აფბა-ს ბიზნესსაბჭომ საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა

აფბა-ს ბიზნესსაბჭომ საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ახალი პლატფორმის - ბიზნესსაბჭოს ფორმატში, რედისონში გამართულ შეხვედრაზე საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

აფბას ბიზნესსაბჭოს წევრები არიან საქართველოში მოქმედი როგორც მსხვილი, ისე საშუალო მცირე ბიზნესის, ასევე პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ანალიტიკოსები.

შეხვედრას, ბიზნესსაბჭოს წევრებთან ერთად, მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია და ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია.

ბიზნესსაბჭოს სხდომაზე  ბანკებისა და ბიზნესის ურთიერთობაზე, ასევე, ამ საკითხისადმი მონეტარული და ფისკალური ხელისუფლების მიდგომების თაობაზე შინაარსიანი და არგუმენტირებული მსჯელობა შედგა.

აფბას პრეზიდენტის, ბიზნესსაბჭოს მოდერატორის შოთა გულბანის განცხადებით, პირველი სხდომის თემად საფინანსო სექტორის გამოწვევები შეირჩა, რამდენადაც ეს საკითხი დღეს თანაბრად აქტუალურია საზოგადოების ყველა ფენისთვის, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ბიზნესისთვის.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიზნესსაბჭოს ფორმატი, როცა მხარეებს, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, ეძლევათ უშუალო კომუნიკაციის და მოსაზრებების გაზიარების საშუალება, გაამართლებს და გახდება ერთ-ერთი საინტერესო ფორმატი ბიზნესისა და შესაბამისი სახელისუფლო ინსტიტუტების ურთიერთობებში. ბიზნესსაბჭოს დღევანდელმა შეხვედრამ ეს მოლოდინი დაადასტურა.  დღეს ქვეყანაში მწვავედ დგას ერთი მხრივ კაპიტალზე წვდომის პრობლემა, ბანკების გარდა ალტერნატიული კაპიტალის მოზიდვის შეუძლებლობა და  მეორე მხრივ კვალიფიციური ბიზნესპროექტების  მკვეთრი დეფიციტი. სწორედ ამ დილემაზე სამსჯელოდ და მისი ამოხსნის გზებზე სასაუბროდ შევიკრიბეთ ამ ფორმატში.

გამოითქვა ბევრი საინტერესო მოსაზრება, რომლებიც აფბას ანალიტიკური ჯგუფის მიერ შეჯერდება და საბჭოს წევრთა სახელით, რეკომენდაციების სახით, წარედგინება შესაბამის სახელისუფლო ინსტიტუტებს. აფბას ბიზნესსაბჭო შემდგომშიც პერიოდულად გამართავს შეკრებებს, სადაც ამა თუ იმ აქტუალურ ბიზნესპრობლემატიკაზე იმსჯელებს", - განაცხადა გულბანმა.

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას მოსაზრებით, მსოფლიო მასშტაბით, ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა კომერციულ საბანკო სექტორს, ისეთს,  როგორიც საქართველოშია და რომელიც დეპოზიტებით არის ფონდირებული და დეპოზიტარების ფულით ოპერირებს,  ეკონომიკა  აეყვავებინოს. - "ქართული საბანკო   სექტორი გამორჩეულია თავისი გამჭვირვალობით,  მენეჯმენტითა და კაპიტალზე წვდომით.   თუმცა, არასაბანკო სექტორში მომუშავე კომპანიები უნდა გახდნენ უფრო გამჭირვალე, უნდა ჰქონდეთ კარგი აუდიტები და პირდაპირი წვდომა.   სამწუხაროდ, დღეს  სახელმწიფო პრაქტიკულად ძალდატანებით  ავალდებულებს  კომპანიებს, რომ აუდიტის რეპორტები გამოაქვეყნონ.  იმ კომპანიებისთვის, რომლებიც  ჩაკეტილი ფინანსური წრით მოქმედებენ,  რისკები მაღალია და შესაბამისად ინვესტორებიც მათი საქმიანობით არ ინტერესდებიან", - გამაცხადა კიკორიამ.

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის,ზურაბ გვასალიას განცხადებით, მთავარი პრობლემაა ის, რომ საბანკო სექტორი და ეკონომიკის სხვა მოთამაშეები ერთ ენაზე ვერ ლაპარაკობენ და როცა მოლაპარაკების მაგიდასთან სხდებიან, მათ ურთიერთგაგება უჭირთ.

აფბას საბჭოს წევრმა ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა საბანკო სექტორის მსხვილი ფიგურანტების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ბიზნესის უდიდეს ნაწილში არსებობს უნდობლობის განცდა. კერძოდ, როცა ბიზნესმენი ბიზნეს-გეგმით მიდის დაფინანსების მოსაპოვებლად ბანკთან, რომელსაც იმავე პროფილის აქტივი აქვს, დიდი ალბათობით ის ვერ იღებს დაფინანსებას, ან თუ მიიღო კონკურენტული გარემო დარღვეულია, ვინაიდან ბანკმა უკვე კარგად იცის მისი შვილობილი კომპანიის კონკურენტის შიდა სამზარეულო.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა სამინისტროს მიერ დაგეგმილ იმ ღონისძიებებისა და პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ახალი კაპიტალის გაჩენას და ამით სტარტაპ ბიზნესების დაფინანსებას - "ამ კუთხით სამინისტრო აქტიურად მუშაობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან გრძელვადიანი საკრედიტო რესურსების მოძიების კუთხით, რაც უნდა იყოს წამახალისებელი იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა საბანკო სესხებზე", - განცხადა თაბუაშვილმა.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

10 საათის წინ

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი...