მთავარი » ეკონომიკა » ვიცეპრემიერმა საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო სემინარი გახსნა
ვიცეპრემიერმა საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო სემინარი გახსნა
14:14 | 25 მაისი, 2016

ვიცეპრემიერმა საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო სემინარი გახსნა

25 მაისს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საერთაშორისო სემინარი "საჯარო და კერძო თანამშრომლობის (Public Private Partnership - PPP) სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება, საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა" ჩატარდა. სემინარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანამშრომლობითა და ორგანიზებით გაიმართა. სემინარი გახსნა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. სემინარში მონაწილეობა მიიღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა, აგრეთვე სხვა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რეგიონის სახელმწიფოების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა. ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისმა ჯგუფმა დონორ ორგანიზაციებთან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან ერთად კერძო და საჯარო პარტნიორობის პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც შესაბამისი შინაარსის კანონის მიღების წინაპირობას წარმოადგენს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობას აქვს სურვილი და ვალდებულება, რათა კერძო და საჯარო პარტნიორობის კანონი წლის ბოლომდე მიიღოს, რაც ქვეყანას ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას მისცემს. სემინარზე განიხილეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის (Public Private Partnership - PPP) სამართლებრივი ჩარჩო და კანონმდებლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე მოხდა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და გაიმართა დისკუსია PPP-კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის განვითარებისთვის ტექნიკური დახმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად გამოყო. აღნიშნული ტექნიკური დახმარების ფარგლებში დაფინანსებული პროექტი 2015 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო.