მთავარი » ეკონომიკა » იმედა დვალიძე: ოპონენტები მოსამართლეზე ზეწოლას ყალბი დოკუმენტების გადასაფარად ახდენენ
იმედა დვალიძე: ოპონენტები მოსამართლეზე ზეწოლას ყალბი დოკუმენტების გადასაფარად ახდენენ
15:22 | 28 იანვარი, 2016

იმედა დვალიძე: ოპონენტები მოსამართლეზე ზეწოლას ყალბი დოკუმენტების გადასაფარად ახდენენ

დღეს ხელისუფლება არ ერევა სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. დღეს პროკურატურა სასამართლოს არ აძლევს მესაკუთრეებისთვის ქონების ჩამორთმევის დავალებებს. დღეს, განსხვავებით 2010 წლისაგან, ვანო ჩხარტიშვილის ოპონენტები მოკლებულნი არიან ზემოქმედების ამგვარ ბერკეტებს. ამიტომაც, გასაგებია თუ რატომ გადაინაცვლეს მათ სასამართლო დარბაზებიდან საჯარო სივრცეში და რატომ ცდილობენ უკანონოდ მოპოვებული აქტივების შესანარჩუნებლად სასამართლოს დასანტაჟებას. საქმე კი იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, იურიდიულ ნიუანსებთან წვდომის მიუხედავად, შეუძლია მისი შეფასება. ერთ მხარეს ვართ ჩვენ, რომლებსაც ფოთის ნავმისადგომების იჯარის უფლება უკანონოდ ჩამოგვართვეს და მეორე მხარეს არის სააკაშვილის ფავორიტი ბიზნესმენი, კომპანია „ტრანსფორდის“ მფლობელი სოსო დოლიძე. ერთ მხარეს არის სიმართლე, და მეორე მხარეს არის გამოგონილი მიზეზები და ყალბი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ფოთის საქალაქო სასამართლომ 2010 წელს მოძალადეებს ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესის წართმევის დანაშაულებრივი სქემა დაუკანონა, ხოლო 2015 წელს უარი განგვიცხადა ახალ გარემოებად მიეჩნია ამ სიყალბის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი და განეახლებინა დავა. ერთ მხარეს არის ქართული სამართალი და მოსამართლე, ხოლო მეორე მხარეს, მოძალადე, რომლისთვისაც უკანონოდ მოპოვებული ქონების დაცვისთვის, არც სამართალი არსებობს და არც მოსამართლეზე ზეწოლას ერიდება. სამართლებრივ ნონსენსად წარმოაჩენს მოწინააღმდეგე მხარე საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვას. არადა გაუგონარი სამართლებრივი აბსურდი და წარსულთან შეხვედრის მცდელობაა ფოთის სასამართლოს საეჭვო აქტიურობა თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი საქმე დაექვემდებარებინა. ეს ყოველივე ცნობილია ოპონენტებისთვის, მაგრამ მათთვის ისიც ცხადია, რომ საქმე წაგებულია და ხმაურითა და აჟიოტაჟით ცდილობენ მოსამართლეზე ზეწოლას. ერთ მხარეს არის სამართლიანობის აღდგენის კანონიერი მოთხოვნა და მეორე მხარეს- ცრუ ექსპერტები, რომლებმაც, ნავმისადგომების ამწეების მდგომარეობის შესახებ ისე დაწერეს უარყოფითი დასკვნა ,საქართველოს საზღვარიც კი არ გადმოუკვეთავთ. არადა ეს ყალბი დოკუმენტი გახდა ვანო ჩხარტიშვილის კომპანიებისითვის იჯარის უკანონოდ გაუქმების იურიდიული საფუძველი. რასაკვირველია, სამართლიან სასამართლო პროცესს მოვიგებთ სადაც არ უნდა გაიმართოს იგი: ფოთში, თბილისში, ქუთაისში თუ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში. მოვიგებთ ყველა პროცესს, რომელიც ამ დავას ეხება და არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, რადგან მთავარი დოკუმენტი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, უბრალოდ ყალბია.