მთავარი » ეკონომიკა » სურსათის უვნებლობის ეფექტურ კონტროლს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს აგროსაკვებით ვაჭრობისთვის
სურსათის უვნებლობის ეფექტურ კონტროლს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს აგროსაკვებით ვაჭრობისთვის
17:20 | 31 ოქტომბერი, 2016

სურსათის უვნებლობის ეფექტურ კონტროლს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს აგროსაკვებით ვაჭრობისთვის

ვაჭრობის ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ხვალ „სამარყანდის კონფერენციაზე“, უზბეკეთში შეიკრიბებიან რათა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის აგროსაკვებით ვაჭრობის შესახებ იმსჯელონ. სამდღიან ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, რომელიც ორგანიზებულ იქნა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ლაიბნიცის სოფლის მეურნეობის განვითარების  ინსტიტუტის (IAMO) მიერ გაეროს სურსათისა სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და სამარყანდის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით, FAO-ს ეკონომისტი დევიდ სედიკი საუბრობს ერთ-ერთ ძირითად თემაზე: სურსათის უვნებლობის კონტროლი და ვაჭრობა.
  • რატომ ტარდება კონფერენცია აგროსაკვებით ვაჭრობის პოლიტიკის საკითხებზე ამ ქვეყნებში?
  • ამჟამად რეგიონში გავრცელებულია ტენდენცია, სატარიფო და სურსათის უვნებლობის პოლიტიკის მეშვეობით შეიზღუდოს ვაჭრობა. ბევრი ქვეყანა საუბრობს სურსათით თვითუზრუნველყოფაზე, როგორც მათი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის პოლიტიკის მიზანზე.
FAO არასოდეს უჭერდა მხარს სურსათით თვითუზრუნველყოფას, როგორც სასურსათო უსაფრთხოებისკენ მიმავალ გზას. როგორც რეალობამ აჩვენა, სურსათით თვითუზრუნველყოფის მიდგომამ მხოლოდ ფასების ზრდა და ცხოვრების დონის გაუარესება გამოიწვია. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ვაჭრობის დონის ზრდას თან ახლავს ცხოვრების დონის გაუმჯობესება და გაზრდილი სასურსათო უსაფრთხოება. შეხედეთ რუსეთის ფედერაციას. გაუმჯობესდა თუ არა ამ ქვეყანაში ცხოვრების დონე მრავალი ქვეყნის მიერ სურსათზე დაწესებული ემბარგოს შედეგად? სრულებით არა, პირიქით. სურსათის ფასები გაიზარდა, შემოსავლები შემცირდა და მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოება მეტნაკლებად შეილახა. როდესაც აგროსაკვებით ვაჭრობას მხარს უჭერს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც ხელს უწყობს სამართლიან კონკურენციას, ბაზრებზე სამართლიან წვდომას, ერთგვაროვან სანიტარულ და ფიტოსანიტარულ პოლიტიკას ხელისუფლების ჩარევის გარეშე, ამას შედეგად მოსდევს ვაჭრობის დონის მატება. ხოლო ვაჭრობის დონის მატება თითქმის ყოველთვის იწვევდა შემოსავლების გაზრდას.
  • რა იგულისხმება სურსათის უვნებლობის კონტროლში?
  • სურსათის უვნებლობის კონტროლის სისტემა წარმოადგენს სურსათის უვნებლობის, ცხოველთა და პლანეტის ჯანმრთელობის ზედამხედველობისა და კონტროლის სისტემას.
როგორც ევროკავშირში, ასევე ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, კავშირის ძირითადი ეკონომიკური სარგებელი მდგომარეობს საერთო ბაზარში. საერთო ბაზარი წარმოადგენს მთავარ ქვაკუთხედს, რასაც ეფუძნება საქონლის თავისუფალი გადაადგილება. სურსათის უვნებლობის წესები და რეგულაციები - მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვაჭრობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, სწორი და სრულიად გამართლებული შეზღუდვაა - მაინც ზღუდავენ ვაჭრობას. როგორც აღვნიშნე, ვაჭრობაზე დაწესებული შეზღუდვები, ჩვეულებრივ, იწვევენ სასურსათო უსაფრთხოების შემცირებას. მაშ ასე, როგორ ააშენებთ სურსათის უვნებლობის კონტროლის ეფექტურ სისტემას (რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო საკვებს) ეკონომიკურ კავშირში ვაჭრობის არამათლზომიერად შეზღუდვის გარეშე? სურსათის უვნებლობის სისტემებს ყოველთვის თან ახლავთ ბიუროკრატიული ხარჯები. იმისათვის, რომ ამ ხარჯების კომპენსირება მოხდეს, მათ სარგებელი უნდა მოჰქონდეთ.  რაც უფრო ეფექტურია ისინი სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში, მით უფრო მეტი სარგებელი მოაქვთ მათ. ამრიგად, სურსათის უვნებლობა მუდამ ერთგვარი კომპრომისია:  გარკვეული დამატებითი ხარჯები, მაგრამ ამასთან დამატებითი სარგებელიც.
  • ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს გააჩნიათ განსხვავებული მიდგომები...
  • როგორც ევროკავშირში, ასევე ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში არსებობს სურსათის უვნებლობის კონტროლის ორი დონე: ცენტრალური ხელისუფლება (ევროკომისია და ევრაზიის ეკონომიკური კომისია) და სურსათის უვნებლობის ორგანოები თითოეულ წევრ სახელმწიფოში.
მიუხედავად იმისა, რომ სახელები ერთნაირად ჟღერს, აღნიშნულ ორ კავშირში სურსათის უვნებლობის ცენტრალურ ორგანოებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია, და ისინი ძირითადად უკავშირდება ცენტრსა და სურსათის უვნებლობის ეროვნულ ორგანოებს შორის ურთიერთობას. ევროკავშირში სურსათის უვნებლობის კონტროლის სფეროში ევროკომისიის ძირითად პასუხისმგებლობას შეადგენს 1) განსაზღვროს სასურსათო უსაფრთხოების საერთო პოლიტიკა და გამოსცეს რეგულაციები და დირექტივები თავისი მანდატის სფეროში. 2) ამ მიზნისთვის ის აწარმოებს წევრი სახელმწიფოების სურსათის უვნებლობის სისტემების მონიტორიგს და კონტროლს. 3) ის ამოწმებს, იცავენ თუ არა ეს სისტემები სურსათის უვნებლობის კონტროლის პრინციპებს, რომლებმაც მთელს მსოფლიოში დადასტურებულად იმუშავეს და რომლებსაც მხარს უჭერს საერთაშორისო სააგენტოები, როგორიცაა FAO. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ევრაზიის ეკონომიკურ კომისიას გააჩნია უფლებამოსილება, გამოსცეს სურსათის უვნებლობის რეგულაციები. თუმცა, მას არ აქვს უფლებამოსილება, აწარმოოს მონიტორინგი და აღასრულოს ისინი ეროვნულ დონეზე.  უფრო მეტიც, წევრი სახელმწიფოების მთავრობები არ არიან ვალდებული, შეცვალონ თავისი კანონები და მოიყვანონ ისინი მოსკოვის კომისიიდან მომდინარე გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში. ეს ძალზე რთულ სიტუაციაში აყენებს რეგიონში სურსათის მწარმოებლებს. რომელი რეგულაციები შეასრულონ  - ადგილობრივი, თუ ცენტრალური ორგანოების მიერ გაცემული? უფრო მეტიც, რა სტიმული აქვთ მათ, რომ შეასრულონ ცენტრალური ორგანოების რეგულაციები, როდესაც არ არსებობს აღსრულების ეფექტური მექანიზმი?
  • როგორია პრაქტიკული შედეგი?
  • მართალია, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ჩივის, რომ მათი სუვერენიტეტი ბრიუსელის ქედმაღალი ძალაუფლების ქვეშ არის მოქცეული, ფაქტი ჯიუტია, რომ როდესაც საქმე სურსათის უვნებლობას ეხება, ეს დღემდე ყველაზე ეფექტური სისტემაა ეკონომიკურ კავშირში.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და სხვა ეკონომიკური კავშირები უგულებელყოფენ ევროკავშირის გაკვეთილებს და რისკავენ, ჰქონდეთ სურსათის უვნებლობის ბიუროკრატია მისი თანმხლები ხარჯებით სურსათის უვნებლობის ეფექტური კონტროლის გარეშე. ევროკავშირში მოქმედებს ძვირადღირებული ბიუროკრატიული სისტემა, მაგრამ ის, როგორც ჩანს, კარგად მუშაობს. ზოგიერთის თქმით, ძალიან კარგად. უეჭველია, რომ დამატებითი ხარჯების მიუხედავად ევროკავშირში უსაფრთხოდ დაცული საკვები შესაძლებელს ხდის წევრ ქვეყნებს შორის აგროსაკვებით ცოცხალ ვაჭრობას. ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სურსათის უვნებლობის უკეთესი "არქიტექტურის" პირობებში ხუთ წევრ ქვეყანას შორის საერთო ბაზრის არსებობის დაპირება უკეთესად შესრულდება.