მთავარი » ეკონომიკა » ლევან დავითაშვილი: ჩინეთის ბაზარზე პროდუქციის ნულოვანი ტარიფით შესვლა ექსპორტს გაზრდის
ლევან დავითაშვილი: ჩინეთის ბაზარზე პროდუქციის ნულოვანი ტარიფით შესვლა ექსპორტს გაზრდის
16:11 | 13 სექტემბერი, 2016

ლევან დავითაშვილი: ჩინეთის ბაზარზე პროდუქციის ნულოვანი ტარიფით შესვლა ექსპორტს გაზრდის

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს აგროსასურსათო სექტორისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ რეკორდულად მცირე დროში მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას, რაც საქართველოდან ჩინეთის რესპუბლიკაში ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა აგროპროდუქტების ნულოვანი ტარიფით შესვლას გულისხმობს. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და უზარმაზარ შესაძლებლობას უხსნის საქართველოს აგროსასურსათო სექტორს. "ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა. აღნიშნული შეთანხმება სწორედ აქტიური თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. ქართული აგროსასურსათო პროდუქციისთვის მსოფლიოს უდიდესი ბაზარი (1.4 მილიარდი მომხმარებელი) გაიხსნა, რაც აგროსასურსათო სექტორისთვის ახალი სუნთქვა, დიდი შესაძლებლობა იქნება. აგროსასურსათო სექტორი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სავაჭრო ბარიერების მიმართ. შესაბამისად, ჩინეთის ბაზარზე აგროსასურსათო პროდუქციის ნულოვანი ტარიფით შესვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ექსპორტის ზრდას", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდება და 2017 წლის მეორე ნახევრიდან ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინო, მინერალური წყლები და აგროპროდუქტები ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე შევა. ეს ნიშნავს, რომ საბაჟო გადასახადი ქართულ ღვინოს მოეხსნება, რაც ბევრად კონკურენტუნარიანს გახდის მას.