მთავარი » ეკონომიკა » FAO: ფასები სურსათზე მსოფლიოში სტაბილურია
FAO: ფასები სურსათზე მსოფლიოში სტაბილურია
19:14 | 8 დეკემბერი, 2016

FAO: ფასები სურსათზე მსოფლიოში სტაბილურია

FAO-ს სასურსათო ფასების ინდექსმა ნოემბერში ოდნავ დაიწია; 2016 წლის მანძილზე მისი სტაბილური ზრდის ტენდენციიდან ეს მსუბუქი გადახრაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას FAO ავრცელებს. ოქტომბრიდან ინდექსი 0.4 პროცენტით შემცირდა და ნოემბერში 171.3 პუნქტი შეადგინა, ვინაიდან შაქრის ფასების მკვეთრმა ვარდნამ გადაწონა პალმის ზეთის ფასების ზრდა. FAO-ს სასურსათო ფასების ინდექსი, რომელიც ვაჭრობაზე შეწონილი ინდექსია და საერთაშორისო ბაზარზე ხუთი ძირითადი სასაქონლო ჯგუფის (შაქარი, მცენარეული ზეთი, ხორცი, მარცვლეული, რძე) ფასებს ასახავს, ისევ 10.4 პროცენტით უფრო მაღალია, ვიდრე 2015 წელს. FAO-ს შაქრის ფასი ინდექსი ოქტომბრიდან 8.9 პროცენტით დაეცა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ბრაზილიაში, მსოფლიოში შაქრის უდიდეს მწარმოებელ ქვეყანაში, მოსალოდნელზე უფრო მაღალი მოსავლის შესახებ; ამას ასევე ხელი შეუწყო ბრაზილიის რეალის შესუსტებამ აშშ დოლართან მიმართებაში. FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი წინა თვეში 4.5 პროცენტით გაიზარდა; ამის მიზეზია სამხრეთ აზიაში პალმის ზეთის წარმოების მოსალოდნელზე დაბალი მოცულობა, ისევე როგორც სამხრეთ ამერიკაში სოიოს პოტენციურზე ნაკლები მოსავალი. სხვა საქონელი უფრო სტაბილური იყო. FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი ოქტომბრიდან უცვლელი იყო. FAO-ს რძის ფასი ინდექსი 1.9 პროცენტით გაიზარდა, რაც აგრძელებს ბოლოდროინდელ აღმავალ ტენდენციას გაჭიანურებული ვარდნის შემდეგ. FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი 0.6 პროცენტით შემცირდა, რადგან საკმარისმა გლობალურმა მარაგებმა და არგენტინასა და ავსტრალიაში მნიშვნელოვანი მოსავლის პერსპექტივებმა გავლენა იქონია ხორბლის ფასებზე.