მთავარი » ბიზნესი » საქართველოში ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორია ამოქმედდება
საქართველოში ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორია ამოქმედდება
12:13 | 10 ივლისი, 2015

საქართველოში ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორია ამოქმედდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წყლის რესურსების მართვის ქართულ-ავსტრიულ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში, ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორია ამოქმედდება. პროექტის თაობაზე თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ავსტრიის მთავრობას შორის მიმდინარეობდა. შესაბამისად, ლაბორატორიის შექმნასა და აღჭურვაში ქართულ მხარეს დახმარებას ავსტრიის მთავრობის მიერ შერჩეული ავსტრიული კომპანია Bilfinger VAM Anlagentechnik GmbH გაუწევს, რომელსაც განათლების სამინისტროს ცნობით, ანალოგიური პროექტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს განხორციელებული. პროექტის მიზნები და ამოცანები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა დღეს, ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს; ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს; ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურესების დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს გააცნეს. როგორც ცნობილია, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ეფექტური ათვისება, ინფრასტუქტურული პროექტები და სოფლის მეურნეობის ეფექტური განვითარება მეცნიერულად დასაბუთებულ, მაღალპროფესიულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. სწორედ ამ მიზნით, ამოქმედდება ლაბორატორია, რომლის საქმიანობა როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, მსოფლიო გამოცდილებაზე, უახლეს მეცნიერულ მიღწევებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკზე იქნება დაფუძნებული. გამოყენებული იქნება თანამედროვე გამოთვლითი სიმულიაციური მეთოდები, ფიზიკური მოდელირება და ნატურული დაკვირვებები. ლაბორატორიაში სამუშაოდ მოწვეულნი იქნებიან სპეციალისტები ავსტრიიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდან. ლაბარატორია აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებითა და აპარატურით. მას ექნება 3 გამოკვეთილი ფუნქცია: სწავლება, კვლევები და საკონსულტაციო მომსახურება. სწავლება მოხდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ლაბორატორია იმუშავებს წყლის რესურსების მართვის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე, ჰიდროტექნიკური და ინფრასტრუქტურული ნაგებობებით გარემოზე ზემოქმედების რისკებისა და მოსალოდნელი შედეგების შესწავლა და ანალიზზე. მათი თავიდან აცილებისა და მართვის მეცნიერული საფუძვლების შექმნაზე. გარდა ამისა, ლაბორატორია პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე, აღნიშნული სფეროებით დაინტერესებულ ინვესტორებს საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს.