მთავარი » ბიზნესი » სამგორისა და გლდანის რაიონების ფინანსური დარღვევები – აუდიტის დასკვნა მერიაზე
სამგორისა და გლდანის რაიონების ფინანსური დარღვევები – აუდიტის დასკვნა მერიაზე
17:49 | 7 ოქტომბერი, 2015

სამგორისა და გლდანის რაიონების ფინანსური დარღვევები – აუდიტის დასკვნა მერიაზე

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასაჯაროვებს გლდანისა და სამგორის რაიონული გამგეობების 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ მნიშვნელოვან დარღვევა-ნაკლოვანებებს.

"სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ხარვეზები ამხანაგობების მეშვეობით ქალაქ თბილისის ახალშემოერთებულ სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებში. წყალმომარაგების ქსელის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადა შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა". ამხანაგობებმა სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება გააფორმა იმავე კომპანიასთან. საერთო სახელშეკრულებო ღირებულებამ სამგორში შეადგინა 6907.2 ათასი ლარი, ხოლო გლდანში - 5595.0 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ შემსრულებელ კომპანიას ავანსის სახით ჩაერიცხა სამგორის რაიონში - 2736.3 ათასი ლარი, ხოლო გლდანის რაიონში - 2238.0 ათასი ლარი. დოკუმენტაციის შესწავლით იკვეთება რიგი უზუსტობები, კერძოდ:
  • ფარული სამუშაოების მოცულობები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობებთან შედარებით, ხოლო ფარული სამუშაოების აქტები არ არის შედგენილი;
  • ხარჯთაღრიცხვა შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" თავად მოამზადა, მიუხედავად ამისა, შესრულებულია 600 ათას ლარზე მეტი ღირებულების ისეთი სამუშაოები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვებით;
  • არსებობს მაღალი რისკი, რომ თავდაპირველად გაფორმებულ ხელშეკრულებებში ერთეულის ფასები გაზრდილი ღირებულებით იყო გათვალისწინებული და შემდეგ ანაზღაურებული. აღნიშნულ რისკს ამყარებს სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" დასკვნა, რაც გულისხმობდა სამუშაოების ღირებულების დათვლას ფაქტიური დანახარჯების მიხედვით. დასკვნის შედეგად ერთეულის ფასებში გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობები;
  • მიმწოდებელს 2014 წლის 9 ივნისს წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტით ანაზღაურებული თანხიდან 75.6 ათასი ლარი ჩაერიცხა ისე, რომ სამუშაოების დასახელებები ფორმა N2-ში არ იყო მითითებული (გლდანის რაიონი).
  • ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობები მნიშვნელოვნად განსხვავდება შესრულებული სამუშაოს აქტებში დაფიქსირებული მოცულობებისგან; მაგალითად, აუდიტის ჯგუფის მიერ სამუშაოების ადგილზე შემოწმებით და ამხანაგობების თავმჯდომარეების ახსნა-განმარტებების საფუძველზე გამოვლინდა, რომ შეუსრულებელია ფორმა №2-ში დაფიქსირებული ასფალტობეტონის საფარის აყრის სამუშაოების ნაწილი. (სამგორის რაიონში 20.2 ათასი ლარი);
  • შესრულებული სამუშაოების ნაზარდ ჯამში (ფორმა N3) წარმოდგენილი მოცულობები განსხვავდება ფორმა N2-ში წარმოდგენილი ნაკრები მოცულობებისგან.
  • შესრულებული სამუშაოების აქტები შეიცავს სხვა უზუსტობებსაც.
2015 წლის 3 ივნისს შემსრულებლის დაკვეთით, სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ ჩაატარა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომელიც შეეხო შესრულებული სამუშაოს აქტებისა და ფაქტობრივად გაწეული დანახარჯების შესაბამისობას. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გამგეობების მიერ გადახდილ თანხებსა და ფაქტობრივ დანახარჯებს შორის სხვაობამ შეადგინა 3.784 მილიონი ლარი. აუდიტის პერიოდში მიმწოდებლის მიერ საბიუჯეტო ანგარიშზე დაბრუნებულია 3.672 მილიონი ლარი. აღსანიშნავია, რომ საექსპერტო გამოკვლევები არ შეხებია შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ექსპერტი დაეყრდნო შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (ანუ სამუშაოების შემსრულებლის) გენერალური დირექტორის წერილს, რომლითაც ის აცხადებდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოცულობები სრულად იყო შესრულებული. აგრეთვე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, თანხით 904.2 ათასი ლარი ფორმა №2-ში მოცემულია გაუშიფრავი სახით. შედეგად, ექსპერტიზის მიერ ვერ მოხდა ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული 904.2 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების პირდაპირი დანახარჯების შემოწმება, შესაბამისი დოკუმენტაციის არ/ვერ წარმოდგენის გამო. საექსპეტო დასკვნით, მანქანა მექანიზმებზე დაანგარიშება ვერ განხორციელდა ფაქტიური დანახარჯების მიხედვით. ღირებულება გამოყვანილი იქნა სამშენებლო რესურსებზე არსებული სტატისტიკური ფასებით. ზემოთ მოყვანილ გარემოებებზე დაყრდნობით, უკვე გამოვლენილი და ექპერტიზით დადასრურებული სხვაობების გარდა, წყალმომარაგების სისტემის სრული ექსპერტიზის შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს დამატებითი სხვაობები. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 20 მაისს სამგორის რაიონში ამხანაგობა "დიდი ლილოს“ თავმჯდომარესა და მიმწოდებელ კომპანიას შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, თანხით 538.1 ათასი ლარი. ამხანაგობის თავმჯდომარის წერილობითი განმარტებით, დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. აუდიტის ჯგუფის მანდატიდან გამომდინარე (რადგანაც დამკვეთი არის ამხანაგობა, ხოლო შემსრულებელი - კერძო კომპანია.), სრული სურათის დასადგენად, ხელი არ მიგვიწვდება კერძო სამართლის სუბიექტების პირველად დოკუმენტაციაზე. თემის მნიშვნელობიდან და წინასწარი შედეგებიდან გამომდინარე, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას შესაბამისი ორგანოების მიერ. გარდა აღნიშნული შესყიდვისა, არსებობს მაღალი რისკი, რომ 2014 წელს სამგორის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ითვალისწინებდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ღირებულებით - 431.8 ათასი ლარი, ასევე ადგილი ჰქონდა პრეტენდენტების მიერ აფიდავიტის მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, ტენდერზე ყველაზე დაბალი ფასი - 302.5 ათასი ლარი წარმოადგინა შპს „არსაკიძე-2000“-მა. აღნიშნულმა კომპანიამ გამარჯვების შემდეგ უარი განაცხადა სატენდერო წინადადებაზე და მოხდა მისი დისკვალიფიკაცია. შემდეგმა პრეტენდენტმა, - შპს "კომფორტ მშენმა" არ დააზუსტა სატენდერო დოკუმენტაცია, რის გამო ასევე მიიღო დისკვალიფიკაცია. გამარჯვება მიეკუთვნა შემდეგი ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ კომპანიას შპს „სატრანსპორტო საამშენებლო კომპანიას“, ღირებულებით - 325.4 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ შპს „სატრანსპორტო საამშენებლო კომპანიამ“ სამი სარეაბილიტაციო ქუჩიდან ორის შესრულებაზე, ქვეკონტრაქტორად აიყვანა შპს „არსაკიძე 2000“.", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.