II კვარტალში, საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 13%-ით გაიზარდა

12

2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 2.2 მილიონი შემოსვლა, რაც 13.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.9 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13 პროცენტით არის გაზრდილი.

2019 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.5 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 13.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 66.2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების5 წილმა 27.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2019 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 378.2 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 24.9 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 36.8 პროცენტიან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (23.1 პროცენტი) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 37.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 46.2 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40 პროცენტს შეადგენდა.

2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 46.6 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 1 069.3 ათასი და 516.7 ათასი ვიზიტი.

2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.9 ღამე შეადგინა, რაც 2018 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.6 ღამე) 9.1 პროცენტით მეტია.

განხორციელებული ვიზიტების 70 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2019 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას კმაყოფილების დონის მიხედვით.

2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 24.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის II კვარტალთან შედარებით 10.3 პროცენტით გაიზარდა და 1 261.6 ლარი შეადგინა.

Comments
Loading...