მთავარი » ბიზნესი » კონკურენციის სააგენტო გამგეობებს სახელმწიფო შესყიდვებისას კანონმდებლობის დაცვას სთხოვს
კონკურენციის სააგენტო გამგეობებს სახელმწიფო შესყიდვებისას კანონმდებლობის დაცვას სთხოვს
11:47 | 7 აგვისტო, 2015

კონკურენციის სააგენტო გამგეობებს სახელმწიფო შესყიდვებისას კანონმდებლობის დაცვას სთხოვს

2015 წლის 4 მარტს სსიპ - კონკურენციის სააგენტოში წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, შპს „ინტერტექნიკსი“ (ს/ნ 206211348) (შემდგომში - განმცხადებელი) მიუთითებდა სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. კერძოდ, განმცხადებლის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის 3 თებერვალს გამოცხადებული ტენდერი (SPA 150003523), აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის 6 თებერვალს გამოცხადებული ტენდერი (SPA 150004029) და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის 11 თებერვალს გამოცხადებული ტენდერი (SPA 150004504) ითვალისწინებდა მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანების შეძენას. აღნიშნული ტენდერების პირობების თანახმად, ტექნიკის მწარმოებელი ასევე უნდა ყოფილიყო ტექნიკის ძრავისა და გადაცემათა კოლოფის მწარმოებელიც. განმცხადებლის აზრით, აღნიშნული პირობა არაკონკურენტულ გარემოს უქმნის ტენდერში მონაწილე სხვა ეკონომიკურ აგენტებს. ამასთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან სააგენტოში გადმოიგზავნა მოქალაქე თეიმურაზ შარვაშიძის წერილი, რომელიც ასევე შეეხებოდა სპეცტექნიკის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებს. გარდა ზემოხსენებული ტენდერებისა, წერილში ასევე ყურადღება გამახვილებულია, ააიპ „თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახური“-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე (SPA 150004121). გარდა ძრავასთან და გადაცემათა კოლოფთან დაკავშირებული სატენდერო პირობისა, სააგენტომ დამატებით გამოკვეთა რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომელიც თავს იჩენდა აღნიშნულ სატენდერო პირობებში. კერძოდ, ეს პირობები ეხებოდა პრეტენდეტთათვის სავალდებულო გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში (10-დან 20 ერთეულამდე მსგავსი ტექნიკის მიწოდების გამოცდილება სხვა და სხვა ტენდერში), სერვისცენტრების რაოდენობასთან დაკავშირებულ პირობებს და კვალიფიკაციის დასადასტურებლად მოთხოვნილ ბრუნვის მოცულობას (3 მლნ. ლარი). მოკვლევის პროცესში, შესაბამის ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლის მიზნით, სააგენტომ დაამუშავა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მონაცემები სპეცტექნიკის იმპორტიორი კომპანიების, მათ მიერ იმპორტირებული ტექნიკის ოდენობისა და ფასების შესახებ. შესაბამისად, გამოკვეთა ამ ბაზარზე მოქმედ პირთა წრე, რომელთაგანაც გამოთხოვილ იქნა მოკვლევისათვის აუცილებელი ინფორმაცია, ასევე, მოსაზრებები მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ დადგენილი სატენდერო პირობების რელევანტურობასთან მიმართებაში. განხორციელდა მიმოწერა და შედგა საკონსულტაციო შეხვედრები დარგის ექსპერტებთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. მოკვლევის ჯგუფმა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განიხილა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტთან მიმართებით, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვას, რაც შეიძლება გამოიხატოს ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში. შესაბამისი ბაზარი სააგენტოს განმარტებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული ყოველი ტენდერის შემთხვევაში იქმნება ცალკე შესაბამისი ბაზარი, რომელსაც გააჩნია შესვლის ცალკე ბარიერები, მასზე მოქმედი და პოტენციური სუბიექტები და მოცულობა (რომელიც განისაზღვრება შესასყიდი ობიექტის შესაბამისად). აღნიშნულის გათვალისწინებით სააგენტო განიხილავს განმცხადებლის მხრიდან სადავოდ გამხდარ თითოეულ ტენდერს ცალ-ცალკე. დარღვევა მოკვლევის პერიოდში დამუშავებული ინფორმაციის და მიღებული კონსულტაციების საფუძველზე, კონკურენციის სააგენტო მიიჩნევს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციების წინაშე მდგარი საჭიროებებისა და მიზნების მისაღწევად (ხარისხიანი და გამძლე პროდუქციის შესყიდვა) არარელევანტურია ძრავისა ან/და გადაცემათა კოლოფის მწარმოებელთან დაკავშირებული მოთხოვნა. ასევე, გონივრულობის ფარგლებში და კონკურენციის დაცვის პრინციპებთან თანხვედრაში არ არის გამოცდილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ბარიერი 20 ერთეული ტექნიკის მიწოდების გამოცდილებისა და 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ოდენობის ბრუნვის მოთხოვნის შესახებ. აღნიშნულმა გამოიწვია კონკურენციისა და თავისუფალი ფასწარმოქმნის შეზღუდვა შესაბამის ბაზარზე. სააგენტო მიუთითებს, რომ აშკარაა თავისუფალი ფასწარმოქმნის შეზღუდვა, რაზეც მეტყველებს ის გარემოება, რომ როგორც აბაშის, ასევე ხაშურისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვა ერთმა და იმავე კომპანიამ, გამოცხადებული სავარაუდო შესყიდვის ფასით, ერთ შემთხვევაში - 156 000, მეორე შემთხვევაში - 170 000, ხოლო მესამე შემთხვევაში - 180 000 ლარით. მაშინ როცა ვაჭრობის სამივე რაუნდის განმავლობაში გამარჯვებულ კომპანიაზე ნაკლები შეთავაზებები ჰქონდა გაკეთებული სხვა პრეტენდენტებს, გამარჯვებულ კომპანიას არ დაუფიქსირებია არცერთი ბიჯით ნაკლები შეთავაზება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული კომპანიისთვის პრაქტიკულად არ არსებობდა კონკურენციული წნეხი, ვინაიდან იგი წარმოადგენდა პრეტენდენტთა იმ უმცირეს ნაწილს, რომელიც სრულად აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციას. რაც შეეხება ა(ა)იპ ,,თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერს გზის გრეიდერის შესყიდვასთან დაკავშირებით, იგივე შედეგი ამ შეთხვევაშიც დადგა, რაზეც მიუთითებს ერთადერთი კომპანიის მონაწილეობა ტენდერში, რომელიც გახდა გამარჯვებულიც. "ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მიიჩნევს, რომ განხილულ ტენდერებში შემსყიდველი ორგანიზაციების, კერძოდ - აბაშის, ასპინძის და ხაშურის მუნიციპალიტეტების გამგეობების მხრიდან ადგილი ჰქონდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის დარღვევას. რაც შეეხება ა(ა)იპ ,,თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერს, სააგენტო ამ შემთხვევაშიც მიიჩნევს, რომ არ არის დაცული კონკურენციის კანონმდებლობის პრინციპები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული უწყება არ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აბაშის, ასპინძის და ხაშურის მუნიციპალიტეტების გამგეობებს დაევალათ მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანების, ასევე სხვა მსგავსი ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვის დროს კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა და შესაბამისი ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება. ხოლო თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეთხოვა, რომ განახორციელოს კანონით ნებადართული ღონისძიებები, რათა სააგენტოს გადაწყვეტილების აღსრულება უზრუნველყონ ასევე მის მიერ დაფუძნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმაც, რომლებიც ხელმძღვანელობენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, სააგენტომ, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მთავრობას, სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს წარუდგინა განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები შესაბამის ბაზარზე თანაბარკონკურენტული გარემოს დამკვიდრების მიზნით", - განმარტავენ კონკურენციის სააგენტოში.