საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივები

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივები

ელექტროენერგია ის პროდუქტია, რომლის გარეშეც დღეს ცხოვრება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია: გარკვეული ოდენობის ელექტროენერგიას საჭიროებს სასიცოცხლო მნიშვნელობის სამეცნიერო თუ გასართობი ობიექტები, საწარმოო საშუალებები, სამედიცინო აპარატურა, ტრანსპორტი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა...

1990-იანი წლების უშუქობას მალევე გადავეჩვიეთ და გადაგვავიწყდა კიდეც. დენი „გრაფიკით“ მრავალი წელია, აღარ მოგვეწოდება და მეტიც, საქართველოს ელექტროენერგია ექსპორტზე გააქვს. ამ პირობებში ჩვენ, რიგით მომხმარებლებს, აზრადაც არ მოგვდის, რომ რეალურად საქართველოს ენერგოსისტემა მწვავე დეფიციტს განიცდის და სასწრაფოდ ესაჭიროება გენერაციის ახალი წყაროები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, კვლავ ბნელ 1990-იანებში დაბრუნება მოგვიწიოს.

სწორედ ამით არის განპირობებული ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც ამჟამად სვანეთში მიმდინარეობს.

ელექტროენერგიის გამომუშავების სადღეისოდ არსებული წყაროები

ვითარებაში უკეთ გასარკვევად, მოდი, განვიხილოთ, რას წარმოადგენს საქართველოს ელექტროსისტემა. დავიწყოთ ელექტროენერგიის გამომუშავების სადღეისოდ არსებული წყაროებით.

საბედნიეროდ, საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტრორესურსი აქვს, რომლის მხოლოდ 20%-ია ამჟამად ათვისებული. შედარებისთვის, ავსტრიაში ეს მაჩვენებელი 80%-ია, შვეიცარიაში – 90%.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროელექტრორესურსის მხოლოდ 20% გვაქვს ათვისებული, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი – 80% გამომუშავდება ჰესებზე, 19% – თბოელექტროსადგურებზე, კიდევ დაახლოებით 1%-ს ქართლის ქარის ელექტროსადგური გამოიმუშავებს. თბოსადგურებისთვის საჭირო ენერგომატარებლები საქართველოში არ მოიპოვება და მათ იმპორტს ვახორციელებთ.

ელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგია ერთიან სისტემაშია ჩართული და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით მიემართება გამანაწილებელი ქვესადგურებისკენ, იქიდან კი უკვე უშუალოდ ნაწილდება მომხმარებლებზე.


ელექტროენერგეტიკული სისტემა (გენერაცია-გადაცემა-განაწილება)

რატომ იქმნება საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი?

ენერგეტიკული კუთხით საქართველო დაახლოებით 75%-ით უცხოურ ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანი დეფიციტი გვაქვს ელექტროენერგიის კუთხითაც.

ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია, ელექტროენერგიის მიწოდება და მოხმარება ერთმანეთის ტოლი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროენერგიის ხარისხი უარესდება და სისტემაში ავარიული სიტუაცია იქმნება.

თუმცა, ვინაიდან ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცესებია, გენერაციის ობიექტების მიერ გამომუშავებული მოცულობა ყოველთვის როდი ემთხვევა მოთხოვნილს. ხშირია პერიოდები, როდესაც მომხმარებლის მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატება მოცულობას, რომლის გამომუშავებაც კონკრეტულ მომენტშია შესაძლებელი.

ასეთ დროს იქმნება ელექტროენერგიის დეფიციტი, რომელიც აუცილებლად უნდა შეივსოს, რათა სისტემამ გამართულად იმუშაოს.

ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების სეზონურობა

საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება და მოხმარება სეზონურობით ხასიათდება: მოხმარება ზამთრის პერიოდში უფრო მაღალია, ვიდრე ზაფხულში, ხოლო მიწოდება საპირისპირო ტენდენციით ხასიათდება.

კერძოდ, ზაფხულის პერიოდში წყლის ჭარბი რესურსი საშუალებას იძლევა, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს და ნარჩენი ელექტროენერგია ქვეყანამ ექსპორტზე გაიტანოს. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კი, როცა ჰიდრო- და თბოგენერაციის სიმძლავრეებით მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, საჭირო ხდება იმპორტი.

2017 წელს იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია: მოხმარებაში მისმა წილმა თითქმის 13% შეადგინა.

ელექტროენერგიის დეფიციტის შევსების წყაროები

საქართველოში დეფიციტის შევსების აპრობირებული მეთოდია მისი შემოტანა რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. თუმცა მეზობელი სახელმწიფოებიდან იმპორტი ამ ქვეყნებზე დამოკიდებულებასა და არაპროგნოზირებად ფასებს ნიშნავს.

ამდენად, დეფიციტის დასაფარად ქვეყნის შიგნით გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობაა აუცილებელი.

მარეგულირებელი სადგურები, ნენსკრა ჰესი და მისი უპირატესობანი

ელექტროენერგიის მოხმარება-მიწოდების სეზონური ხასიათიდან გამომდინარე, არსებული დეფიციტის დაფარვა შესაძლებელია მარეგულირებელი ჰესებით.
სწორედ ამ ტიპის სადგური – ნენსკრა ჰესი შენდება ამჟამად სვანეთში.

ამგვარ სადგურებს რეგულირების შესაძლებლობები აქვს, რაც მნიშვნელოვანია როგორც დეფიციტის შესავსებად, ისე სისტემის გამართულად მუშაობისთვის.
 

ქობულია:ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის მეტი ჩართულობა გვინდა,რათა უფრო მეტად დასაქმდნენ

ქობულია:ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის მეტი ჩართულობა გვინდა,რათა უფრო მეტად დასაქმდნენ

13 ივლისი, 2018

"ჩვენ გვინდა მოსახლეობის მეტი ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში. ისინი უფრო მეტად უნდა დასაქმდნენ და მიიღონ შემოსავალი. ამდენად, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მხოლოდ ზრდაზე ორიენტირებულ პროექტებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი...