კერძო სექტორის წარმომადგენლები "სუფთა ჰაერისთვის" ერთიანდებიან

კერძო სექტორის წარმომადგენლები "სუფთა ჰაერისთვის" ერთიანდებიან

12 აპრილს 12:00 სთ-ზე, ტექნოპარკში კამპანია "სუფთა ჰაერისთვის" იხსნება, რომლის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთიანდებიან, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად (ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ) ჰაერის დაბინძიურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.

ბოლო ორი თვის ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მონაცემებით სმოგური ოზონის (O3) კონცენტრაცია ქ. თბილისში ზღვრულად დასაშვები საშუალო სადღეღამისო კონცენტრაციის დონეს (0,03 მგ/მ3) მნიშვნელოვნად აჭარბებს და თბილისის რიგ უბნებში მისი მაჩვენებელი - ხშირად ორმაგი და მეტია (0,056 , 0,06, 0,064; 0,079). ასევე ჯანმრთელობისთვის საშიშ დამაბინძურებლებს მტვრის მყარი ნაწილაკები, ნახშირორჟანგი, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდი წარმოადგენს.

ბოლო წლების განმავლობაში დაბინძურებული ჰაერის გამო საგრძნობლად იმატა გულსისხლძარღვთა, რესპირატორული და ონკოლოგიური დაავადებების რიცხვმა, რაც პირდაპირ კავშირშია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან.

ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო გაუმართავი ავტოტრანსპორტი და გამონაბოლქვია, რომელიც  მთლიანი  გაფრქვევების 71%-ს შეადგენს.

კამპანიის "სუფთა ჰაერისთვის" ფარგლებში ოცამდე კერძო კომპანიის მიერ მოხდება როგორც ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების ადვოკატირება, ასევე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის წარმოება.

სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე კერძო კომპანიების მიერ კამპანიაში ჩართულობა გამოიხატება "მწვანე" პროდუქტების შექმნით, საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებით, ეკო-ინიციატივების დანერგვით, ეკო-ავტომობილების გამოყენებით, მწვანე სივრცეების მოწყობით, თანამშრომლებში ნებაყოფლობითი ტექ-ინსპექტირების წახალისებით და სხვა.

კამპანია ხორციელდება გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის მხარდაჭერით მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ფარგლებში, ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მიერ და საბანკო, სადაზღვევო, საავტომობილო კომპანიების, ნავთობკომპანიების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სასტუმრო ინდუსტრიების აქტიური მონაწილეობით.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნილს სკოტი, კერძო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე. მისასალმებელი გამოსვლების შემდეგ კამპანიის მონაწილეების მიერ ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს.

თემები:
 ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტ ლუდს მოიხმარენ

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტ ლუდს მოიხმარენ

18 ივლისი, 2018

თუკი ლუდის სმასა და მისი მოხმარების შესახებ ვსაუბრობთ, მაშინ ამ მაჩვენებლით ჩეხებს ბადალი არ ჰყავთ. Statista-ს მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, თუ რა რაოდენობის ლუდი მოიხმარეს შერჩეულ ქვეყნებში გასულ წელს. კვლევის თანახმად, 2017 წელს, ერთმა...