მთავარი » ტექნოლოგია » პრემიერი: საქართველო მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტიორი ქვეყანა გახდება
პრემიერი: საქართველო მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტიორი ქვეყანა გახდება
17:17 | 16 სექტემბერი, 2016

პრემიერი: საქართველო მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტიორი ქვეყანა გახდება

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ინოვაციური აზროვნებისა და სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებას ქვეყანაში.
"მოხარული ვარ, რომ ჩვენ დღეს ვხსნით ახალ, პირველ კერძო მაღალტექნოლოგიურ ცენტრს "სილიკონ ველი თბილისი". ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი და მოხარული ვართ, რომ პირველი კერძო ინვესტიცია მაღალტექნოლოგიური ინვესტიციის მიმართულებითაა. სასიხარულოა, რომ მთავრობის ინიციატივები, რომელიც დაწყებული იყო შარშან და პირველი ტექნოპარკის გახსნა მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულების განვითარება, ასე აიტაცა კერძო სექტორმა. ჩვენ ძალიან გვახარებს ის კომპლექსური ხედვა, რომელიც ამ ჯგუფს გააჩნია და ის ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნება, რომელიც აქ არის. სკოლები, მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტი, IT და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება, ლაბორატორიები, ტრენინგ-ცენტრები და ა.შ. ეს ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ინოვაციური აზროვნებისა და სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებას ქვეყანაში და იქნება დამხმარე ინფრასტრუქტურა ყველა ინოვაციურად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის და არამარტო ახალგაზრდისთვის. ამ ფაქტის ბაზაზე იმუშავებს დუალური პროფესიული განათლების მოდელი, რომელიც ერთდროულად ითვალისწინებს სწავლასა და მუშაობას, პირდაპირ მიმართულია დასაქმებისკენ და პირდაპირ ეხმიანება მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას. რამდენიმე დღის წინ ქუთაისში დაიწყო უპრეცედენტო, საუკუნის პროექტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა. ეს გახლავთ 1 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი, რომელიც თბილისში არსებულ ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან კომპლექსს ქმნის და აშენების შემდეგ გადმოეცემა მთავრობას. ეს არის პროექტი, რომელიც ძირეულ ცვლილებებს შეიტანს საქართველოში მაღალი ტექნოლოგიებისა და ტექნიკური განათლების მიმართულებით, რაც იქნება თვისობრივი ცვლილების შემტანი ქვეყნის განვითარებაში. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია საქართველოს განვითარებაში, რომელიც სტრუქტურულად შეცვლის ჩვენს ეკონომიკას და საქართველოს განათლებას ექსპორტზე გაიტანს და საქართველო გახდება მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტიორი ქვეყანა", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.