მთავარი » ბიზნესი » ექსპერტები ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის არსებულ პრობლემებზე საუბრობენ
ექსპერტები ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის არსებულ პრობლემებზე საუბრობენ
12:49 | 17 მარტი, 2015

ექსპერტები ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის არსებულ პრობლემებზე საუბრობენ

ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძემ და იურისტმა იმედა დვალიძემ ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
კერძოდ, მათ აქცენტი გააკეთეს საგადასახადო შემოწმებების გახშირებაზე და კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევაზე. როგორც ლევან კალანდაძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა ბიზნესის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან გარკვეული პრეტენზიებისა და შენიშვნების ფაქტებმა, საგადასახადო შემოწმებების გახშირებისა და პროცესის ვადების ზრდასთან დაკავშირებით. მისი თქმით ეს პრობლემა განსაკუთრებით შეინიშნება ნავთობპროდუქტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მიმართულებით. "ის მანკიერი პრაქტიკა, რაც წარსულში თან ახლდა საგადასახადო შემოწმებებს საწარმოების დალუქვების და საქმიანობის შეჩერების კუთხით, დღეს მინიმუმამდეა დაყვანილი. თუმცა, ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებისთვის კვლავ აქტიური რჩება თემა შემოწმებების სიხშირესა და შემოწმებების ვადებთან დაკავშირებით. კონკურენციის სააგენტომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის დასრულება და საზოგადოებას წარმოუდგინოს შესაბამისი დასკვნები. მაქსიმალურად გამჭირვალე პირობებში კვლევის განხილვის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს, ნავთობპროდუქტების ფასების ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას", - ლევან კალანდაძე. იურისტის იმედა დვალიძეს განცხადებით, საჭირო დღეს არსებული საგადასახადო მიდგომების სისტემური ცვლილება. მისი თქმით, განსაკუთრებული პრობლემა დგას საგადასახადო შემოწმებების ვადებტან დაკავშირებით. "საფუძველს ისინი ყოველთვის იპოვნიან, რომ ერთსა და იმავე საწარმოში რამდენჯერმე განახორციელონ შემოწმება. შემმოწმებელი, იმისთვის რომ არ გაჩნდეს კორუფციული ეჭვები, ის ცდილობს არ არსებულიც შექმნას, რასაც ხშირად ყადაღები და სასამართლოში გასაჩივრებები მოჰყვება. ეს პროცესი მოითხოვს თანხებს და რაც მთავარია იწელება დროში“, - იმედა დვალიძე. როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, დღეს ბიზნესი ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაციისთვის მზად არის - როგორც საგადასახადო ორგანოებთან, ასევე კონკურენციის სააგენტოსთან და ბიზნეს ომბუცმენის აპარატთან.