მთავარი » ტექნოლოგია » კომაროვის სკოლის მოსწავლეები ინოვაციურ პროდუქტებს და პროექტებს შექმნიან
კომაროვის სკოლის მოსწავლეები ინოვაციურ პროდუქტებს და პროექტებს შექმნიან
17:02 | 23 ივნისი, 2015

კომაროვის სკოლის მოსწავლეები ინოვაციურ პროდუქტებს და პროექტებს შექმნიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯარო სკოლასა და კომპანია "პოტერსს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე მხარეები ინოვაციების ლაბორატორიას შექმნიან. დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ქაშიბაძემ, კომპანია "Potters Digital Agency"-ს დირექტორმა დავით ხოსროშვილმა და ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯარო სკოლის დირექტორმა ივანე კვიტაშვილმა მოაწერეს. ლაბორატორიის მიზანია ადრეულ ეტაპზე მოამზადოს პრაქტიკული ცოდნის მქონე მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელების პარალელურად შეძლებენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებას, ან საკუთარი მაღალტექნოლოგიური ბიზნეს საქმიანობის დაწყებას. ინოვაციების ლაბორატორია წარმოადგენს პროექტს, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში კომპანიისა და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლობას ითვალისწინებს. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მოსწავლეები კი მათი გამოყენებით მუშაობენ ახალი, ინოვაციური პროექტების შექმნასა და განვითარებაზე. ლაბორატორიის პარტნიორი კომპანია კი სასწავლო პროცესებს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ამოცანებით უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯარო სკოლა უახლესი დანადგარებით აღიჭურვება. ლაბორატორია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების და პროექტების შემუშავებას. ლაბორატორია იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ● ინოვაციური მობილური აპლიკაციები ● სმარტ საათების და სხვადასხვა "ტარებადი" მოწყობილობებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა ● Internet of Things გარდა ამისა, მხარეთა შეთანხმებით ლაბორატორიის ბაზაზე გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, სემინარები, მასტერკლასები, ტრენინგები და ახალგაზრდული კონკურსები, მათ შორის ე.წ. ჰაკათონები.