ქუმსიშვილი: ლუკაშენკოს ვიზიტი დიდ როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში

ქუმსიშვილი: ლუკაშენკოს ვიზიტი დიდ როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი გახსნა. ბელარუსის ბიზნესდელეგაცია საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბელარუსს შორის მრავალწლიან მეგობრობას, რომელიც ბოლო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ძალზედ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და პარტნიორული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის კუთხით.

"ორ ქვეყანას შორის ეფექტური თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ლიფტების ამწყობი ერთობლივი საწარმოს წარმატებული პროექტი, რომელმაც ეს დღეებია დაიწყო მუშაობა.  მოხარული ვარ, რომ საწარმოს გახსნა შესაძლებელი გახდა ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.