მთავარი » ეკონომიკა » "ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დიდ შესაძლებლობას უხსნის აგროსასურსათო სექტორს"
15:59 | 13 სექტემბერი, 2016

"ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დიდ შესაძლებლობას უხსნის აგროსასურსათო სექტორს"

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს აგროსასურსათო სექტორისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ რეკორდულად მცირე დროში მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას, რაც საქართველოდან ჩინეთის რესპუბლიკაში ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა აგროპროდუქტების ნულოვანი ტარიფით შესვლას გულისხმობს. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და უზარმაზარ შესაძლებლობას უხსნის საქართველოს აგროსასურსათო სექტორს. "ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა. აღნიშნული შეთანხმება სწორედ აქტიური თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. ქართული აგროსასურსათო პროდუქციისთვის მსოფლიოს უდიდესი ბაზარი (1.4 მილიარდი მომხმარებელი) გაიხსნა, რაც აგროსასურსათო სექტორისთვის ახალი სუნთქვა, დიდი შესაძლებლობა იქნება. აგროსასურსათო სექტორი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სავაჭრო ბარიერების მიმართ. შესაბამისად, ჩინეთის ბაზარზე აგროსასურსათო პროდუქციის ნულოვანი ტარიფით შესვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ექსპორტის ზრდას", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდება და 2017 წლის მეორე ნახევრიდან ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინო, მინერალური წყლები და აგროპროდუქტები ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე შევა. ეს ნიშნავს, რომ საბაჟო გადასახადი ქართულ ღვინოს მოეხსნება, რაც ბევრად კონკურენტუნარიანს გახდის მას. ლევან დავითაშვილმა ქართული ღვინის ექსპორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 28 156 547 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთში ზრდამ 184% შეადგინა, სულ განვლილ 8 თვეში ექსპორტირებულია 3 368 361 ბოთლი. პირველად ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიაში, მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთმა ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა და გადაასწრო ისეთ ტრადიციულ ბაზარს, როგორიც უკრაინაა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (14 664 610), ჩინეთი (3 368 361), უკრაინა (3 042 192) , ყაზახეთი (2 287 826 ბოთლი) და პოლონეთი (1 367 960).