ანსამბლ "ანჩისხატის" კონცერტი დუშეთში გაიმართება

ანსამბლ "ანჩისხატის" კონცერტი დუშეთში გაიმართება

20 მაისს 16 საათზე ანსამბლი "ანჩისხატი" დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის  კულტურის სახლში კონცერტს გამართავს. კონცერტში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დუშეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კონცერტი ტარდება Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

"ანჩისხატი" ჩამოყალიბდა 1987 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ანსამბლის წევრები თავდაპირველად ხალხურ სიმღერებს ასრულებდნენ და მათი მიზანი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი საშემსრულებლო მანერის აღდგენა და შეძლებისდაგვარად, ძველ ქართულ ბგერათწყობაში აჟღერება. 1988 წლიდან "ანჩისხატის" წევრებმა ანჩისხატის ტაძარში დაიწყეს გალობა. სწორედ ამ მგალობელ-მომღერალთა გუნდის უდიდესი დამსახურებაა მივიწყებული ძველი ქართული გალობის აღდგენა და ქართულ საეკლესიო ღვთისმსახურებაში დამკვიდრება.

ანსამბლის რეპერტუარშია როგორც სხვადასხვა სამონასტრო სკოლის ტრადიციის ქართული საგალობლები, ასევე მრავალფეროვანი ხალხური სიმღერები. ბევრი ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლის "გაცოცხლება" და პოპულარიზაცია სწორედ ანჩისხატის გუნდის სახელს უკავშირდება. ,ანსამბლს ხშირად აქვს საგასტროლო ტურნეები და მასტერკლასები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, გამოცემული აქვს 18 CD, საგალობლებისა და ხალხური სიმღერების არაერთი სანოტო კრებული.

15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check-in Georgia-ს ფარგლებში, ტარდება ფესტივალი "ბაღია ჩვენი ქვეყანა". ექვსი თბილისური ანსამბლი - "ადილეი", "ანჩისხატი", "დიდგორი", "იალონი", "ნანინა", "შავნაბადა" - საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს.

ფესტივალზე თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ადგილობრივი სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...