მთავარი » ეკონომიკა » ლევან კალანდაძე: ლარის კურსი არსად გაქცეულა, ჩვენთან მცურავი კურსია
ლევან კალანდაძე: ლარის კურსი არსად გაქცეულა, ჩვენთან მცურავი კურსია
16:20 | 13 ოქტომბერი, 2016

ლევან კალანდაძე: ლარის კურსი არსად გაქცეულა, ჩვენთან მცურავი კურსია

„ფინანსური ტრანზაქციებით გამოწვეული ნეგატიური ფაქტორები როგორც კი გაიწოვება ლარი ისევ დასტაბილურდება“, - ამის შესახებ „აიპრესს“ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ განუცხადა.
თუმცა, ექსპერტი დროს ვერ ასახელებს. ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია ფულად გიდენებებსა და შემოდინებებზე. აქვე დასძენს, რომ წლის ბოლომდე რაიმე შოკებს ან აჟიოტაჟს არ ელოდება. კალანდაძე იმასაც აცხადებს, რომ ლარი არსად გაქცეულა და ეკონომიკური რისკები საკმაოდ მოზომილია. „ლარის კურსი არსად არ გაქცეულა. ასეთი შეფასება გადაჭარბებულია. ლარს გააჩნია მცურავი კურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარის კურსი მუდმივი და ფიქსირებული არ არის. ლარის კურსი იცვლება გარკვეული გამოწვევების, ეკონომიკური კონიუნქტურების და ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების გათვალისწინებით. ბოლო პერიოდში განხორციელდა რამდენიმე მსხვილი კონვენცია, რომელიც გარკვეული ვალდებულების შესრულება და აქტივების ცვლილებას უკავშირდება. ამან დოლარზე მოთხოვნა გაზარდა, რაც შესაბამისად აისახა ლარის კურსზე. რისკები საკმაოდ მოზომილი და პროგნოზირებადია. ეროვნული ბანკი საკმაოდ ადექვატურად იქცევა. იყენებს სავალუტო ინტერვენციის ინსტრუმენტს, რაც იმისთვის არსებობს, რომ ლარის კურსი რყევებისგან დაცული იყოს. ზოგადად ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემა მოსახლეობაზე მოქმედებს. გეთანხმებით, რომ ხალხს ეკონომიკური ტერმინები ნაკლებად აინტერესებს. ლარის კურსის მცირედი გაუფასურებაც კი ჩვენს მოქალაქეებს  ცხოვრებას უძვირებს. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანებს შემოსავალი ლარში აქვთ, ხოლო საბანკო ვალდებულებები დოლარში. თუმცა, ლარის გამყარების პროცესი პირიქითაა. ჩვენთან არის მცურავი კურსი, რომელიც ასეთ მდგომარეობას იწვევს. ჩვენს ქვეყანაში ფიქსირებული კურსი არ არის. ფიქსირებული კურსი მოსახლეობისთვის კომპაქტურია, რომ კურსი არ იცვლებოდეს, მაგრამ ამ დროს სხვა უფრო მნიშვნელოვანი რისკები არსებობს. მე მაინც მგონია, რომ ხელისუფლების არჩეული კურსი სწორია, თუმცა გეთანხმებით რომ მცირედი გაუფასურებაც კი მოსახლეობაზე უარყოფითად მოქმედებს“, - აცხადებს კალანდაძე. მისივე შეფასებით, უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი რყევები მოსალოდნელი არ არის. „დღესდღეობით ამის ობიექტური საფუძველი არ იკვეთება. ფინანსური ტრანზაქციებით გამოწვეული ნეგატიური ფაქტორები როგორც კი გაიწოვება ლარი ისევ დასტაბილურდება. როდის იქნება ეს ამას ვერ გეტყვით, ეს დამოკიდებულია ფულად გიდენებებსა და შემოდინებებზე. თუმცა, უახლოეს პერიოდში, წლის ბოლომდე რაიმე შოკებს ან აჟიოტაჟს არ ველოდები. რაც შეეხება იმას, სადამდე შეიძლება ავიდეს ლარი. ეს სწორი მიდგომა არ არის. ლარის კურსზე საუბრისას მაქსიმალურ და მინიმალურ ზღვარზე საუბარი სწორი არ არის“, - განუცხადა ლევან კალანდაძემ „აიპრესს“. შეგახსენებთ, ბოლო დღეებში ლარი ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, დღეს 1 დოლარის შეძენა 2.3527 არის შესაძლებელი, ხოლო 1 ევრო შეძენა 2.5920 ლარად.