"ბლაუენშტაინ საქართველო" ქვეყანაში წარმოების  გაფართოებას გეგმავს

"ბლაუენშტაინ საქართველო" ქვეყანაში წარმოების გაფართოებას გეგმავს

ქართულ-შვეიცარიული კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველო" ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს-გარემოს პოზიტიურად აფასებს და საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას, წარმოების  გაფართოებას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის შვეიცარიელმა დამფუძნებელმა მაქს ბლაუენშტაინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.

მაქს ბლაუენშტაინმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კომპანიის მიერ ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდის საფუძველია. ამ დროისათვის, „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია, 27 მლნ ლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავსი პროექტები მაღალმთიანი რეგიონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, რაჭის ეს მოდელი სხვა მთიან რეგიონებშიც წარმატებით უნდა განხორციელდეს, რაც ადგილობრივების დასაქმებას და სოფლად მცხოვრებთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ბიზნესმენების - მაქს ბლაუენშტაინისა და ირაკლი კერვალიშვილის მიერ რაჭაში დაარსებული ქართულ-შვეიცარიული კომპანია ნატურალურ პროდუქციას ტრადიციული მეთოდებით და ამავდროულად, ევროპული სტანდარტებისა და რეცეპტების გამოყენებით  აწარმოებს.

ამ ეტაპზე "ბლაუენშტაინ საქართველო" 4 სათაო და 10 პარტნიორ ფერმას ფლობს, აგრეთვე, აქვს საკუთარი პირველადი დამუშავების საწარმო და ერთი საფირმო მაღაზია თბილისში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდა.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...