მთავარი » ბიზნესი » "სილქ როუდ ჯგუფი": TRUMP TOWER საქართველოში მაშინ აშენდება, როცა ჩვენ გადავწყვეტთ
14:38 | 10 ნოემბერი, 2016

"სილქ როუდ ჯგუფი": TRUMP TOWER საქართველოში მაშინ აშენდება, როცა ჩვენ გადავწყვეტთ

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, საქართველოში აქტუალური გახდა ისევ TRUMP TOWER-ის მშენებლობის საკითხი.
2011 წელს, ვაშინგტონში, აშშ-ში საქართველოს ამჟამად ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას, დონალდ ტრამპსა და „სილქ როუდ ჯგუფს“ შორის პარტნიორული ხელშეკრულება გაფორმდა და ბათუმში 47 სართულიანი TRUMP TOWER-ის მშენებლობა დაიგეგმა. თუმცა, როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ბევრი პროექტი შეჩერდა, პროექტის განხორციელება შეჩერდა. შეჩერდა თუ არა TRUMP TOWER-ის პროექტის განხორციელება და ზოგადად რა გეგმები აქვს კომპანიას, ამის გასარკვევად, „აიბიზნესი“ „სილქ როუდ ჯგუფის“ მარკეტინგის დირექტორს აკო ახალაიას დაუკავშირდა. რატომ შეჩერდა TRUMP TOWER პროექტი?  შეჩერებულს არ ვიძახით ჩვენ, პროექტი არ დაწყებულა, რადგან ბოლო დეტალებზე თავად ტრამპ ორგანიზაციასთან არ ვართ შეთანხმებული. შესაბამისად არ დაგვიწყია. მოქმედი ხელისუფლების მხრიდან რაიმე წინააღმდეგობა ხომ არ ყოფილა, რომ TRUMP TOWER აშენებულიყო?  ეს პროექტი არის კომერციული, „სილქ როუდ ჯგუფს“ ეკუთვნის. მას არ აშენებს სახელმწიფო, ეს სახელმწიფო პროექტი არ არის. როცა ჩვენ შევძლებთ და გადავწყვეტთ, მაშინ აშენდება. რა თქმა უნდა ამხელა პროექტს მთელ მსოფლიოში სჭირდება სახელმწიფო მხარდაჭერა, მაგრამ არ ყოფილა ისე, რომ ვინმეს ეთქვას, არ ააშენო. ჯერ რატომაც არ დავიწყეთ, მიზეზი არის ის, რომ ამ ეტაპზე, ის მასშტაბები რაც თავიდან გავთვალეთ, არ არის გამართლებული, ანუ ვგულისხმობ იმას, რომ ეს ფართები, რაც შიგნით არის, უნდა გაიყიდოს არა მხოლოდ ქართველებზე, არამედ რეგიონზე. სწორედ რეგიონში არ არის ის სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა, რომ შესაძლებელი იყოს ამ ფართების ათვისება. ჩვენც ვინაიდან კომერციული ორგანიზაცია ვართ, არ გვაქვს უფლება ავაშენოთ 47 სართულიანი შენობა და მერე ველოდოთ წლები, როდის გაიყიდება ეს ფართები. ე.ი. სამომავლოდ იგეგმება ამ პროექტის განხორციელება... რა თქმა უნდა. ჩვენ ტრამპ კორპორაციასთან გვაქვს უწყვეტი კავშირი. ახლა მათაც ვაცნობთ, ვეუბნებით ასე ხომ არ შევცვალოთ, ისინი თავის რჩევებს გვაძლევენ. გვინდა ისეთი მოდელი მოვიფიქროთ, რომ რაც შეიძლება გამართლებული იყოს. ანუ ისე არ არის, რომ ავაშენოთ და მერე ვეძებოთ როგორ გავყიდოთ ეს ფართები. ისეთი უნდა ავაშენოთ, რომ ბაზრისთვის მისაღები იყოს და ათვისებადი. როდისთვის ვარაუდობთ ამ პროექტის განხორციელებას?  გარედან რაც არ უნდა მარტივ პროცესად ჩანდეს, ჩვენ ბოლო 3 წელია ყველაფერზე გვაქვს მსჯელობა. შეიძლება კონცეფცია შევცვალოთ ხოლმე, მერე ამას ითვლიან და ა.შ. ჩვენსავე ინტერესშია რაც შეიძლება მალე გადაწყდეს და როცა გვექნება საბოლოო პასუხი, რა თქმა უნდა ყველას ჩვენთვითონ გავაგებინებთ. არ არის ისე, რომ ჩვენ ან არ გვინდა.. ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა, რომ ეს პროექტი ყველაზე მალე დაიწყოს. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ეს არ არის გაჩერებული. TRUMP TOWER - ში მხოლოდ ბინები უნდა იყოს განთავსებული? ხომ არ იგეგმება მაგალითად კაზინოების ან სასტუმროების განთავსება?  ძირითადად ბინებია. ტრამპთან ან ჩვენთან არ შედის იქ რაიმე კაზინო, მაგრამ თუ ფართი გვექნება შეიძლება, კაზინო ვიქირაოთ, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენ რაღაც კაზინო შემოგვყავდეს, ის კაზინოები რაც ტრამპს აქვს. ზუსტად მაგაზე გვაქვს საუბარი, როგორ შეიძლება ეს შენობა დაიტვირთოს და იყოს გამართლებული. ბევრი მოდელი არსებობს მთელ მსოფლიოში, შეიძლება იყოს ნახევარი ბიზნეს-ფართები, მეორე ნახევარი საცხოვრებელი, სასტუმრო და ა.შ. ვინაიდან ამაზე საბოლოოდ არ ვართ შეთანხმებული, წინასწარ მიჭირს რამე კონკრეტული გითხრათ.