მთავარი » ეკონომიკა » FAO-მ საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია წარმოადგინა
FAO-მ საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია წარმოადგინა
17:33 | 27 მაისი, 2016

FAO-მ საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია წარმოადგინა

2017-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიის პირველადი პროექტი დღეს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების მიერ შემუშავებული სტრატეგია შემდგომი განხორციელებისთვის გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ოფიციალურად გადაეცა. შეხვედრაზე ინფორმაცია FAO-ს მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ და სოფლის განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტი FAO-ს წარმომადგენლებმა ხავიერ სანზ ალვარეზმა და ზაზა ჭელიძემ წარმოადგინეს. სანზ ალვარეზის ინფორმაციით, 2015 წელს FAO-მ მოამზადა სოფლის განვითარების ხედვის დოკუმენტი (position paper), რომლის საფუძველზეც 2016 წლის საწყის პერიოდში მომზადდა სტრატეგიული გეგმის პროექტი. გარდა ამისა, FAO-მ მნიშვნელოვანი ტექნიკური დახმარება გაუწია სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. ზაზა ჭელიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სტრატეგიული გეგმის პროექტის სტრუქტურა, ასევე ისაუბრა იმ გამოწვევბზე, რომელიც პროექტს მომზადებას თან ახლდა და რომელზეც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მთავრობამ და UNDP-იმ სამომავლოდ ყურადღება უნდა გაამახვილონ. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაში განსაკუთრებულად აღნიშნა FAO-ს როლი. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები. დოკუმენტი საქართველოში სოფლის მდგომარეობის სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ ანალიზს მოიცავს და სოფლის განვითარების ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს ეხება. სტრატეგიულ ამოცანებს შორისაა მომავალი 3 წლის განმავლობაში საქართველოში სოფლადი ეკონომიკური საქმიანობების გამრავალფეროვნება, ტურიზმის განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა და სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.