მთავარი » ბიზნესი » GWP-მა "გალტ&თაგარტთან" და "პაშა ბანკთან" ერთად 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
GWP-მა
11:16 | 7 დეკემბერი, 2016

GWP-მა "გალტ&თაგარტთან" და "პაშა ბანკთან" ერთად 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", საქართველოს ბაზარზე არასაფინანსო ორგანიზაციისთვის უპრეცენდენტო მოცულობის, 30 მილიონი ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. GWP-ის ობლიგაციის განთავსების აგენტები, ერთობლივად "გალტ&თაგარტი" და "პაშა ბანკი" არიან. აღნიშნული ობლიგაციები 5 წლიანია, წლიური სარგებლით, ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3.5%. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას GWP ავრეცელბს. "სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებისთვის. ობლიგაციების ემისიით მიღებულ დამატებით რესურსს კომპანია კაპიტალური ინვესტიციების განსახორციელებლად გამოიყენებს", - აღნიშნა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ. "მოხარული ვარ, რომ "გალტ&თაგარტის" მეშვეობით უკვე მესამედ მოხდა GWP-ის ობლიგაციების  წარმატებით განთავსება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა განთავსება განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში. ამ მხრივ GWP მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში. ამ დროისთვის, "გალტ&თაგარტი", საკუთარი პროფესიონალთა გუნდისა და გამოცდილების წყალობით, გახდა საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმუშავა აღნიშნულ გარიგებაზე და წარმატება ვუსურვო კომპანია GWP-ს", - განაცხადა "გალტ&თაგარტის" მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ. "პაშა ბანკი" მოხარულია, რომ საშუალება მოგვეცა, მონაწილეობა მიგვეღო GWP-ის კაპიტალის მოზიდვაში ქართული ბაზრისთვის უპრეცედენტო ტრანზაქციის მეშვეობით. კაპიტალის ბაზრების განვითარება "პაშა ბანკის" საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ყალიბდება. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ კაპიტალის სავალო ბაზრის განვითარების პერსპექტივებს, ვიმედოვნებთ, რომ ეს ტრანზაქცია პრეცედენტული იქნება და მოახდენს პოტენციური ემიტენტების ინტერესის სტიმულირებას დაფინანსების ამ ინსტრუმენტის მიმართ", - განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, "პაშა ბანკის" კომერციულმა დირექტორმა. GWP ფასიანი ქაღალდების ემისიას უკვე მესამედ ახორციელებს. პირველად 2.6 მლნ ლარის ობლიგაციები კომპანიამ 2015 წლის აგვისტოში გამოუშვა. იმავე წლის 10 დეკემბერს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" 6 მლნ ლარის ობლიგაციები გამოსცა, რომლის რეფინანსირებაც დღეს გამოშვებული ობლიგაციებით განხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ნერგავს კორპორაციული მართვის და საჯაროობის მაღალ სტანდარტს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი "BB"-ი სტაბილური პროგნოზით.