მთავარი » ეკონომიკა » აუდიტის სამსახურს 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სახელმწიფო ვალზე შენიშვნები აქვს
აუდიტის სამსახურს 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სახელმწიფო ვალზე შენიშვნები აქვს
11:01 | 26 ოქტომბერი, 2015

აუდიტის სამსახურს 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სახელმწიფო ვალზე შენიშვნები აქვს

სახელმწიფო აუდიტმა, 2016 წლის ბიუჯეტზე ანგარიში მოამზადა.  აუდიტის სამსახურის შეფასებით, ბიუჯეტით წარმოდგენილი ანალიზი ვერ იძლევა სრულყოფილ სურათს მთავრობის ვალის მდგრადობის შესახებ და საჭიროებს დახვეწას, შემდეგი ფაქტორებიდან გამომდინარე:
  • დოკუმენტში წარმოდგენილი არ არის ალტერნატიულ სცენარებში მაკროეკონომიკური შოკის სიდიდის გაანგარიშების სპეციფიკა.
  • ანალიზში წარმოდგენილი არ არის გამოყენებული დაშვებების საფუძვლიანობის არგუმენტირებული დასაბუთება, რაზე დაყრდნობითაც ჩაითვალა, რომ მოცემული დაშვება რეალისტურია და შერჩეული რისკ-ფაქტორები რელევანტურია არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით;
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2016 წლის კანონის პროექტის მიხედვით სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა განისაზღვრა 14,582.5 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2015 წლის დაგეგმილ მაჩვენებელს 802.8 მლნ ლარით (5.8%) აღემატება. "სახელმწიფო ვალის მოცემული საპროგნოზო მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. 2015 წლის ბიუჯეტის კანონში (ცვლილება) წარმოდგენილი მონაცემებით, წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი მშპ-ს 43.7%- ს გაუტოლდება, ხოლო 2016 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით კი ანალოგიური მაჩვენებელი წლის ბოლოს 43.0%-ის ნიშნულზე უნდა დაფიქსირდეს. შედეგად, 2016 წლისათვის მოსალოდნელია ვალის ტვირთის ინდიკატორის (ვალი/მშპ) 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირება, თუმცა საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში კვლავ გადააჭარბებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020"-ით დადგენილ 40%-იან ნიშნულს", - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. 2016 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი არ ითვალისიწნებს ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიას.  როგორც აუდიტის სამსახურში განმარტავენ, აუცილებელია განიმარტოს თუ რამ განაპირობა აღნიშნული ინსტრუმენტის გაუქმება (ან შეჩერება) 2016 წლიდან. "საგარეო ვალდებულებების ზრდის მხრივ 2016 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტი ითვალისწინებს 1,075 მლნ ლარის მობილიზებას ბიუჯეტში საგარეო სესხების სახით. აღნიშნული მაჩვენებელი 49 მლნ ლარით ჩამორჩება მიმდინარე წლისათვის არსებულ გეგმურ მაჩვენებელს. საგარეო წყაროებიდან დაგეგმილი მისაღები ფინანსური რესურსის 63.3% განკუთვნილი იქნება საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად. მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით 2016 წელს იგეგმება დაახლოებით 61 მლნ ლარით მეტი (10%-ით) საინვესტიციო სესხების მობილიზება. კანონპროექტით გათვალისწინებულია 2 ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყება, მაშინ როცა 2015 წლისათვის ინიცირებულ იქნა 7 ახალი საინვესტიციო პროექტი. შედეგად, 2016 წელს ძირითადად განხორციელდება გასულ წლებში დაწყებული პროექტების დაფინანსება. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე საბიუჯეტო წელთან შედარებით რეგიონული განვითარებისა 28 და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნება საგარეო სესხების ათვისების მხრივ 45 მლნ ლარით შემცირდა, დასაფინანსებელი სფეროების მხრივ პრიორიტეტი კვლავ უცვლელი რჩება და გამოყოფილი საკრედიტო რესურსიდან უდიდესი ნაწილი (83%) კვლავ მიმართული იქნება აღნიშნული სამინისტროს ასიგნებებში. დაახლოებით 5 მლნ ლარით მცირდება სოფლის მეურნეობის სფეროში საგარეო საკრედიტო რესურსიდან დასაფინანსებელი პროექტების მოცულობა (განისაზღვრა 25 მლნ ლარის ოდენობით)", - განმარტავენ აუდიტის სამსახურში.