მთავარი » » სილქნეტის მხარდაჭერით, სათხილამურო ფედერაცია ზამთრის სეზონს ყველა მთიან კურორტზე ჩაატარებს
სილქნეტის მხარდაჭერით, სათხილამურო ფედერაცია ზამთრის სეზონს ყველა მთიან კურორტზე ჩაატარებს
11:46 | 21 ნოემბერი, 2016

სილქნეტის მხარდაჭერით, სათხილამურო ფედერაცია ზამთრის სეზონს ყველა მთიან კურორტზე ჩაატარებს

ყოველწლიურად, საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაცია, კომპანია სილქნეტის ხელშეწყობით საქართველოს თასის ტურნირებს აწყობს. გათამაშება 5 ეტაპად მიმდინარეობს და მასში საქართველოში მოქმედი სპორტული სკოლების აღსაზრდელები ბაკურიანიდან, გუდაურიდან, სვანეთიდან, აჭარიდან იღებენ მონაწილეობას. საქართველოს თასის 2017 წლის სეზონს წლეულს მთიანი რეგიონის ყველა კურორტი უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობის შემდეგ წლის საუკეთესო მოთხილამურეებს შესაძლებლობა ეძლევათ, საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვან. როგორ ემზადებიან მოზარდები, რა იგეგმება 2017 წლის სეზონისთვის - ამ თემაზე საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე გაბაშვილი გვესაუბრება: „ყველა საკურორტო რეგიონში ფუნქციონირებს სპორტული სკოლები, როგორც კერძო, ისე მუნიციპალური. თითოეულში მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტის სასწავლო პროგრამა. ფედერაცია ხელს უწყობს ამ სკოლების თანაცხოვრებას და საქართველოს თასზე მათ ასპარეზობას. რაც შეეხება 2017 წლის ტურნირს, სეზონი გაიხსნება ბაკურიანში, გიგანტური სლალომით 24-25 დეკემბერს. წლეულს შეჯიბრს შეემატება მიტარბის განახლებული ტრასა. ტრადიციულად ჩატარდება თოვლის საერთაშორისო დღე. ტურნირის მეორე ეტაპი გაგრძელდება ჰაწვალში ზურულდის ფერდობზე სპეციალური სლალომით. აქაც სიახლეა, მწვერვალ თეთნულდის ფერდობზე ორი ახალი საბაგირო შეემატა ტრასებს. როგორც შარშან, წლევანდელ სეზონზეც ჩატარდება შეჯიბრი გოდერძის უღელტეხილზე. უკვე აპრილში მეხუთე ეტაპი გამოავლენს საბოლოო გამარჯვებულებს გუდაურში“. რამდენიმე წელია სათხილამურო ფედერაციამ მიზნად დაისახა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაეხადა სათხილამურო სპორტის სახეობა და მომხდარიყო მისი პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, მათ შორის რეგიონებიდან. ამ პროცესს ხელს უწყობს გენერალური სპონსორის „სილქნეტის“ მხარდაჭერა. „ყოველწლიურად საქართველოს თასი ავლენს საუკეთესო სპორტსმენებს. ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონების პოპულარიზაცია, სათხილამურო სპორტის განვითარება, მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება - ესაა ის მიმართულებები, რაც საქართველოს თასის ჩატარებას სდევს თან და რასაც წლებია მხარს უჭერს კომპანია სილქნეტი. ვგულშემატკივრობთ ყველა მონაწილეს მთიანი აჭარიდან, გუდაურიდან, ბაკურიანიდან, სვანეთიდან, და წარმატებას ვუსურვებთ მათ ტურნირის თითოეულ ეტაპზე.“ - განაცხადა სილქნეტის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ნოდარ ყანჩაველმა. საქართველოს სათხილამურო ფედერაცია და მისი პარტნიორები - მთის კურორტების განვითარების კომპანია, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ასევე გენერალური სპონსორი სილქნეტი, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს თასის გათამაშების მაღალ დონეზე ჩატარებას უწყობენ ხელს. ამ ასპარეზობაზე მიღებული რეიტინგებით და ქულებით სპორტსმენები საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ხდებიან. ნაკრები ჩვენი ქვეყნის სახელით საერთაშორისო შეჯიბრში ასპარეზობს, როგორიცაა მსოფლიოს თასის გათამაშება და ზამთრის ოლიმპიადები.