მთავარი » ბიზნესი » მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიის შემუშავება წლის ბოლოს დასრულდება
მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიის შემუშავება წლის ბოლოს დასრულდება
13:46 | 24 ივნისი, 2015

მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიის შემუშავება წლის ბოლოს დასრულდება

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია, რომელიც 2016 – 2020 წლებზეა გათვლილი,შესაბამის სამოქმედო გეგმასთან ერთად მუშავდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან(OECD) მჭიდრო თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, სტრატეგია მოიცავს რამდენიმე ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას და მათი განხორციელების შესაბამის ღონისძიებებს. მათ შორისაა ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა, კონკურენტული ადამიანური რესურსების განვითარება, მცირე და საშუალო საწარმოების  ინტერნაციონალიზაცია, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ინოვაციებისა და კვლევების ხელშეწყობა. სტრატეგიაში გათვალისწინებული იქნება ევროპული მცირე ბიზნესის აქტის ძირითადი პრინციპები დაევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის კუთხით. სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება დასრულდება 2015 წლის ბოლოსთვის. სტრატეგიის შემუშავება მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელება ხელს შეუწყობს მცირედა საშუალო ბიზნესის განვითარებას, ზრდას და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც დასაქმების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ასევე,ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებისთვის", -აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში. მიმდინარე წლის ნოემბერში, სტრატეგია განხილულ იქნება OECD-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ევრაზიის კვირეული“.