოება უფრო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების აუცილებლობაზე მიუთითებს.

"ეროვნულმა ბანკმა, 2018 წლის იანვრის საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მიიღო უფლებამოსილება დაარეგულიროს სესხის ყველა გამცემი, რომელსაც 20-ზე მეტი მსესხებელი ჰყავს. შედეგად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტები თანაბრად გავრცელდება ყველა გამსესხებელზე. უკვე შექმნილია აღნიშნული რეგულაციის სამუშაო ვერსია და მიმდინარეობს კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან. დოკუმენტი ეფუძნება სამომხმარებლო დაკრედიტების რეგულირების ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს, რომლის ძირითადი პრინციპის მიხედვით, სესხის გაცემამდე კრედიტორმა უნდა შეაფასოს, შეუძლია თუ არა მსესხებელს ვალდებულებების გასტუმრება საკონტრაქტო ვადაში ფინანსური სირთულეების გარეშე.

ამ ფონზე, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ადეკვატური ღონისძიებების სწრაფად განხორციელება, რომ არ მოხდეს ჭარბვალიანობის პრობლემების გაღრმავება და, მეორე მხრივ, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ რეგულაციების რადიკალურად გამკაცრებამ შესაძლოა, გამოიწვიოს დაკრედიტების ჩრდილოვან ფინანსურ სექტორში გადანაცვლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მარეგულირებელი ღონისძიებების განხორციელება სწრაფად, თუმცა თანმიმდევრულად და ეტაპობრივად მიმდინარეობს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება მაღალი დოლარიზაცია. დოლარიზაციის შემცირება და, შესაბამისად, ლარიზაციის წახალისება საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და მისი ხელშემწყობი ღონისძიებები ეტაპობრივად ხორციელდება. ამ კუთხით 2017 წელი განსაკუთრებული იყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა, რომლის ძირითადი ნაწილი უკვე შესრულდა, ნაწილი კი გრძელვადიან ხასიათს ატარებს და განხორციელების პროცესშია. ლარიზაციის ღონისძიებების შედეგები უკვე აისახა საბანკო სისტემის მაჩვენებლებზე. თუმცა დოლარიზაციის შემცირება ხანგრძლივი პროცესია. შესაბამისად ამ მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება მანამ, სანამ დოლარიზაციის მასშტაბები მისაღებ დონემდე  არ შემცირდება.

ლარიზაციის ზრდის უმთავრესი წინაპირობა არის ქვეყანაში დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება და მოქნილი გაცვლითი კურსის არსებობა, რაც უზრუნველყოფს ეროვნული ვალუტისადმი, როგორც გრძელვადიანი აქტივისადმი, ნდობის ამაღლებას. ნდობის ამაღლება არ ხდება მყისიერად, არამედ ეს არის დროში გავრცობილი პროცესი. თუმცა, შესაძლებელია, გარკვეული სტიმულების შექმნა აღნიშნული პროცესის დასაჩქარებლად. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს მთავრობასთან ერთად დედოლარიზაციის ღონისძიებების განხორციელებაზე და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით",  - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შოვი "არტარეა ფესტივალის" ფარგლებში ღონისძიებას - "მუსიკა და პოეზია რაჭაში" უმასპინძლებს

შოვი "არტარეა ფესტივალის" ფარგლებში ღონისძიებას - "მუსიკა და პოეზია რაჭაში" უმასპინძლებს

13 ივლისი, 2018

"არტარეა ფესტივალი" საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობს. 14 ივლისს  შოვის ყოფილი პირველი სანატორიუმის ეზოში (ე.წ სტალინის სახლი) გოგი ძოძუაშვილი და რატი ამაღლობელი აუდიტორიის წინაშე ერთობლივი პროექტით - "წრე" წარსდგებიან...