გიორგი კეპულაძე ბახტაძეზე: ფინანსთა მინისტრმა შეფასებები კი არ უნდა აკეთოს, არამედ იმოქმედოს!

გიორგი კეპულაძე ბახტაძეზე: ფინანსთა მინისტრმა შეფასებები კი არ უნდა აკეთოს, არამედ იმოქმედოს!

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები საბანკო სექტორს აზარალებს.

გიორგი კეპულაძე "აიპრესთან" საუბრისას ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის საბანკო სექტორის შესახებ გაკეთებულ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას ყველა ბერკეტი აქვს იმისათვის, რათა იმოქმედოს.

მისი თქმით, საბანკო სექტორში გარკვეული პრობლემები არის, მაგრამ ის, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ამუხრუჭებს, ცოტა გადაჭარბებულია.

"მსგავსი განცხადებები რა თქმა უნდა აზარალებს საბანკო სექტორს. როდესაც ისმის მსგავსი განცხადებები ფინანსთა მინისტრის და ხელისუფლების მხრიდან მეუცნაურება. ჩვენ - მიმომხილველებემა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მოსახლეობამ შეგვიძლია შევაფასოთ საბანკო სექტორი კრიტიკულად. მაგრამ, როდესაც ამაზე საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც რეალურად თამაშის წესებს ადგენს, მან უნდა იმოქმედოს. ის ეკონომიკური მიმომხილველი და შემფასებელი კი არ უნდა იყოს! თუ ის ხედავს, რომ რომელიმე სექტორი ქმნის პრობლემას, მაშინ ეს არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოს. არ უნდა ისაუბროს ცარიელი კითხვების და განცხადებების დონეზე. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ეროვნულ ბანკზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა მოინდომეს, მაშინ ამისთვის ყველანაირად იბრძოლეს და მიაღწიეს ამას.

ცალკე საკითხია, რამდენად ამუხრუჭებს საბანკო სექტორი ეკონომიკას. ვიმეორებ, მოსახლეობას და არასამთავრობო სექტორს შეუძლია შეფასება, მაგრამ მინისტრი მხოლოდ ამით არ უნდა შემოიფარგლოს", - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს, მართლა ამუხრუჭებს საბანკო სექტორი ეკონომიკის განვითარებას? - კეპულაძე პასუხობს, რომ დამუხრუჭება ცოტა გადაჭარბებულია.

"გარკვეული პრობლემები არსებობს. ძირითადად ის, რომ მცირე მეწარმეების დაკრედიტებასთან დაკავშირებით მაღალია საპროცენტო განაკვეთები. თუმცა, ჩვენ უნდა გავითავისოთ ის, რომ თუ ქვეყანას ეკონომიკაში არ ექნება სიტუაცია უკეთესი და არ გვექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ამაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი ვერ გვექნება. შესაძლოა ვიღაცას უნდოდეს, რომ 2-3%-იანი საპროცენტო განაკვეთები იყოს. როგორც ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შია, მაგრამ იქ ქვეყნის ეკონომიკა სულ სხვანაირად არის მოწყობილი.

გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები და პრეტენზიები კომერციული ბანკების მიმართ ჩვენც გვაქვს და ვცდილობთ ვიმუშავოთ მარეგულირებელთან, სხვა არასამთავრობოებთან, ბიზნესთან ერთად, რომ ეს ხარვეზები და პრობლემები გამოსწორდეს. მაგრამ როდესაც ხარ ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი - ფინანსთა მინისტრი, რეალურად ყველა ბერკეტი შენს ხელშია. ამიტომ, შენ მხოლოდ გამკრიტიკებელი კი არ უნდა იყო, არამედ უნდა იმოქმედო! უნდა მიიღო ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ხელს შეუშლის იმას, რომ რომელიმე სექტორმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დაამუხრუჭოს და შეაფერხოს. პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ინვესტიციებზე და თუ გვექნება კარგი ეკონომიკა, მაშინ საპროცენტო განაკვეთები ნელ-ნელა აუცილებლად შემცირებისკენ წავა", - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა საბანკო სექტორის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა: "საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას", - აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.