მთავარი » ეკონომიკა » მარნეულში სოფლის მეურნეობის ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტებით აღიჭურვა
მარნეულში სოფლის მეურნეობის ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტებით აღიჭურვა
13:42 | 28 აპრილი, 2016

მარნეულში სოფლის მეურნეობის ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტებით აღიჭურვა

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 11 ლაბორატორიის შენობა განახლდა და საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღიჭურვა. მარნეულის ლაბორატორია წარმოადგენს ბოლო ობიექტს, სადაც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ აღდგენა-აღჭურვის სამუშაოები განახორციელა. აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2006 წელს ლაბორატორიის ნაწილი გარემონტდა და თანამედროვე აპარატურით განახლდა, ხოლო 2015 წელს აშენდა ახალი შენობა და აღიჭურვა თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რის შედეგადაც, ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მეორე დონის შესაბამისი გახდა. მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიაში დანერგილია ISO 9001-2008 ხარისხის მართვის სისტემა. პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაში დიდი წვლილი შეიტანა ბიოუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულმა სისტემატურმა სწავლებებმა. 2016 წლის თებერვალში, საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს (ANAB) მიერ მარნეულის ლაბორატორიას ISO 17025 სტანდარტზე მიენიჭა აკრედიტაცია, რაც საერთაშორისოდ აღიარებულს ხდის ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს. საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, ქვემო ქართლი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია. წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანი დარგი მეცხოველეობაა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ცხოველების ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი. ლაბორატორიაში განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეული ცხოველთა დაავადებების, ასევე ბრუცელოზის, ჯილეხის, მასტიტის, ნიუკასლისა და სხვა დაავადებების დიაგნოსტიკა ხორციელდება. 2016 წლის I კვარტალში ლაბორატორიამ 24 933 ნიმუში გამოიკვლია. ლაბორატორია ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტს (მარნეული, წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, ბოლნისი, გარდაბანი და რუსთავი) ემსახურება. ასევე, შესაძლებლობა აქვს სასაზღვრო პუნქტების, კერძოდ, ვახტანგისის, წითელი ხიდის, სადახლოსა და გუგუთის ტერიტორიაზე განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეული ცხოველების დაავდების გავრცელების რისკის მომენტში, ლაბორატორიული კვლევების კომპონენტში მიიღოს მონაწილეობა.