II კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 368.5 მლნ დოლარი შეადგინა

28

2018 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 368.5 მლნ აშშ დოლარი (901.4 მლნ ლარი, მეორე კვარტალის მშპ-ს 8.9 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება, რომლის უარყოფითი სალდო 2018 წლის მეორე კვარტალში წლიურად 20.6 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 28.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 24.5 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2018 წლის მეორე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 19.6 პროცენტით, ხოლო იმპორტი 18.5 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 28.6 პროცენტით გაიზარდა და მეორე კვარტალში 810.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 10.0 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის მეორე კვარტალში 383.2 მლნ აშშ დოლარი (937.2 მლნ ლარი) შეადგინა. ამ პერიოდში კერძო სექტორის ტრანსფერები გაზრდილი იყო, ხოლო სამთავრობო – შემცირებული.

Comments
Loading...