მთავარი » ბიზნესი » იმედა დვალიძე: "საგადასახადო შემოწმების ვადებზე მეტი სიცხადეა საჭირო"
23:46 | 17 მარტი, 2015

იმედა დვალიძე: "საგადასახადო შემოწმების ვადებზე მეტი სიცხადეა საჭირო"

ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძემ და იურისტმა იმედა დვალიძემ დღეს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. როგორც დვალიძე აცხადებს, ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა ბიზნესის საგადასახადო შემოწმებებმა.
მისი თქმით მაკონტროლებელ ორგანოებში საგადასახადო შემოწმებებისადმი დღეს არსებული მიდგომების სისტემური ცვლილება და განახლებაა საჭირო. როგორც იურისტი აცხადებს, საჭირო საგადასახადო შემოწმებების სიხშირის ოპტიმიზაცია და ვადების გონივრულობის ფარგლებში მოქცევა. "კანონმდებლობა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ბიზნესს და მასთან ურთიერთობას, იყო კრიტიკის საგანი ყოფილი ხელისუფლების დროს მიღებული საკანონმდებლო აქტის კუთხით. სამწუხაროდ მოხდა ისე რომ ამ სამი წლის განმავლობაში აღნიშნულ საკანონმდებლო აქტებს რევიზია არ ჩატარებია და ის კრიტიკული შენიშვნები რაც არსებობდა რეალიზებული არ არის შესაბამისი ცვლილებების კუთხით. აღნიშნული ეხება ისეთ კანონს როგორიც არის, გადახდისუნარობის შესახებ კანონი რამაც, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განაპირობა კრიზისულ სიტუაციებში მთელი რიგი ბიზნესების გადარჩენა. იგივეს თქმა შეგვიძლია საგადასახადო კოდექსთან მიმართებაში. ერთია შემოწმებების სიხშირე და მეორეს მხრივ გაურკვეველია ის ვადები რა ვადებშიც სახელმწიფოს შემოწმება შეუძლია. საგადასახადო კუთხით აქტივობა სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლებაა, მაგრამ მეტი სიცხადეა საჭირო ვადებთან დაკავშირებით. როდესაც კონკრეტული საგადასახადო აქტი დგება და იწყება მასთან დაკავშირებით გასაჩივრების პროცესი - მასთან დაკავშირებით ერთი შეხედვით ვადები დადგენილია. მაგრამ ეს ვადები როგორც წესი ირღვევა. კოდექსიდან გამომდინარე ეს ვადები გამოდის 90 დღე, მაგრამ ორჯერ და სამჯერ 90 დღე გადის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სანამ კონკრეტულ პასუხამდე მიხვალ. ამის შემდეგ იწყება გასაჩივრების პროცესი, მაგრამ მოცემული 4 თვის ვადაც არასდროს არ არის დაცული. აღნიშნულს კი მოსამართლეთა არასაკმარისობა განაპირობებს", - იმედა დვალიძე.